რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიას საქმეზე მთავარი მოწმე ზურაბ არსოშვილი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა და ქვეყნიდან გაიქცა. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილმა გამოაქვეყნა.
"თელასის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ზურაბ არსოშვილის უცხოეთში გამგზავრების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას "ყველა სიახლე" მის საახლობლო წრესთან შეეცადა და აღმოჩნდა, რომ არსოშვილი უცხოეთში მართლაც გამგზავრებულა. ინფორმაცია ზურაბ არსოშვილის უცხოეთში გაქცევის შესახებ რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა, როცა მას სამართალდამცავები "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე გადარიცხული ასეულობით ათასი ლარის გადარიცხვის გამო ედავებოდნენ და ამ ფინანსური მაქინაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სწორედ "ყველა სიახლეში" გამოქვეყნდა. მაშინ ზურაბ არსოშვილს "თელასიდან" გათავისუფლებული თანამშრომლები დაუპირისპირდნენ და პროკურატურაში უჩივლეს. არსოშვილი საზღვარგარეთ წავიდა, მაგრამ შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკავების შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა. ამბობდნენ, რომ არსოშვილი ახალაიას საქმეზე ჩვენებას მისცემსო, მაგრამ იგი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა და ისევ დატოვა ქვეყანა.
"ყველა სიახლე" ბაჩო ახალაიას ადვოკატ გიორგი ონიანს ესაუბრა:
- წავიდა თუ არა არსოშვილი, არ ვიცი, მაგრამ ვადასტურებ, რომ პროკურატურამ მოწმეების ნახევარზე მეტი - 60 მოწმე ვერ მოიყვანა და იძულებული გახდნენ, ეს მოწმეები მოეხსნათ. ფაქტია, რომ 60-მა ადამიანმა შეიკავა თავი, ტყუილი ეთქვა და მოწმედ დადგომოდა პროკურატურას, მათ შორის არსოშვილმაც.
- თქვენი აზრით, ისიც ტყუილს გაექცა, თუ "პროკურატურის მოწმეს" თავად აქვს პრობლემები?
- ჩემი ღრმა რწმენით, იგი გაექცა იმ ზეწოლას, რაც მის მიმართ ხორციელდებოდა.
- არსოშვილი რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა საქართველოში და არსებული ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას საქმეზე მთავარი მოწმე უნდა ყოფილიყო...
- მას არ შევხვედრივარ, მაგრამ საერთო ნაცნობებისგან ვიცი, რომ პროკურატურა ძალიან "აწვებოდა" და დაწერილ ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, 300 კაცი რომ გიჩივის - თელასის თანამშრომლები - მაგას გაგიხსენებთო. მეტი რაღა დარჩენოდა? ჩემი აზრით, მან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
- თუ მთავარი მოწმეები გაიქცნენ, რა ბედი ელის თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ ბაჩო ახალაიას?
- "დიდი ხუხაშვილი" ან "პრინცესა" წულუკიანი თუ არ ჩაერევიან, უნდა გამოუშვან. საქმეში მტკიცებულება არ არსებობს.