ბოლო ხანს აზიისა და აფრიკის განვითარებადი ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, მათი ნაწილი საქართველოს ევროპისკენ ტრანზიტად იყენებს, უფრო დიდი ნაწილი კი აქ დარჩენა-დამკვიდრებას ცდილობს, რის გამოც კონფლიქტებმა იმატა... ამ პრობლემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ზვიად ტომარაძე გვესაუბრება:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოში 4 მილიონ 389 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, აქედან 754 ათასი - ტრანზიტით. აღსანიშნავია, რომ იმ სახელმწიფოებიდან, რომლებთანაც ნაცვალგების, ანუ ორმხრივი უვიზო რეჟიმი გვაქვს, 2 მილიონ 679 870 მოქალაქე შემოვიდა. ეს ქვეყნებია: თურქეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, სომხეთი, უკრაინა და შუა აზიის სამი რესპუბლიკა - ყირგიზეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი. ეს ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გვაქვს გაუქმებული, მილიონ-ნახევარი "ვიზიტორი" შემოდის და ბუნებრივია, არც სავიზო მოსაკრებელს იხდიან. რატომ აქვს საქართველოს ამდენ ქვეყანასთან ცალმხრივი უვიზო რეჟიმი? რატომ არის ასე გამარტივებული ქვეყანაში შემოსვლა? საინტერესოა, რომ ამ მაჩვენებლით პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილზე ვართ. ფინანსური ფაქტორის (ბიუჯეტი, სულ ცოტა, 100 მილიონ ლარს კარგავს) გარდა, მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხი, მით უმეტეს, ბოლო დროს ავღანეთსა თუ თურქეთში განვითარებული მოვლენების ფონზე. ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ და რა მიზნით შემოდის, ეს არც ქვეყნის იმიჯისთვისაა კარგი. ან რაში გვჭირდება ტურისტი, რომელიც 50 დოლარს ვერ გადაიხდის? სააკაშვილის ხელისუფლება ტურისტების რიცხვის ხელოვნურად გასაბერად, ყველას, ვინც ქვეყნის საზღვარს ნებისმიერი მიზნით გადმოკვეთდა, "ვიზიტორს" უწოდებდა.
- ძირითადად რომელი ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში?
- თურქეთიდან, რომელთანაც ნაცვალგების, ორმხრივი უვიზო რეჟიმი გვაქვს, წელიწადში მილიონ სამასი ათასი მოქალაქე შემოდის, აზერბაიჯანიდან - 700 000, სომხეთიდან - 600 000, უკრაინიდან ჩამოსულ და იქ წამსვლელ ტურისტთა რაოდენობა თითქმის თანაბარია. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, შემომსვლელთა შორის ჭარბობენ აშშ-ის, გერმანიის, საბერძნეთის, ეგვიპტის, ჩინეთის, ყაზახეთის, ისრაელის მოქალაქეები. საქმე ის არის, რომ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში 2009 წელს შეტანილი ცვლილებებით, რომელიც დღემდე მოქმედებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩვენს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 90-დან 360 დღემდე გაიზარდა! და ეს მაშინ, როცა ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც უცხო ქვეყნის პასპორტი აქვთ, მხოლოდ 90 დღე შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ ცხოვრება. ასე რომ, უპირატესობა ბოტსვანისა და მალაიზიის მოქალაქეებს ენიჭებათ. საინტერესოა იმ 114 სახელმწიფოს ჩამონათვალი, რომელთანაც ცალმხრივად გვაქვს გაუქმებული სავიზო რეჟიმი და რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ სჭირდებათ: აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები - ბერმუდის, კაიმანის, ფოლკლენდის, ბრიტანეთის ვირჯინიის, კაიკოსის კუნძულები. ასევე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ყატარი, ომანის სასულთნო, ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფო, ბარბადოსი, ანტიგუა და ბარბუდუსი, ტრინიდადისა და ტობაგოს რესპუბლიკა, ბოტსვანის რესპუბლიკა, მალაიზია და ა. შ. სახელმწიფო ვართ თუ "ღია საზოგადოება"? ხომ არ შეიძლება, ქვეყანას მუდმივად "ღია კარის დღე" ჰქონდეს გამოცხადებული? მუზეუმის დასათვალიერებლად შესული ტურისტიც კი იხდის ფულს. ან რა პრინციპით შეირჩა ეს სახელმწიფოები? რა დამსახურების გამო გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი ტაილანდთან თუ ბაჰამის კუნძულებთან, მით უმეტეს, რომ მათ არც კი მიიჩნიეს საჭიროდ საპასუხო ნაბიჯის გადმოდგმა. ცალმხრივი არც სიყვარული ვარგა, არც მეგობრობა და მით უმეტეს - სავიზო რეჟიმი, მათ შორის ისეთ ზესახელმწიფოებთან, როგორიც არის რუსეთი და აშშ. თანაც იმ ფონზე, როცა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან საქართველო პირველ ადგილზეა სხვა სახელმწიფოების ვიზებზე უარის მიღების მაჩვენებლით.
- რა მიგაჩნიათ ამ რთული ვითარებიდან გამოსავლად?
- სანამ დროა, "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, ამდენ სახელმწიფოსთან არსებული ცალმხრივი სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს და სავიზო მოსაკრებელიც აუცილებლად აღდგეს, რის შედეგადაც ბიუჯეტში, სულ ცოტა, 100 მილიონი ლარი შევა. ეს კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიტანეთ. საქართველო მცირერიცხოვანი ქვეყანაა და თავს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რასაც ამერიკელები თუ გერმანელები აძლევენ, თუ ასე გაგრძელდა, 50 წლის შემდეგ საკუთარ ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობად ვიქცევით.