პოლიციელი, რომელმაც გენერალ თამაზაშვილს იარაღი ჩაუდო, ღარიბაშვილს კუდ-ის უფროსად დაანიშნინეს!

პოლიციელი, რომელმაც გენერალ თამაზაშვილს იარაღი ჩაუდო, ღარიბაშვილს კუდ-ის უფროსად დაანიშნინეს!

“ირაკლი ღარიბაშვილს “ნაციონალებიც” ებრძვიან და “ოცნებიდანაც!”

 ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა საათნახევრიანი ფარული ჩანაწერის სკანდალურ დეტალებს ჰყვება

26 მაისს, ღამე, სამართალდამცავებმა შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის, გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავების ოპერაციაში მონაწილე ყოფილი პოლიცილები _ გოჩა ბაღათრიშვილი, გოჩა ჩიტაია, ზაზა ჭაია, გრიგოლ კვინიკაძე, ვლადიმერ გამრეკლიშვილი და გივი გრავჩენკო, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. “დაკავებულებმა 2011 წლის 11 ოქტომბერს, თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით, უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი”, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ ზემოხსენებული პირების დაკავების შემდეგ გაავრცელა. სხვათა შორის, დაკავების წინა დღეს, ყოფილმა პოლიციელებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაგვიბარეს და 24-საათიანი ულტიმატუმი წაგვიყენეს, რომ რომელიმე ჩვენგანმა დანაშაული “ავიღოთ”, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას დაგვიჭერენო. ამასთან, საგანგებო ბრიფინგზე გრიგოლ (გრიშა) კვინიკაძემ აღნიშნა, თამაზაშვილს იარაღი ნამდვილად ჰქონდაო. აი, სწორედ აქ დაუშვა ყოფილმა პოლიციელმა კვინიკაძემ საბედისწერო შეცდომა _ რამდენიმე თვის წინ, მან მედიაკავშირ “ობიექტივის” ჟურნალისტ ნინო ჯღარკავასთან საუბრისას აღიარა, რომ გენერალ თამაზაშვილს, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში დააკავეს, იარაღი ჩაუდეს... ისე, კვინიკაძემ შეიძლება, იცოდა, რომ ჟურნალისტმა ფარული ჩანაწერი გააკეთა. ყოველ შემთხვევაში, ნინო ჯღარკავა, რომელიც წლებია, გენერალ თამაზაშვილთან მეგობრობს, “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ამბობს, რომ ფარული ჩანაწერით შოკი კვინიკაძემ კი არა, უფრო მისმა მეგობრებმა მიიღეს... მაშ ასე, ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა “ქართულ სიტყვას” საათნახევრიანი ფარული ჩანაწერის სკანდალურ დეტალებს უმხელს.

ნინო ჯღარკავა: _ ვანო, მართალია, ხელისუფლება შეიცვალა და ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრი გახდა, მაგრამ ამას თამაზ თამაზაშვილის საქმეზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია _ არჩევნებიდან შვიდი თვე გავიდა და, პრაქტიკულად, ორი ადამიანიც არ იყო დაკითხული...

2013 წლის 22 თებერვალს ყოფილი პოლიციელი გრიშა კვინიკაძე დამიკავშირდა, რომელიც თამაზაშვილის საქმეში ფიგურირებს და, ასევე, ვაზაგაშვილის საქმის გამომძიებელი იყო.

_ კვინიკაძე თამაზაშვილის საქმეში რა კუთხით ფიგურირებს?

_ თამაზაშვილი, დაკავების შემდეგ, მის კაბინეტში მიიყვანეს და ამას კვინიკაძე ფარულ ჩანაწერშიც აღიარებს.

_ კვინიკაძე რა მოტივით დაგიკავშირდა?

_ უნდოდა, თამაზაშვილს შერიგებოდა.

_ ანუ, შეეშინდა, რომ დაიჭერდნენ?

_ ალბათ...

_ კვინიკაძეს ადრეც იცნობდი?

_ შორიდან _ ჯერ ერთი, ჩემი ძმა მოქმედი პოლიციელია, მეორეც, წლების განმავლობაში, “პირველ არხზე” კრიმინალური ხაზით ვმუშაობდი და თითქმის ყველა პოლიციელს, რომელიც თამაზაშვილის საქმეში ფიგურირებს, გოჩა ბაღათრიშვილის გარდა, კარგად ვიცნობ, მათ შორის, ზაზა ჭაიასაც. კვინიკაძემ ისიც იცოდა, რომ წლებია, თამაზ თამაზაშვილთან ვმეგობრობ. სხვათა შორის, როცა თამაზი დაკავებული იყო, ერთადერთი ჟურნალისტი ვიყავი, რომელიც მასზე განხორციელებულ დარტყმებს ვპასუხობდი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თამაზმა მითხრა, საკანში “ობიექტივს” ვუსმენდი და შენი ხმის გაგონება იმედს მაძლევდა და ამან გამაძლებინაო.

მოკლედ, კვინიკაძეს შევხვდი. მართალია, როგორც ჟურნალისტს, ფარული ჩანაწერი არასოდეს გამიკეთებია, მაგრამ მაშინ რატომღაც გადავწყვიტე, რომ ჩვენი საუბარი ჩამეწერა.

_ იქნებ, კვინიკაძე რამეს გიწყობდა? ამაზე არ გიფიქრია?

_ არა.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ვიდრე კვინიკაძე შეხვედრას მთხოვდა, ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, ხმა მომივიდა, ბიჭები მომხდარს ძალიან განიცდიან, ნერვიულობენ და იქნებ, დაელაპარაკოო...

_ კვინიკაძეს სად შეხვდი?

_ ჩემი მეგობრის ოფისში, რადგან არ მინდოდა, “ობიექტივში” შევხვედროდი...

_ კვინიკაძე შეხვედრაზე მარტო მოვიდა?

_ კი, თუმცა მანქანაში ვიღაცები ელოდებოდნენ... სხვათა შორის, მინდოდა, კვინიკაძე გადაცემაში მიმეწვია...

_ საუბარს შენი მეგობარიც ესწრებოდა?

_ დიახ...

_ ყოფილმა პოლიციელმა იცოდა, რომ საუბარს იწერდი?

_ არა, თუმცა არც მე ვგეგმავდი, რომ ეს ჩანაწერი სხვა მიმართულებით გამომეყენებინა...

კვინიკაძემ მითხრა, ძალიან მრცხვენია და ჩემი ბიჭებიც ტყუილად იწირებიანო...

_ დაკავებამდე, კვინიკაძე თამაზაშვილს იცნობდა?

_ არა, თუმცა ცხადია, იცოდა, რომ არსებობდა გენერალი თამაზაშვილი...

_ თამაზაშვილი რომ დააკავეს, კვინიკაძეს რა თანამდებობა ეკავა?

_ პოლიციის თბილისის სამმართველოში დეტექტივების განყოფილების უფროსი იყო... მოკლედ, ჩანაწერში კვინიკაძე ამბობს, ვალდებული ვარ, ჩემი ბიჭები, ანუ “ოპერები” დავიცვა და ამიტომ, ყველაფერი უნდა ვთქვაო. კვინიკაძეს ვკითხე, თამაზაშვილს ჟანგიანი ავტომატი ხომ ნამდვილად ჩაუდეთ-მეთქი.

_ რა გიპასუხა?

_ წინა ღამეს მორიგე ვიყავი, შინ დაღლილი მივედი და დავიძინე. ამ დროს დამირეკეს და მითხრეს, ადამიანი დავაკავეთ და ბიჭები დაგვახმარეო. არ მიკითხავს, თუ ვინ იყო დაკავებული და ბიჭები ისე გავაგზავნე. დილით ისევ დამირეკეს და მითხრეს, სად ხარ, დაკავებაზე პატაკია დასაწერიო. აი, სწორედ აქედან ჩანს, რომ თამაზაშვილის დაკავების ოქმი დაკავებისთანავე კი არა, მერე შეადგინეს... საერთოდ, ამ ფარულ ჩანაწერში ასეთი ბევრი ნიუანსია... როგორც კვინიკაძე ამბობს, სამსახურში მისულს, დერეფანში, ხელბორკილდადებული თამაზაშვილი დახვდა. კვინიკაძის თქმით, თამაზაშვილი კაბინეტში შეიყვანა და შესთავაზა, ჩაის, ან ყავას ხომ არ დალევდა. დარწმუნებული ვარ, ყავაში, ან ჩაიში ნარკოტიკული ნივთიერება იქნებოდა ჩაყრილი. ამიტომ, კვინიკაძეს ვკითხე, თამაზაშვილმა დალია-მეთქი. არაო, მიპასუხა. ჩანაწერში ჩემი ხმა ისმის _ გენერალია და, რა თქმა უნდა, არ დალევდა-მეთქი... კვინიკაძემ თამაზაშვილს ჩაი, ან ყავა იმიტომ შესთავაზა, რომ თუ ჟანგიანი ავტომატის ვერსია არ გამართლდებოდა, ნარკოტიკი “ამოვარდებოდა”...

_ ციხიდან გამოსულ თამაზ თამაზაშვილს თუ ჰკითხე, ჩაი, ან ყავა ამ მოტივით არ დალია თუ რამე სხვა მოსაზრებით?

_ შეიძლება, რიგით მოქალაქეს შეეშალოს, მაგრამ პოლიციის გენერალმა, რა თქმა უნდა, იცის, რომ პოლიციის განყოფილებაში არაფერი უნდა დალიოს..

სხვათა შორის, ჩანაწერში კვინიკაძე ამბობს, იარაღი ვაკის კუდ-ის თანამშრომლებმა მიიტანეს, თამაზაშვილის ავტომანქანის საბარგულში კი, ერთ-ერთი რაიონის კუდ-ის დღევანდელმა უფროსმა ჩადოო.

_ ამ პიროვნების ვინაობას არ ასახელებს?

_ არა.

_ ადამიანი, რომელმაც თამაზ თამაზაშვილს ავტომატი ჩაუდო, თბილისის ერთ-ერთი რაიონის კუდ-ის უფროსად ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა?

_ საერთოდ, შსს-ში საქმე მთლად კარგად არ არის...

_ რას გულისხმობ?

_ სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებიც ახალ ხელისუფლებას საბოტაჟს უწყობენ. ამიტომ, არაა გამორიცხული რომ ეს პიროვნება ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი რაიონის კუდ-ის უფროსად დაანიშნინეს, თუმცა ირაკლიმ ამის შესახებ არაფერი იცოდა...

ამ ჩანაწერში კვინიკაძე ბაღათრიშვილსა და ჭაიასაც ახსენებს, რომლებიც უკვე დაკავებულნი არიან.

_ გრიშა კვინიკაძეც ხომ დაკავებულია?

_ დიახ...

_ ფარული ჩანაწერის, როგორც იტყვიან, ქრონომეტრაჟი რამდენია?

_ საათი და 35 წუთი... სხვათა შორის, კვინიკაძე ვაზაგაშვილის თემაზეც ლაპარაკობს და იმასაც ამბობს, ბაღათრიშვილი ციხის უფროსი რომ იყო, დამიძახა და მითხრა, იარაღი ჩვენ არ ჩაგვიდვიაო და მივხვდი, უნდოდათ, ხელი ჩემზე და ჩემს გუნდზე შეეწმინდათო, ანუ კვინიკაძე მიხვდა, რომ გაწირეს და ჩემთან მოსვლა ამიტომ გადაწყვიტა.

_ გოჩა ბაღათრიშვილი ციხის უფროსი როდის იყო?

_ პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სოზარ სუბარმა დანიშნა და ამაზე “ობიექტივის” ეთერით ერთი ამბავი ავტეხე. სხვათა შორის, თამაზ თამაზაშვილმა ბაღათრიშვილი ამოიცნო...

_ სუბარმა ბაღათრიშვილი ციხის უფროსად რატომ დანიშნა?

_ ამაზე ჩემი მოსაზრება მაქვს... საერთოდ, თუ ვინმე “ზონდერად” ითვლებოდა, თუნდაც მირზა სუბელიანი, სუბარმა სასჯელაღსრულების სამინისტროში დაასაქმა. ისე, სუბარი არ აღიარებს, რომ მირზა სუბელიანი მისი ბიძაშვილია, მაგრამ თავის დროზე სუბარიც სუბელიანი იყო და მთელმა საქართველომ იცის, გვარი რატომაც გადაიკეთა _ წალკაში სვანებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილის ახლობლები დაიმუქრნენ, სუბელიანების გვარს გავანადგურებთო და არ ვიცი, შიშისა თუ რის გამო, სოზარმა გვარი გადაიკეთა, ჩემი ძველი გვარი დავიბრუნეო... მირზა სუბელიანი, რომელიც არჩევნებამდე ქვემო ქართლის პროკურორი იყო და “ზონდერებს” “აპრავებდა”, სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშნა...

_ თამაზ თამაზაშვილს, ან ირაკლი ღარიბაშვილს შეკითხვა არ გაუჩნდა, სუბარმა გოჩა ბაღათრიშვილი ციხის უფროსად რატომ დანიშნა?

_ შეკითხვა კი გაუჩნდათ, მაგრამ თამაზაშვილსა და ღარიბაშვილს ამ ადამიანების დასჯა კი არა, პირველ რიგში, ის აინტერესებდათ, თუ ვინ დაგეგმა თამაზაშვილის დაჭერის სპეცოპერაცია...

_ ნინო, თამაზ თამაზაშვილს მაშინვე უთხარი, რომ კვინიკაძეს შეხვდი და ფარული ჩანაწერი გააკეთე?

_ თამაზს ტელეფონით ვუთხარი, კვინიკაძეს შევხვდი და მზადაა, “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში დაჯდეს-მეთქი, მაგრამ ჩანაწერი არ მიხსენებია. სხვათა შორის, საუბრის დასრულებისას, მივხვდი, რომ კვინიკაძეს შეეშინდა.

_ რისი, ან ვისი შეეშინდა?

_ მის უკან ირაკლი ფირცხალავა და ის ხალხი იდგა, რომელმაც ახლახან არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალდამცველთა ლიგა” შექმნა.

_ ანუ, კვინიკაძე რომ ალაპარაკებულიყო, შეიძლება, თავიდან მოეცილებინათ?

_ შესაძლოა...

_ ესე იგი, გრიშა კვინიკაძე თამაზაშვილის საქმის მნიშვნელოვანი მოწმე და თვითმხილველია?

_ ასეა...

_ კვინიკაძემ ეჭვის დონეზეც არ გითხრა, თუ ვინ გასცა თამაზაშვილის დაკავების ბრძანება?

_ ყველამ კარგად იცის, რომ ეს გია ლორთქიფანიძისა და მისი ძმის, “ბოროტას” მითითებით მოხდა, თუმცა ეს მხოლოდ მათი გადაწყვეტილება არ იყო.

_ კვინიკაძემ არ გითხრა, თუ რას ემსახურებოდა თამაზაშვილის დაკავება?

_ ფარულ ჩანაწერში კვინიკაძე ამბობს, თამაზაშვილს ვკითხე, რა დააშავე, რატომ დაგაკავესო. მან მიპასუხა, ეს ჩემს სიძეს უკავშირდებაო. დავინტერესდი, თუ ვინ იყო მისი სიძე და მითხრა, ჩემი სიძე ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრიაო. კვინიკაძემ, როგორც თვითონ ამბობს, ღარიბაშვილის შესახებ პირველად მაშინ შეიტყო...

მოკლედ, ჩანაწერში კვინიკაძე ხაზგასმით ამბობს, შვილი მეზრდება, მინდა, კაცად დავრჩე და თამაზაშვილს ბოდიში მოვუხადოო...

ერთი სიტყვით, კვინიკაძემ ეთერში დაჯდომა გადაიფიქრა, თუმცა მითხრა, ვაზაგაშვილის მკვლელობაზე დღემდე უცნობი კადრები მაქვს და მოგცემო. წესით, ეს კადრები გამოძიებაში უნდა ყოფილიყო ჩაკერებული, მაგრამ გააქრეს. გრიშა კვინიკაძეს ვკითხე, ეს კადრები შენ რატომ გაქვს-მეთქი. ამ საქმის გამომძიებელი ვიყავიო... იმავე ღამით, კვინიკაძეს სახლთან გავუარე, სამტრედიის ქუჩაზე და ვიდეო მომცა, რომელიც “ობიექტივის” ეთერში გავუშვი...

სხვათა შორის, გრიშა კვინიკაძემ ჩემთან შეხვედრის შესახებ თავის მეგობრებს _ ირაკლი ფირცხალავას, ჭაიას და სხვებს არაფერი უთხრა.

_ ეს საიდან იცი?

_ კვინიკაძეს მეგობრებისთვის რომ ეთქვა, ვაზაგაშვილის სპეცოპერაციის კადრები მე მომცა, მაშინ პრესკონფერენციაზე ირაკლი ფირცხალავასთან ერთად აღარ იდგებოდა _ ფირცხალავა ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთ მთავარ “გმირად” ითვლება...

_ თამაზ თამაზაშვილს რომ უთხარი, კვინიკაძეს შევხვდიო, რა გითხრა?

_ თამაზს ვუთხარი, იქნებ, გრიშას შეხვდე-მეთქი, მან კი მიპასუხა, თუ ჩვენების მიცემა უნდა, ჩემს ადვოკატს შეხვდესო... როგორც ვიცი, კვინიკაძე თამაზაშვილის ადვოკატს შეხვდა და იგივე გაიმეორა, რაც მე მითხრა...
_ თამაზაშვილს რატომ არ უთხარი, რომ ფარული ჩანაწერი გქონდა?

_ იმიტომ, რომ ეს ჩანაწერი ისე გავაკეთე, როგორც ჟურნალისტმა და არქივში “გადავაგდე”...

ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვე გავიდა და 24 თუ 25 მაისს, ტელევიზიით ვნახე, რომ ირაკლი ფირცხალავამ, გოჩა ბაღათრიშვილმა, ზაზა ჭაიამ, გრიშა კვინიკაძემ და კიდევ ორმა ადამიანმა პროკურატურის წინ ბრიფინგი ჩაატარეს და განაცხადეს, პროკურატურამ 24-საათიანი ვადა მოგვცა, რადგან დანაშაული ჩვენს თავზე ავიღოთ, თან ისიც გვითხრა, რომ თამაზაშვილი ამას არ გვაპატიებსო. კვინიკაძემ კი განაცხადა, გვაიძულებენ, ვთქვათ, რომ თამაზაშვილს ავტომატი ჩავუდეთ, არადა, მას ავტომატი ჰქონდაო. ამ ფრაზის გაგონებისთანავე გადავწყვიტე, რომ ჩანაწერი გამომემზეურებინა. თამაზს დავურეკე და ვუთხარი, გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მასალა მაქვს, რომელსაც ამ დღეებში გავახმაურებ-მეთქი.

_ ნინო, ეს ფარული ჩანაწერი დაკავებული პოლიციელების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მამხილებელია?

_ რა თქმა უნდა... მეორე დღესვე ბრიფინგი გავმართე, რომელსაც თამაზ თამაზაშვილიც ესწრებოდა და ფარული ჩანაწერის ფრაგმენტები პირველად მოისმინა.

_ ეს ჩანაწერი პროკურატურას უკვე გადაეცი?

_ დიახ. ჩანაწერს ექსპერტიზაც ჩაუტარდა და დამტკიცდა, რომ უწყვეტი საუბარია... მზად ვარ, სასამართლოზე მოწმედაც გამოვიდე! სხვათა შორის, ეს ჩანაწერი კვინიკაძის მეგობრებისთვის შოკი იყო.

_ კვინიკაძისთვისაც?

_ არა.

_ რატომ?

_ შეიძლება, ფიქრობდა, რომ საუბარს ვიწერდი... ამ ჩანაწერის შემდეგ, ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, უბედურებაა, რომ პროკურატურაზე მეტი მტკიცებულება ჟურნალისტს აღმოაჩნდაო...

_ ნინო, პროკურატურას ვაზაგაშვილის სპეცოპერაცის ზემოხსენებული ვიდეოკადრებიც გადაეცი?

_ კი...

_ რა ამის პასუხია და, შენი აზრით, “ოცნებაში” ირაკლი ღარიბაშვილს არაკეთილმოსურნეები ჰყავს?

_ ვანო, ხომ იცი, ჟურნალისტებს ჩვენი გათვლები გვაქვს ხოლმე და დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილს “ნაციონალებიც” ებრძვიან და “ოცნებიდანაც”.