იური ვაზაგაშვილი: “ახალი ხელისუფლება ჩემზე ძალადობს!”

იური ვაზაგაშვილი: “ახალი ხელისუფლება ჩემზე ძალადობს!”

“პრემიერ-მინისტრის საქმიანობით უკმაყოფილო არ ვარ _ ამ ერთმა კაცმა რა ქნას? ისე, ყოფილი ოპოზიციის წევრები, რომლებიც ახლა უმრავლესობაში არიან, ადრე, 24 საათი, ამ მკვლელობების გახსნას მოითხოვდნენ. დღეს კი ხმას არ იღებენ. რა მოხდა, აღარ აინტერესებთ? _ ისინი ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის მიზნით მოვიყვანეთ. მერაბიშვილისა და ახალაიას დაკავება გამოსავალი არაა. მათ გულგრილობას ვამჩნევ და ვურჩევ, საზოგადოებასთან ითანამშრომლონ”.

საზოგადოება სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია, თუმცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ ეს პროცესი ჭიანურდება. არადა, პირველი ოქტომბრის არჩევნებში “ოცნების” გამარჯვების შემდეგ, ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა, პირველი, რასაც ახალი ხელისუფლება გააკეთებდა, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის და ქუჩაში ჩაცხრილული სხვა ახალგაზრდების საქმეების გამოძიება იქნებოდა. სხვათა შორის, კულუარებში ამბობენ, რომ არჩევნების, ანუ მას შემდეგ, რაც ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები შეიცვალნენ, თითქოს იური ვაზაგაშვილის მეორე ვაჟი, კორტებთან ჩაცხრილული ზურას ძმა დააპატიმრეს...

იური  ვაზაგაშვილი: _ არჩევნებიდან რვა თვე გავიდა, მაგრამ ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიების კუთხით, სამწუხაროდ, ახალი არაფერია. მეტიც, პროკურატურა ჩემთან არ თანამშრომლობს. არჩილ კბილაშვილსაც შევხვდი, რომელმაც მითხრა, ორი კვირა გვაცადეო. ეს ორი კვირაც გავიდა... კიდევ  ორ კვირას დაველოდები და მერე რაც მოხდება, საზოგადოება ნახავს!

_ რას აპირებთ?

_ არ გავჩერდები. ძველი ხელისუფლება ჩემს ოჯახს ავიწროვებდა და რას აღარ მაბრალებდა. ისიც თქვა, თითქოს მოპარული მანქანით დავდიოდი. “ნაციონალებს” ეგონათ, რომ ასე გამაჩერებდნენ... ჩემზე ახალი ხელისუფლებაც, კერძოდ, პროკურატურა და შს სამინისტრო ძალადობენ _ ჩემი შვილის მკვლელობის საქმის ძიება წინ არ მიდის! არადა, საქმის ყველა დეტალი შესწავლილია. უბრალოდ, პროკურატურა თანამშრომლობაზე არ მოდის.

_ ამას რითი ხსნით, ბატონო იური?

_ იმ მაღალჩინოსნებით, რომლებიც ძველი ხელისუფლებიდან ახალ მთავრობას შემორჩნენ. სწორედ ისინი უშლიან ხელს გამოძიებას.

_ ანუ, პროკურატურის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებთ?

_ მაეჭვებს, რატომ არ მოდის პროკურატურა თანამშრომლობაზე. თუ ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ მკვლელობის შემკვეთები ისევ მთავარ პოზიციაზე არიან, მაშინ ჩნდება შეკითხვა: ვინ დანიშნა ამ თანამდებობებზე? შინაგან საქმეთა მინისტრმა მათ შესახებ არ იცის? ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მინდა, მოვუწოდო, რომ ამ პირთა პირადი საქმეები შეისწავლოს. არჩილ კბილაშვილს ვუთხარი, კრიმინალები, რომლებსაც სახელისუფლო  წრეებში წამყვანი პოზიციები უკავიათ, დაიჭირეთ-მეთქი. მან კი მიპასუხა, ისინი გამოძიებაში ხელს ვერ შემიშლიანო. აი, თუ ვერ შეუშალეს: ერთი საქმეც არაა გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი!

_ ბატონო იური, კულუარებში ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ, თქვენი მეორე ვაჟი, ჯაბა ვაზაგაშვილი თითქოს ნარკოტიკის  მოხმარების საბაბით დაიჭირეს და, ჯარიმის გადახდის შემდეგ, გაათავისუფლეს...

_ ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ! ჩემი ოჯახის დაშინებას ვერავინ გაბედავს! პირიქით, პროკურატურის თანამშრომლებზე მე “ვძალადობ” _ ყოველ  წუთს მოვუწოდებ, რომ საქმის გამოძიება დააჩქარონ!

სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრის საქმიანობით უკმაყოფილო არ ვარ _ ამ ერთმა კაცმა რა ქნას? ისე, ყოფილი ოპოზიციის წევრები, რომლებიც ახლა უმრავლესობაში არიან, ადრე, 24 საათი, ამ მკვლელობების გახსნას მოითხოვდნენ. დღეს კი ხმას არ იღებენ. რა მოხდა, აღარ აინტერესებთ? _ ისინი ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის მიზნით მოვიყვანეთ. მერაბიშვილისა და ახალაიას დაკავება გამოსავალი არაა. მათ გულგრილობას ვამჩნევ და ვურჩევ, საზოგადოებასთან ითანამშრომლონ.