თიკო სადუნიშვილმა, ნინო ჩხეიძემ, თაკო აბაშიძემ და სხვა “ცნობილებმა” მერაბიშვილის მხარდამჭერი კლიპი გადაიღეს
“არანაირ პოლიტიკურ კლიპში არ მიმიღია მონაწილეობა და ჩირქს ნუ მომცხებს ნურავინ!”
ზუსტად იმ დროს, როცა შს სამინისტრომ სამალავებში წინა ხელისუფლების მიერ ადამიანის წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეოჩანაწერები აღმოაჩინა, ინტერნეტში კლიპი _ „ცნობილები ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად“ _ გავრცელდა. კლიპში მონაწილე ე.წ. სელებრითები ყოფილი პრემიერისა და, ასევე, ყოფილი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. საგულისხმოა, რომ საქართველოს მოქმედი შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზემოხსენებული “საშინელებათა კადრები”, სავარაუდოდ, მერაბიშვილის შს მინისტრობის დროსაა გადაღებული. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი და, საერთოდ, ახალი ხელისუფლება იზიარებს მოსაზრებას, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 9 წლის განმავლობაში, ადამიანთა ცემა-წამებასა და გაუპატიურებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. სააკაშვილის სისტემა კი, მერაბიშვილზე იდგა. „ეს საშინელი, უმძიმესი კადრებია და იმის ნათელი დადასტურებააა, თუ როგორ ებრძოდა ყოფილი ხელისუფლება ადამიანს, როგორ ებრძოდნენ საკუთარ მოქალაქეებს, საკუთარ ხალხს ყოფილი რეჟიმის შემქმნელები და მათი იდეოლოგები. როდესაც სისტემურ დანაშაულზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, კვალი ჩემს წინამორბედზე გადის”, _ ამბობს ღარიბაშვილი. აქედან გამომდინარე, ლეგიტიმურია ეჭვი, რომ ადამიანთა წამების შესახებ მხოლოდ მერაბიშვილმა კი არა, სააკაშვილმაც იცოდა... ამ ფონზე, ცნობილთა ზემოხსენებულმა მოთხოვნამ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი კლიპი, სავარაუდოდ, სამეგრელოს სამალავებში საშინელი კადრების აღმოჩენამდეა გადაღებული. საინტერესოა, “ცნობილები” მერაბიშვილის გათავისუფლებას დღესაც ითხოვენ თუ აზრი შეიცვალეს?
მერაბიშვილის მხარდამჭერი კლიპის ერთ-ერთი მონაწილე მსახიობი თაკო აბაშიძეა, რომელმაც “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე “დაასტატუსა”: “მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც ვაპირებ ამ ნაგავში გარევას, მე არ ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და არც _ ერის მოღალატე. ბევრ ვითომ პატრიოტზე მეტად მიყვარს ჩემი სამშობლო. არანაირ პოლიტიკურ კლიპში არ მიმიღია მონაწილეობა და ჩირქს ნუ მომცხებს ნურავინ. საერთოდ, ჩემი პოზიცია მაქვს ყველაფერზე...“
გიორგი ნაზღაიძე: „- პოლიტიკა ნაკლებად მაინტერესებს, ამდენად, ჩემი პოზიცია კლიპში სხვა კუთხით დავაფიქსირე და ეს საზოგადოებამ სხვანაირად გაიგო. არ მსურს ამაზე საუბარი.
- გიორგი, მერაბიშვილის გათავისუფლებას ადამიანთა წამების ახალი კადრების აღმოჩენის შემდეგაც ითხოვთ?
- რომელი კადრები? ამის შესახებ არაფერი ვიცი, ვერაფერს გეტყვით...
“ქართულმა სიტყვამ” დაკავშირება კლიპის სხვა მონაწილეებთანაც სცადა, მათ შორის, თიკო სადუნიშვილსა და ნინო ჩხეიძესთან, მაგრამ ისინი “მომსახურების ზონიდან“ გასულნი აღმოჩნდნენ.