ირანელი ბიზნესმენი:

ირანელი ბიზნესმენი: "საქართველოში თავს დაცულად ვე­ღარ ვგრძნობთ"

ირან-საქართველოს ურთიერთობა ბოლო დროს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობების ზრდის ფონზე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ირანული კომპანიების, დიდი თუ მცირე ფირმების რიცხვი იზრდება. როგორც ჩანს, ეს დასავლეთს აშფოთებს, რაც კარგად ჩანს ამერიკული გამოცემა "უოლ სტრიტ ჯორნალის" სტატიაში: "საქართველოში ირანელების ინვეს­ტიცია, სანქციების მიუხედავად, იზრდება". ირანულ-ქართულ ურთიერთობებზე შპს "სპერანცას" დირექტორი, საქართველოში გამომავალი ირანული ჟურნალ "არიანას" მთავარი რედაქტორი სარა ღაზი გვესაუბრება.

- რამდენიმე წელი საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, ფართო რეკლამირებას აკეთებდა, რომ საქართველო საუკეთესო ადგილია ინვესტიციების ჩასადებად, რომ აქ ინვესტორებისთვის საუკეთესო პირობებია. ეს ცნობილი განცხადებები ქვეყანაში ტურისტებისა და ინვესტორების მოსაზიდად კეთდებოდა. და ადამიანები მართლაც ჩამოვიდნენ, მათ შორის, ირანიდან. თითოეულს ბიზნესის კეთებისა და პირა­დი ცხოვრების საკუთარი გეგმა ჰქონდა და აქვს, ირანელებმა საქართველოში კომპანიები დააარსეს, დაიწყეს მუშაობა, ადამიანები დაასაქმეს, მათ შორის, ქართველები. ირანელებსა და ქართველებს ბევრი გვაქვს საერთო კულტურის, ტრადიციების თვალსაზრისით. ირანელები საქართველოში თავს ისე გრძნობდნენ, როგორც მეორე სახლში; ზოგმა ირანელმა საქმიანობა მცირე და საშუალო კომპანიით დაიწყო, ზოგ­მა - დიდით, ვისაც რის შესაძლებლობა აქვს. ვფიქრობ, ამ ყველაფრიდან ორივე მხარე - ქართულიც და ირანულიც სარგებელს ნახულობს. ირანელები მშვიდობიან, წყნარ ცხოვრებას ეძებენ, იმის გამოც, რომ ირანში ბევრი პრობლემაა, მათ უნდათ საქმე იქ წამოიწყონ, სადაც მეტად მშვიდად გრძნობენ თავს.

- კონკრეტულად, რა პრობლემებს გულისხმობთ?
- ირანში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ეკონომიკური, ფინანსური პრობლემებია, ინფლაციის საკმაოდ მაღალი დონეა, ფასები იზრდება, ამიტომ არაერთი ირანელი ცდილობს კაპიტალი, დიდი თუ მცირე, საზღვარგარეთ დააბანდოს, საკუთარი ბიზნესოცნება აისრულოს. ამ მიზნით საქართველოში გახსნეს მაღაზიები, კაფეები, რესტორნები, უძრავი ქონების სააგენტოები, ამ ყველაფრის აწყობას წლები დასჭირდა. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა, კომპანიების რეგისტრაციის შემდეგ საქართველოს ბანკებში ანგარიშის გახსნისას პრობლემები ექმნებათ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 150 ირანელი იურიდიული და ფიზიკური პირის საბანკო ანგარიში დააყადაღა.
- ჩვენ, ირანელებმა არ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. ვვარაუდობ, რომ მათ გარკვეული პრობლემები ჰქონდათ და მათი ანგარიშები ამიტომ დაბლოკეს, გაყინეს, ისინი ალბათ, საკმარისად გამჭვირვალე არ იყო. ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიანიშნებდნენ, რომ ირანთან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან, უვიზო რეჟიმის საკითხი უნდა გადაიხედოს, შეიცვალოს, და უკვე ვრცელ­დება ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში, 1-ლი ივლისიდან ირანელებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა დასჭირდებათ. არადა, ამ საკითხზე საქართველო-ირანს შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ აქ უამრავი ირანელი ჩამოვიდა, ფული ჩამოიტანეს, ოჯახის წევრებიც ჩამოიყვანეს, ზოგმა რეზიდენტობაც მიიღო, მაგრამ მათ მეუღლეებს იმავე სტატუსს არ აძლევენ, რა ეშველება ასეთ ოჯახებს? ვფიქრობ, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. დღეს ირანელების უმრავლესობა თავსა და საკუთარ ინვესტიციებს საქართველოში დაცულად ვეღარ გრძნობს. ჩემს ოფისში მოსული სასოწარკვეთილი ადამიანები ყოველდღე მეკითხებიან - რა იქნება? ჩვენს ანგარიშებსაც ხომ არ გაყინავენ, ან ბიზნესს რა ბედი ეწევაო? მე არ ვლაპარაკობ მათზე, ვისაც კანონთან პრობლემა აქვს, საქართველოს აქვს უფლება, გააკონტროლოს, როგორ შემოდის ფული მის ტერიტორიაზე, მე იმ ირანელებზე ვსაუბრობ, რომლებსაც სუფთა, პატიოსანი ბიზნესი აქვთ. რაც შეეხება ხმებს, რომ ირანელები აქ ფულს რეცხავენ, ათეთრებენ, მე ასეთს არავის ვიცნობ; ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება გააკონტროლოს ფულის წარმომავლობა, ამ ადამიანების წარსული, ბექგრაუნდი, მაგრამ სამიზნედ ყველა ირანელი არ უნდა იქცეს, მით უმეტეს, რომ დღეს საქართველოში მყოფ ზოგიერთ ირანელს, უმთავრესად, პოლიტიკურ და რელიგიურ მიზეზთა გამო, ირანში დაბრუნება არ შეუძლია, თუმც თითოეულ მათგანსაც აქვს უფლება, იყოს თავისუფალი არჩევანში და ეს უფლებები დაცული უნდა იყოს.

პოლიტოლოგი, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი კი მიიჩნევს, რომ ქართული მხარის გადაწყვეტილებაზე საბანკო ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით, იმოქმედა "უოლ სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებულმა სტატიამ, სადაც საქართველოში ირანული ფულის გათეთრებაზეა ლაპარაკი.

საქართველო ხიდია ისლამურ სამყაროსა და დასავლეთს შორის.. 150 ირანელ ბიზნესმენს, ფიზიკურ და იურიდიულ პირს, საბანკო ანგარიშები გაუყინეს, მათი ვინაობა არ ვიცით, მაგრამ, არსებული ინფორმაციით, საქართველოში არა მარტო ირანიდან, სხვა ისლამური ქვეყნებიდანაც ხდება ფულის შემოდინება, შემდეგ გათეთრება და ამ თანხებით ჯიჰადის დაფინანსება სირიასა და სხვა ცხელ წერტილებში.. ამ თვალსაზრისით უფრო კომპლექსური ღონისძიებებიცაა ჩასატარებელი, შესაცვლელია საიმიგრაციო პოლიტიკა. აღსანიშნავია ისიც, რომ ისლამურ ქვეყნებში "ჰესბოლა", "ჰამასი", "ალ-ქაიდა" ტერორისტულ ორგანიზაციებად არ მიიჩნევა. ამგვარ ქვეყნებთან ურთიერთობისას მეტი სიფრთხილე და წინდახედულებაა საჭირო.

- უფრო კონკრეტულად, რის საფუძველზე საუბრობთ საქართველოში ირანული ფულის გათეთრებაზე?
- დასავლეთმა ირანულ ბანკებს სვიფტი - საერთაშორისო გადარიცხვის, ფინანსური ურთიერთობის სისტემა დაუხურა. გაეროს სანქციების თანახმად, ნებისმიერ ირანულ კომპანიასთან, რომელსაც რაიმე შეხება აქვს ნავთობის, ზუსტი ტექნოლოგიების, ალუმინის წარმოება-შესყიდვასთან, ანუ იმ დარგებთან, რაც შემდგომ ბირთვული იარაღის, რაკეტების შექმნის, ურანის გამ­დიდრების პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, საქმიანი ურთიერთობა დაუშვებელია. თუ ევროპულ არჩევანზე ვსაუბრობთ, ეს მოთხოვნა უნდა გავითვალისწინოთ. ირანის რომელიმე ბენზინგასამართ სადგურზე საქართველოს რომელიმე ბანკის ბარათით რომ ჩაასხა ბენზინი, ამ ბანკისთვის ეს უკვე სანქციის დარღვევაა. გაერო მიიჩნევს, რომ ეს რესურსი, თანხა შემ­დეგ ურანის გამდიდრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას ხმარდება.. მიუხედავად ამ სანქციებისა, ირანი ნავთობის გაყიდვას ისლამურ ქვეყნებში მაინც ახერხებს, მაგრამ საქმე ის არის, რომ შემდეგ ამ ქვეყნებიდან ფულის გაცოცხლებას ვერ ახერხებენ, ამიტომ ამისათვის საქართველოს იყენებენ, აქ ბიზნესსაქმიანობას იწყებენ და შემდგომ აქედან ფული კანონიერად გააქვთ, მოიხმარენ ევროპაში..