საქართველოში მათხოვრობის პრობლემა ყოველთვის იყო, თუმცა რამდენიმე წელია უპოვართა რიცხვის მკვეთრი ზრდა უკვე თვალში საცემია. სად აღარ ნახავთ მათ: ავტობუსში, მეტროში, მიწისქვეშა გადასასვლელში, ეკლესიასთან, კაფე-ბართან თუ ნებისმიერი ქუჩის კუთხეში. აღარაფერს ვამბობ კარგად ჩაცმულ-დახურულ ახალგაზრდებზე, ყუთებით რომ დადიან და ვიღაცის სიცოცხლის გადასარჩენად შემწეობას გვთხოვენ.
უკვე ისე შევეჩვიეთ ამ ბედკრულთა არსებობას, რომ გულიც კი აღარ გვიჩუყდება მათ სევდიან სიმღერასა და თავგადასავლებზე, რომლებსაც ხშირად თავად გვიყვებიან. ალბათ თვალიც მიეჩვია და გულიც გაგვიცივდა, საკუთარ პრობლემებში ჩაფლულები ხშირად ვერც კი ვამჩნევთ მათ გამოწვდილ ხელს. ხანდახან ისე ჩავუვლით, თითქოს აქაც არაფერი...
გზა, რომლის გავლა ყოველდღიურად მიწევს, ჭავჭავაძის გამზირია. აქ მდებარე ეკლესიის კარებთან თითქმის ყოველთვის ნახავთ რამდენიმე მათხოვარს. ბევრი ადამიანი ისე შედის ეკლესიაში, რომ მათ ყურადღებას არ აქცევს, ნაწილს აღიზიანებს კიდეც მათი მუდარით გამოწვდილი ხელი და ზიზღით ჩაუვლის ხოლმე, ნაწილი კი ხურდა ფულით ეხმარება. არადა, ეკლესიაში სალოცავად მისულები, იქ შესვლისას და გამოსვლისას მათი გაჭირვებით გაღიზიანებულები, ცოდვაში ვვარდებით და ჩვენს ლოცვასაც, ალბათ, ფასი ეკარგება. თითოეული ასეთი ადამიანის მიღმა ხომ შემზარავი ისტორიაა, რომელიც მათ ბედისწერამ არგუნა. ბევრი მათგანი იმასაც გეტყვით, რომ ეს ცხოვრება მათ არ აურჩეევიათ, ცხოვრებამ თავად აირჩია ისინი ასეთ გზაზე სავლელად...
სადგურის მოედანზე ფეხმოკვეთილ ქალბატონს უკვე ყველა იცნობს. ის მუდამ აქ ტრიალებს და შემწეობას ხმამაღლა ითხოვს, თუმცა განვლილ ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებს და ამბობს, რომ არაფრის გახსენება არ უნდა...
მეტროსადგურის გადასასვლელში უსინათლოთა მთელი რიგია. იქვე, კიბეებზე ჩამომჯდარი მტირალი ბიჭუნა შევამჩნიე. ხალხის ნაკადის დანახვისთანავე ხელი გამოიწოდა. მეც ცოტაოდენი თანხით დავეხმარე. სახელი ვკითხე თუ არა, გამიღიმა. მითხრა, რომ 13 წლის არის და გიორგი ჰქვია. მერე თავისი გასაჭირიც მიამბო:
"სვანეთის უბანში ვცხოვრობ, უკვე წლებია აქ ვდგავარ და ვცდილობ დღეში 10 ლარამდე მაინც მოვაგროვო, რომ საჭმელი ვიყიდო. დედ-მამა არ მუშაობს, უფრო სწორად, ვერ მუშაობენ. ორივე ფსიქიკურად დაავადებულია და მე ვუვლი. დღის ბოლოს სახლში საკვები მიმაქვს. აქ დგომისას ხშირად მეტირება, უკვე დავიღალე ასეთი ცხოვრებით"... მისმა სიტყვებმა გული მატკინა, მთელი დღე მისი მწვანე სევდიანი თვალები მედგა თვალწინ...
უარესი სურათი დამხვდა თავისუფლების მოედანზე. მოწყალების მთხოვნელი დედა-შვილის დანახვა გულგრილს არავის დატოვებს. 16 წლის მარიამი უსინათლოა და სიარულიც არ შეუძლია. "არ ვიცი, ვინ უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, რომ ჩვენნაირ გაჭირვებულ ადამიანებს უშველოს. ასეთი ინვალიდი, უსინათლო შვილი როგორ ვარჩინო 26-ლარიანი სოციალური დახმარებით. ეს თანხა ერთი დღისთვისაც კი არ არის საკმარისი. ბინა თაღლითებმა წამართვეს. იპოთეკაში ჩამიდეს და თანხაც კი არ ამიღია. ის თაღლითი დაიჭირეს, მაგრამ ჩემს საცოდაობას მისი დაჭერა შველის? ყველგან ვითხოვ დახმარებას. ბატონ ბიძინასაც მივწერე წერილი, დამპირდა, აუცილებლად დაგეხმარებიო. არ შემიძლია ღამეები ვათენო მის სახლთან და ვაიძულო რამეთი დამეხმაროს. მხოლოდ ერთი ოპერაცია დამიფინანსეს, რომელიც ზღვაში წვეთია მარიამისთვის. სამებაში ვითხოვდი მოწყალებას, ვიდრე წინამძღვარმა არ ამიკრძალა. ჩემს შვილს მარიამ წამებული დავარქვი", - ამბობს ქეთევან ჩუბინიძე.
თავისუფლების მოედნიდან გეზი რუსთაველისკენ ავიღე. გზადაგზა ბევრ გულშიჩამწვდომ სურათს ნახავთ. ქუჩაში დაჩოქილ ბიჭუნას წინ ქაღალდის ყუთი დაუდგამს და გამვლელებს დახმარებას ევედრება. ჩემმა დანახვამ რატომღაც დააფრთხო და მისგან გაცლა ვამჯობინე...
ქუჩაში წააწყდებით მოხუცებსაც, რომელთა სახლი და საწოლი ტროტუარებსა და სკვერებში განთავსებული სკამებია. მათი უმრავლესობა ჩუმად არის და თავს არავის აბეზრებს.
პეკინზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში დიდი ხანია დგას თეთრწვერა ბაბუა ერთჯერადი ჭიქით ხელში. თანხას ბევრს ვერ აგროვებს, მაგრამ იმითაც კმაყოფილია, რასაც აძლევენ. მიყვება, რომ სახლი დანგრეული აქვს და ქმართან გაშორებულ ქალიშვილთან ერთად საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება. ჯერ არავინ დახმარებია, თუმცა ახალი მთავრობის სჯერა და ეიმედება.
მიწისქვეშა გადასასვლელებში შეხვდებით ჩვილატატებულ დედებსაც. გული ამიჩუყა რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი საბავშვო მაღაზიის შუშას მიყრდნობილი გოგონას ხილვამ, რომელიც მაღაზიის ვიტრინაში კარგად ჩაცმულ მანეკენს ეთამაშებოდა.
თითქოს ცხოვრება წინ მიდის, იზრდება პენსიები და სოციალურად დაუცველებზე სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს, თუმცა, სიტყვა "სახელმწიფო" მაშინვე უფასურდება, როცა ამ ადამიანებს თვალებში ღრმად ჩახედავ...