ქუთაისში, ავტომშენის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ფოლკსვაგენი“ და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
„ფოლკსვაგენში“ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი მგზავრი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებული მძღლი და ერთი მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, ასევე კრიმინალური პოლიცია და კრიმინალისტები. გამოძიებამ დაადგინა, რომ სატვირთო ავტომობილი ქუთაისის, ხოლო მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ, ხონის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მიმდინარეობს სატრანსპორტო და ტრასოლოგიური ექსპეტიზა.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით).