"მე ვიყავი ჩვეულებრივი, ოპერატიული თანამშრომელი. რეგიონალური ზონა ჩემი იყო ქვემო ქართლი. რაც შეეხება ინფორმაციებს, რომელიც ვიცი მე, ეს ინფორმაცია, ვინც კუდ-ში მუშაობდა, ყველას ჰქონდა. როდესაც მე ამ სამსახურში მივედი, მაშინ უკვე დაწყებული იყო პროცესი, რომელსაც ჰქვია კომპრომატთა მოძიება, დამუშავება და შენახვა. ეს პროცესი დაიწყო 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოში ჩნდება სერიოზული პროტესტი და ოპოზიციური ძალა ძლიერდება. სწორედ მას შემდეგ გადადის კუდ-ი აქტიურ მუშაობაზე. ძირითადად მუშაობა მიდიოდა პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალების შემცველი ვიდეომასალების მოპოვებაზე, რომ ზოგი გაეჩერებინათ, ზოგი გადმოებირებინათ და ა.შ.", - აცხადებს თემურ კენკებაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "კუდ"-ის ოფიცრის სკანდალური აღიარება" / "როგორ ამონტაჟებდნენ საძინებლებში ფარულ ვიდეო აპარატურას".
"ძირითადად, საცხოვრებელ სახლებში, საძინებლებში ამონტაჟებდნენ ვიდეოკამერას. ჩვენთან არსებობდა ასეთი ოპერატიული ღონისძიება, მიდის კონტროლი სახლზე, რამდენი სული ცხოვრობს, ვინ შედის, ვინ გამოდის, რამდენი ხნით, რომელ საათებში, ადგენდნენ ვინმე ხომ არ რჩება სახლში და ა.შ. როდესაც დარწმუნდებოდნენ, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა, შედიოდნენ და აყენებდნენ სათვალთვალო კამერებს. კარის გაღება ხდებოდა ქურდული მეთოდით. არ ტეხავდნენ საკეტს, ჰქონდათ სპეციალური გასაღები, რომლითაც აღებდნენ კარს. მაგის სპეციალისტები ცალკე ჰყავდა კუდ-ს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ კენკებაშვილი.
"როცა ნახეს, რომ პროტესტი ძლიერდებოდა, დაიწყეს ოპოზიციის გავლენიანი წარმომადგენლებით და მერე უკვე, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არამარტო მინისტრების საძინებლებში იყო კადრები გადაღებული, სხვადასხვა ადგილზე, მასალები იყო ყველა ადამიანზე, ვინც საზოგადოებრივად აქტიური იყო. ჟურნალისტები ჩვენი სამსახურისთვის ყოველთვის წარმოადგენდნენ მუდმივმოქმედ ნაღმს. რა თქმა უნდა, ხდებოდა ჟურნალისტების გარკვეულ კატეგორიაზე კომპრომატების შეგროვება. იყო ნებისმიერი სახის, ეს იქნებოდა დანაშაული, ინტიმური ცხოვრება თუ სხვა რამ. ძირითადად ჰქონდათ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები. ეს იმ ჟურნალისტთა მისამართით ხდებოდა, ვინც ახორციელებდა ე.წ. "ანტისახელმწიფოებრივ" ქმედებებს. ის, ვინც წლების განმავლობაში ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს, წერდნენ, თუ ტელევიზიით ლაპარაკობდნენ, ცხადია, მათზე ყველაზე ცდილობდნენ კომპრომატების მოპოვებას. რაც შეეხება კომპრომატის გამოყენებას, დიდად ვერ ბედავდნენ ამას, თუმცა იყო რამდენიმე მაგალითი, როცა გამოიყენეს ეს კომპრომატები და მოხდა მათი დაშანტაჟება. დგებოდა სიები ქალი ჟურნალისტების საყვარლების. ერთ ახალგაზრდა გოგოზე 38-კაციანი საყვარლების სია გვქონდა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"პოლიტიკური ოპონენტების მიმართ კიდევ უფრო მეტი მუშაობა იყო. მაგრამ განსაკუთრებით აქცევდნენ ამას ყურადღებას, საპარლამენტო არჩევნები რომ ახლოვდებოდა. პირადად მე მაქვს ნანახი რამდენიმე ქალბატონის სექსუალური კავშირი საყვარლებთან. თანამშრომელმა მითხრა, წამოდი, გაჩვენო ერთი ოპოზიციონერი ქალი სალამურზე როგორ უსტვენსო. მეთქი, რა სალამურია. რომ ვნახე კადრები, გავგიჟდი. ვერ დავიჯერე, ვთქვი, არ მჯერა, უეჭველი დაამონტაჟეს-მეთქი, მაგრამ თანამშრომელმა მითხრა. რა დამონტაჟებული, ნამდვილიაო", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, რა ხდება?" - პასუხობს:
"რა თქმა უნდა, სამიზნე იყო ივანიშვილიც, მაგრამ ვერ მიაღწიეს იქამდე. მცდელობა იყო აგენტების შეშვების, ყველა მეთოდი სცადეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილამდე გასვლა არ გამოუვიდათ არანაირად. ამის მერე მათი ძირითადი სამიზნე გახდნენ თამაზ თამაზაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. გაცხოველებული მუშაობა იყო, რომ მათ წინააღმდეგ რამე ენახათ, მაგრამ ვერაფერი უნახეს. ღარიბაშვილი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნდობით სარგებლობდა, თამაზ თამაზაშვილი კი ყველამ ვიცით, ძალიან გამოცდილი პიროვნებაა უშიშროების საკითხში, ამიტომ ის კარგი მრჩეველი იქნებოდა ივანიშვილისთვის. მათი განეიტრალება სურდათ, მაგრამ მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი უნახეს. ამიტომაც, თამაზაშვილი როგორც გაანეიტრალეს ყველამ ვნახეთ".