მაშინ, როდესაც ცხრაწლიანი მართვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" არსად აპირებდნენ წასვლას და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა ხერხს იყენებდნენ, ბუნებრივია, უცნაურად და გაუგებრადაც კი ჩანს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე. ამაზე ლაპარაკი ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. მაშინ ის აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ორი-სამი წლით თუ დარჩებოდა პოლიტიკაში, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაშინვე გაუგებარი იყო. ამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ესტონური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღით თუ შეინარჩუნებს თანამდებობას და საერთოდაც წავა პოლიტიკიდან, რაც საზოგადოებისთვის ფრიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში გვარიანადაა არეული, ძველი და ახალი ხელისუფლების დაპირისპირება კვლავაც პიკშია, საზოგადოებისთვის კიდევ ერთ დარტყმად იქცა ის საიდუმლო სამალავები, რომლებშიც იარაღთან ერთად ადამიანთა წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერებიც აღმოჩნდა, რომელთა ნაწილის ნახვის საშუალება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს მიეცათ. კადრები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა და, შეიძლება ითქვას, რომ ძველი ხელისუფლების სახე საბოლოოდ გაშიშვლდა. უნდა მომხდარიყო ამ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და იყო თუ არა ეს ახალი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დივიდენდების მიღების ერთ-ერთი საშუალება? - ეს კითხვები ბუნებრივად ჩნდება, თუმცა მათზე ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ არსებობს. ფაქტია, რომ პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში უკიდურესადაა დაძაბული, შესაბამისად, ივანიშვილის განცხადებამ ეს დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმავა. რიგითი მოქალაქეების მიერ პირველ ოქტომბერს "ქართული ოცნებისთვის" გამოცხადებული მხარდაჭერა, უპირველესად, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორით იყო განპირობებული, დღეს ეს მოქალაქეები სვამენ სრულიად ლეგიტიმურ კითხვას: რატომ აპირებს ივანიშვილი საზოგადოების არჩევანზე უარის თქმას? ამ ინტერვიუს შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განმარტებები გააკეთა: "მინდა საზოგადოება დავაწყნარო და ვუთხრა, რომ პოლიტიკიდან ჩემი წასვლა არ ნიშნავს ქვეყნიდან ჩემს წასვლას და იმას, რომ გავურბივარ სირთულეებს, პასუხისმგებლობას და ჩემს დაპირებებს". მისი თქმით: ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში სრულიად განსხვავებული ვითარება იქნება და მთავრობას მისი დახმარება აღარ დასჭირდება. "ჩემი გუნდის წევრებს განვუმარტავ კარგად, რომ ჩემი წასვლით არაფერი დაზიანდება და მხოლოდ პლუსი იქნება იმაში, რომ პოლიტიკიდან გავალ, მაგრამ თუ დარჩება კითხვები და იქნება საშიშროება, რომ მთავრობას ან ქვეყნის განვითარებას პოლიტიკიდან ჩემი წასვლით რაიმე დაემუქრება, რა თქმა უნდა, არსად წავალ. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება იქნება და მთავრობას ჩემი დახმარება აღარ დასჭირდება. უფრო საჭირო იქნება საზოგადოების განვითარება და გააქტიურება და ჩემი გადასვლა საზოგადოებრივ სექტორში. აქ ვიქნები მე თავდაუზოგავი! მთავრობიდან ჩემი წასვლა ნიშნავს უფრო მარტივი ადგილიდან რთულ ადგილზე გადანაცვლებას", - აღნიშნა ივანიშვილმა. ანუ მისი ერთმნიშვნელოვანი ნათქვამი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მერე წავიდოდა, ამ განმარტებისას უკვე აღარ იყო ერთმნიშვნელოვანი. ეს განცხადებები აშკარად მოულოდნელი აღმოჩნდა მთავრობის წევრებისთვისაც, მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ უკვე მსჯელობენ ივანიშვილის შემცვლელზე, თუმცა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი ამბობდა, რომ ამის თაობაზე არაფერი იცის.
რას ცდილობს ამგვარი განცხადებებით ბიძინა ივანიშვილი და აპირებს თუ არა სწორედ სამოქალაქო სექტორიდან მართოს ქვეყანა, თან ისე, რომ პასუხისმგებლობა მასზე, ფაქტობრივად, არ ნაწილდებოდეს? ამგვარი მართვის მაგალითებს მსოფლიო პოლიტიკის ისტორია იცნობს, თუმცა საკითხავია, როგორ წაადგება ეს ჩვენს ქვეყანას, ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ ავტორიტარული რეჟიმიდან თავის დაღწევას ცდილობს. ის მაგალითი, რომ ხელისუფლებაში მოსული ადამიანი საკუთარი ნებით აპირებს ძალაუფლებაზე უარის თქმას, ნამდვილად სიახლეა საქართველოს ისტორიისთვის და შესაბამისად, დასაფასებელიც შეიძლება იყოს, მაგრამ ხომ არ ჩქარობს ამ ნაბიჯის გადადგმას ივანიშვილი? მისი პოლიტიკური ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მას თავისი შემცვლელიც უკვე შერჩეული ჰყავს. მედია სავარაუდო კანდიდატად ყველაზე ხშირად შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განიხილავს, რომელსაც, როგორც ამბობენ, განსაკუთრებულად ენდობა ბიძინა ივანიშვილი და თანაც მისი ბოლოდროინდელი მუშაობით ძალიან კმაყოფილია. ასევე დასახელდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილის კანდიდატურებიც, თუმცა არც ერთი და არც მეორე ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად არ განიხილება. დასახელდა ბიზნესმენ ლევან ვასაძის კანდიდატურაც, რომელიც სულ იმას ამტკიცებს, რომ არ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, თუმცა მაინც მუდმივად ცდილობს შეინარჩუნოს ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე, თავს გვახსენებს თავისი პოლიტიკური განცხადებებით და სწორედ პოლიტიკური შინაარსის პუბლიცისტური წერილებით.
თუ გავითვალისწინებთ მის მეგობრობას გიორგი მარგველაშვილთან, რომელსაც განსაკუთრებული სიახლოვე აქვს ივანიშვილთან, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვასაძის გაპრემიერება საფუძველს მოკლებული არც იყოს, თუ, რა თქმა უნდა, ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა. პრემიერი მუდმივად ლაპარაკობს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარებისთვის იმგვარი სისტემის შექმნაზე, რომელიც ამ პროცესს შეუქცევადს გახდის, ოქტომბრამდე ამის მოსწრება ძალზე საეჭვოა. მით უფრო, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები კვლავაც მთელი სიმწვავით დგას, ლუკმაპურის ძიებას გადაყოლილი რიგითი მოქალაქისთვის ნამდვილად გაუგებარი იქნება ივანიშვილის გადაწყვეტილება. დემოკრატიული განვითარება ბუნებრივი, ევოლუციური პროცესია, ამას შესაძლოა, სახელმწიფომ ან კერძო მეცენატმაც შეუწყოს ხელი, მაგრამ სრულიად წარმოუდგენელია ხელოვნურად სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბება და დემოკრატიის დამყარება, რომელსაც ზოგჯერ ერთპიროვნულადაც კი გვპირდება ივანიშვილი, მეტიც - ის ხშირად ამბობს, რომ ისეთ დემოკრატიას დაამყარებს, ევროპასაც რომ გააოცებს. ბუნებრივია, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა თვითონ კოალიციაშიც ბევრ რამეს შეცვლის. ექსპერტთა ნაწილი უკვე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ლაპარაკობს, ვინ აღმოჩნდება ასეთ შემთხვევაში კოალიციის მემკვიდრე მისი ამჟამინდელი სუბიექტებიდან და ვის მოუწევს ოპოზიციაში წასვლა - ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა კოალიციის შიგნით ამაზე ფიქრი და ამისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია, რასაც, სავარაუდოდ, ივანიშვილის განცხადება ერთიორად დააჩქარებს.