"ევროპას და ამერიკას კი არაფერი არ მოუთხოვია... ჩვენ ვერ დავაყენეთ ჩვენი თავი იმ დონეზე და საფეხურზე, სადაც საჭირო იყო.... ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი ინტერესების წარდგენა ისე, რომ თავი არ დაგვემცირებინა... სულ იმ პოზიციაში ვიყავით ან სხვების შემცქერი, რამდენს მოგვცემენ (და ეს მიღებული კი უფრო ხშირად კერძო ჯიბეებში მიდიოდა, ვიდრე ქვეყნის საკეთილდღეოდ), ან რითი ვასიამოვნოთ და შევუსრულოთ უთქმელი მათი ოცნებები. ეს მიდგომა ჩვენს მიმართ არც დიდ პატივისცემას ბადებდა, არც თანასწორობის განცდას ჩვენში!
ან კიდევ ჩვენ შევდიოდით თანადროულად მეტიჩრების და მოვაჭრეების როლში, ანუ "კიდევ რამდენი ბარტყი გადმოგიდგოთ", რათა " მიმიღო შენს სამოთხეშიო"... საკითხავი და შესადავებელი ავღანეთში მონაწილეობა კი არ არის და არც იყო - რაც ჩვენი საერთაშორისო სოლიდარობის და თანამეგობრობის ღირსეულ ნაწილად ჩამოყალიბების სწორი და სრულიად მისაღები საშუალება იყო - არამედ საკითხავია, რატომ არ ჩატარებულა უშიშროების საბჭოს მიერ (ესოდენ მოდაში რომ შემოვიდა ეხლა და ასე იშვიათად რომ იკრიბებოდა ადრე) აუცილებელი შეფასება თუ რამდენი ჯარისკაცი და რომელ რეგიონში (რაღა მაინცდამიანც ჰელმანდი, რომელიც ყველაზე საფრთხის მომცველია) გვესახებოდა ჩვენი მონაწილეობა... წაკუზვა, სამწუხაროდ, ჩვენი ჩვევაა, როგორც ყოფილი კოლონიალური ქვეყანა) და არა სხვისი თხოვნა ან მითითება... თუ არ დაუდგები სხვას მაგრად და ღირსეულად, თან მისთვის გასაგები არგუმენტებით, არა წივილ-კივილით და არა ლანძღვა-გინებით, არამედ გონივრულად და ზომიერად, არავინ სხვა, მოკავშირე იქნება
თუ მტერი, არ ჩაგვთვლის სერიოზულად და პატივსაცემლად, და აქედან გამომდინარე, რადგანც ამის საშუალებას შენ თვითონ აძლევ, გამოგიყენებს კიდევაც!
თუ არ იცი შენი ინტერესები და როგორ დაიცვა ისინი მოლაპარაკებების გზით, თანმიმდევრულად არც დაჩოქებით, არც კუდის ქიცინით, მაშინ სულ აღმოჩნდები დამცირებულ პოზიციაში... და ეხლა რომ მესმის იმაზე მსჯელობა, თუ რა წითელი ხაზები გაატარა რუსეთმა, კიდევ ერთხელ მიკვირს. და ვშიშობ, რომ ჯერ დამოუკიდებლობა ჩამჯდარი არა გვაქვს სხეულში და სულში... რამეთუ წითელი ხაზები ჩვენი სად გადის, ის უნდა ვიცოდეთ და იმას უნდა ვადგენდეთ... ეს არის გზა იმისათვის, რომ არც დაჩოქილნი და არც დაპირისპირებულნი, ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ ყველა სიტუაციაში. იმისათვის, რომ დამთავრდეს ეს ხტუნაობა პროამერიკულიდან პრორუსულისკენ, და პროქართულობამ, ოღონდ არა იზოლაციამ, და არა ჩაკეტილ და სხვების მიმართ დახურულ პროქართველობამ, ბოლოსდაბოლოს თავი დაიმკვიდროს!"