შსს-ს მიერ ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული კადიევი მიხეილ სააკაშვილის მფრინავის სახლში ცხოვრობდა

შსს-ს მიერ ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული კადიევი მიხეილ სააკაშვილის მფრინავის სახლში ცხოვრობდა

შსს-ს მიერ ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული პირები მიხეილ სააკაშვილის მფრინავის სახლში ცხოვრობდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სარწმუნო წყარომ აცნობა. აღნიშნულის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა.

შეკითხვაზე: "ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას, რომ შსს-ს მიერ დაკავებული მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის, კერძოდ, მისი პირადი მფრინავის, ვერტმფრენების კომპანია "თუშეთის" მფლობელის, ზაურ ქორთოშიძის კუთვნილ სახლში ცხოვრობდნენ?", გიორგობიანმა განაცხადა: "დიახ, მე გიდასტურებთ, რომ კადიევს ნაცნობობა აკავშირებს ზაურ ქორთოშიძესთან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ცხოვრობდა ქორთოშიძეების კუთვნილ ბინაში. ეს პიროვნება უკვე დაკითხულია ჩვენს მიერ და მან ამის შესახებ განუცხადა უკვე გამოძიებას".

როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომზადების სტადიაზე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა აღკვეთა. როგორც საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი.

მათი დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.

ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული.

"ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე და გვსურს დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით", - განაცხადა გიორგობიანმა.