ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული კადიევი რუსეთში იძებნება

ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული კადიევი რუსეთში იძებნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.

„ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული“, - აცხადებს ნინო გიორგობიანი.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე. უწყება ქვეყნის მოქალაქეებს არწმუნებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით.

დაკავების ფაქტზე კომენტარი ჟურნალისტებთან მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, გამოძიებას შინაგან საქმეთ სამინისტრო აწარმოებს, თუმცა ძიების პროცესში პროკურატურაც არის ჩართული. ასევე კბილაშვილის თქმით, ამ ეტაპზე დაკავებულებსა და თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეორგოლებს შორის კავშირი დადგენილი არ არის. დამატებითი ინფორმაციის გახმაურებისგან მთავარი პროკურორი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს იკავებს.

მიკაილ კადიევთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია აქვს ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს. მისი თქმით, კადიევი ერთ-ერთია იმ ორი პირიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაუჩინარდა და რომლებსაც ოჯახის წევრები და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეძებდნენ.

„კადიევი იყო იმ ორ ძებნილს შორის, რომელთაც ოჯახები ეძებდნენ. ერთის გვარი იყო მაგომედოვი, ხოლო მეორის კადიევი. კადიევი ჩეჩენთა ჯგუფთან ერთად იყო ჩამოყვანილი საქართველოში 2010-2011 წლებში. ამ ჯგუფის წევრი ახლა დაკავებული ყავთ თურქეთის სპეცსამსახურებს. რომ გითხრათ, ესენი იყვნენ რაღაც საერთაშორისო ტერორისტები, ასე არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი იყვნენ შემსრულებლები, რომელთაც ჰქონდათ მიღებული გარკვეული დავალება“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი არის რუსლან პაპასირი, იგივე „ზოონი“, ადამიანი, რომელსაც ჩამოჰყავდა ლაფანყურის მონაწილე ჩეჩნები თბილისში. არეშიძის თქმით, კადიევიც ამ ჯგუფიდან არის და შესაბამისად, ეს ადამიანი, როგორც ჩანს, მიბმულია ლაფანყურის მოვლენებზე.

„როგორც ჩანს, ეს დაკავებულები იმ ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც თურქეთშია დაკავებული, ამ ჯგუფის ხელმძღვანელია სუფიან ახმედოვი, ჯერ კიდევ ინგლისის სპეცსამსახურების მიერ ძიებაში მყოფი ძალიან ცნობილი ტერორისტი. მაშინ, მან ინგლისელებს ჩვენება მისცა, რომ ბერეზოვსკიმ მას ერთ-ერთი მსხვილი ფიგურის მკვლელობა დაავალა. შემდგ ახმედოვი გაათავისუფლეს. მოკლედ, სუფიან ახმედოვი საერთაშორისო ტერორისტია და, როგორც ჩანს, მისი ჯგუფის წევრები იყვნენ კადიროვი და სხვები“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, ამ ადამიანებს შეეძლოთ საკმაოდ დიდი ზიანი მიეყენებინათ ქვეყნისთვის. რაც შეეხება დაკავებულთა ბინიდან ამოღებულ იარაღს, მამუკა არეშიძე განმარტავს, რომ არაღი არ უკვირს, რადგან ეს იარაღი ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ამ ჯგუფს 2010-2011 წლებში თავად დაურიგეს, თავისი ცნობებით და დამადასტურებელი დოკუმენტაციით, რომ ისინი საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები იყვნენ. ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებით კი ექსპერტი სვამს კითხვას - „საინტერესოა, რატომ ჰქონდათ მათ ეს ასაფეთქებელი ნივთიერება და რისთვის ჰქონდათ განზრახული მისი გამოყენება?“.

ამ ეტაპზე ოფიციალური უწყებები დაკავებულთა შესახებ დამატებით განცხადებებს არ აკეთებენ, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს და იმედია გაირკვევა, საქართველოს მოქალაქეებს ელით თუ არა რაიმე საფრთხე ტერაქტების სახით და კიდევ უნდა ველოდოთ თუ არა ტერორისტების დაკავებას.

აღსანიშნავია, რომ მიკაილ კადიევზე რუსეთის პოლიციას 2010 წლიდან ძებნა აქვს გამოცხადებული. რუსული პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კადიევი 1982 წელს დაღესტანში არის დაბადებული და ამჟამად მკვლელობისთვის იძებნება. საქმე ეხება 2009 წლის 27 სექტემბერს მოსკოვში ალიმსოლტან ალხამატოვის (დაღესტანის ქალაქ ხასავიურტის მერი) მკვლელობას, რომელშიც კადიევთან ერთად, კიდევ, ოთხი პირი იყო ბრალდებული. მათგან ერთ-ერთი, თავდამსხმელების მძღოლი ჰაბიბ ბუდაიხანოვი მკვლელობის დღესვე დააკავეს. კიდევ ორი ბრალდებული პოლიციამ ხასავიურტში აღმოაჩინა და ერთ-ერთი მათგანი, გილანი საიპოვი დააკავა. მეორემ კი, ზაურბეკ მაგომედოვმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და რუს სამართალდამცავებს მისი ლიკვიდაცია მოუხდათ.

ალხამატოვის მკვლელობაში ბრალდებული მეხუთე პიროვნება გერმანიაში იყო დაკავებული და პოლიტიკური თავშესაფარიც მოითხოვა, თუმცა მას ამაზე უარი ეთქვა. 2012 წლის დეკემბერში კი მისი რუსეთში ექსპტრადიცია მოხდა და მკვლელობის ბრალდებაც წარედგინა. რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლამატოვის მკვლელობა სავარაუდოდ დაღესტანში ორი გავლენიანი კლანის - ალხამატოვების და უმახანოვების დაპირისპირებას და მათ შორის ძალაუფლების გადანაწილებას უკავშირდება.