"ამ ვიდეოს წარმომავლობას არაფერი აქვს საერთო "თალიბანთან", არსებული მონაცემებით, ვიდეო ატვირთულია საქართველოდან, IP მისამართი იდენტიფიცირებულია, ასევე დადგენილია ადგილმდებარეობა. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მასში ჩართულია FBI და ასევე აქტიურად გვეხმარება ისრაელის მხარე", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. ჯიჰადის მუქარის ვიდეორგოლების თაობაზე უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა თითქმის რვათვიანი პაუზის შემდეგ უშიშროების საბჭოს სხდომა ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ მოიწვია. განსახილველი საკითხები ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს კონტინგენტზე თავდასხმის ფაქტებსა და ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ზემოთ ნახსენებ მუქარის ვიდეორგოლებს შეეხებოდა. ვარაუდობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამჟამად მაინც დაესწრებოდა სხდომას საკითხთა სიმწვავიდან გამომდინარე, თუმცა, როგორც მანვე განმარტა, სწორედ ეს საკითხები არ აღმოჩნდა მისთვის საინტერესო.
ფაქტია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უშიშროების საბჭოს სხდომები არ გამართულა, ვიდრე ზუსტად ბიძინა ივანიშვილმა არ შეახსენა უშიშროების საბჭოსა და მის მდივან გიგა ბოკერას თავისი უფლება-მოვალეობები. საკითხის სიმწვავისგან გამომდინარე, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, სხდომას თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა პრემიერიც დასწრებოდა... სხდომა დახურული იყო. სავარაუდოდ, დაანონსებულ საკითხებს დაემატებოდა პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ურთიერთობის თემა, რომლის თაობაზეც მაია ფანჯიკიძე აპირებდა კითხვების დასმას - ეს ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა. საქმე ის არის, რომ აშკარად ჩანს პრობლემები პრეზიდენტსა და საგარეო უწყებას შორის. ცნობილია, რომ რიგ ქვეყნებში დასანიშნი ელჩების კანდიდატურებს სააკაშვილი უკვე თვეები არ ამტკიცებს, ამასთანავე, ერთგვარი შეუთანხმებლობა ჩანს პრეზიდენტის უცხოური ვიზიტების დაგეგმვისასაც. მაგრამ საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო საკითხი ალბათ იმ ვიდეორგოლების წარმომავლობა უფროა. ინტერნეტსივრცეში სწორედ ჩვენს ბაზაზე ტერაქტის განხორციელებამდე გამოჩენილმა ვიდეომუქარამ გვარიან საფიქრალში ჩააგდო მთელი ქვეყანა. ჯერ პრემიერ-მინისტრმა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაადასტურეს და უკვე სადავო აღარ არის, რომ ეს ვიდეორგოლები საქართველოდან აიტვირთა, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს. ის, რომ საქართველოს წინააღმდეგ გავრცელებული მუქარა მანამდე "თალიბანის" თუ სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ვიდეომიმართვებს არ ჰგავდა, ამაზე ექსპერტები პირველივე დღიდან ლაპარაკობდნენ. აღსანიშნავია ერთიც - როდესაც საქმე ტერორიზმს, მით უფრო საერთაშორისო ტერორიზმს ეხება, ალბათ, გამოძიებას უამრავი ასპექტის გათვალისწინება მოუწევს. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ვიდეორგოლების დამამზადებლისა და გამავრცელებლის პოვნაა მნიშვნელოვანი, არამედ უპირველესად იმის დადგენაც, ვინ და რა დგას ამ ყველაფრის უკან. "საპარლამენტო უმცირესობის წევრების რეპლიკები, რომ გამოძიება ნელი ტემპით მიმდინარეობს, ნიშნავს იმას, რომ მათ ან წარმოდგენა არა აქვთ გამოძიებაზე, ან ეს არის პიარზე გათვლილი განცხადებები, რაც შეუსაბამო და არაკომპეტენტურია. თუ არ ენდობიან FBI-სთან ერთად წარმოებულ გამოძიებას, მაშინ გამოვიდნენ და ღიად თქვან, თუ არადა, ნება იბოძონ, დაელოდონ გამოძიებას და მერე გააკეთონ განცხადებები. ეს საქმე ასე მარტივად გამოსაძიებელი არ არის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, ამ ვიდეოს გავრცელების მიზანი პანიკის დათესვა და ეიფორიის შექმნაა.
თუმცა ჩვენში დროის გასვლასთან ერთად ეს საკითხი პოლიტიკური კინკლაობის მიზეზად იქცა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მტკიცებით, ეს კლიპები ჰგავს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კლიპებს, დასახელდა ასევე კონკრეტული ადამიანიც - კოკა ყანდიაშვილი, რომელიც პრემიერის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. პარლამენტარი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ავრცელებდა მოსაზრებას, თითქოს ეს ძალიან წააგავდა ბერა ივანიშვილის სტუდიაში მომზადებულ ვიდეორგოლს. თავის მხრივ, კოკა ყანდიაშვილმა ამ ყველაფრის უკან "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესი დაინახა და ამის შემოქმედთა შორის გიორგი არველაძეც დაასახელა. მოკლედ, ეს საკითხი იქცა პოლიტიკუ
რი დაპირისპირების მიზეზად, რაც გამოძიების დასრულებამდე სრულიად გაუმართლებელია. პრემიერის თქმით კი, ამგვარი ვიდეორგოლების დამზადებაში "ნაციონალური მოძრაობაა" დახელოვნებული და ქვაც სწორედ მათ ბოსტანში ისროლა. მანვე თქვა, რომ "ქართული ოცნება" თამაშის ასეთ წესებს არ ცნობს, თუმცა ის ამასვე აცხადებდა მაშინ, როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ამის უკან სწორედ ხელისუფლების წარმომადგენელი, კონკრეტულად კი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იდგა. მაგრამ სრულიად გაუგებარია, რა მოტივი და მიზანი შეიძლებოდა ჰქონოდა "ქართულ ოცნებას" ამ კლიპის მომზადებისა და გავრცლების შემთხვევაში. ამ ურთიერთბრალდებებში თითქოს საერთოდ დაიკარგა ამ ყველაფრის უკან მესამე, გარე ძალის არსებობის ვერსია, არადა, რეალურად შესაძლოა ამის უკან მართლაც იდგეს ძალა, რომელმაც ახალი "ქართლის ჭირის" გავრცელებით ყველაზე მეტად მოითბოს ხელი. აშკარაა, რომ მომხდარის მერე კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენში უარყოფითი დამოკიდებულება როგორც ზოგადად დასავლეთის, ასევე კონკრეტულად ნატოს მისამართით. გახშირდა კითხვები, ღირს კი ჩვენი დასავლური მისწრაფება ქვეყნისთვის ამგვარი საფრთხეების შექმნის ფასად?! თუმცა ეს ზედაპირული კითხვებია და დიდწილად რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ ვიდეორგოლების დამზადებაში სწორედ რუსული კვალი ვეძებოთ.