რიტუალური ცეკვები გიგა ბოკერიას გარშემო

რიტუალური ცეკვები გიგა ბოკერიას გარშემო

ვისთვის არის საშიში უშიშროების საბჭო?

პოლიტიკურ მოვლენათა ეპიცენტრად უშიშროების საბჭოს ქცევა ამჯერად არა პრეზიდენტს, არამედ უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას დაუკავშირდა, რომელიც სააკაშვილის „ნაცრისფერ კარდინალადაა" ცნობილი. ისე, რამდენი „ნაცრისფერი კარდინალი" შეიძლება იყოს ქვეყანაში? ვანოც „ნაცრისფერი კარდინალი" იყო, ადეიშვილიც, ბოკერიაც? ლევან რამიშვილიც? მეფის კარზე კარდინალი ერთია. მაგალითად ლუი მეცამეტეს ყავდა კარდინალი რიშელიე, - არა ნაცრისფერი, არამედ გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე.
სინამდვილეში ამდენი „ნაცრისფრის" შერევით ერთი ლამაზი და ელვარე ფერი არ გამოვა, რაკი სინამდვილეში არც კარდინალებთან გვაქვს საქმე და მათ ფერზე მსჯელობა სრულიად უადგილოა. უშიშროების საბჭოს მდივანი ბოკერია კი კარდინალი ნამდვილად არ არის. აქედან გამომდინარე, ვერც „ნაცრისფერი" იქნება. უფრო, კახური ანეგდოტების იმ პერსონაჟს ჰგავს, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, ჯიქურ მიჰყვება თავის ხაზს და, სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით, მიშასაც კი სჯობნის თუ სჯაბნის: სწორედ მისმა ფიგურამ აიძულა პრემიერ-მისნიტრი ივანიშვილი დაეშვა კიდევ ერთი სერიოზულ შეცდომა, როდესაც უშიშროების საბჭო „უმოქმედობის" გამო გააკრიტიკა. სინამდვილეში, რასაკვირველია, საბჭოს აპარატს გულისხმობდა, რომელსაც ბოკერია უდგას სათავეში, თორემ უშიშროების საბჭოს უმოქმედობა იმას ნიშნავს, რომ მისი წევრები არ აკეთებენ არაფერს. მათ შორის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ საბჭოს მუდმივი და სრულუფლებიანი წევრია.

არადა, 1 ოქტომბრიდან დღემდე, პრეზიდენტმაც და მისი სათათბირო ორგანოს მდივანმაც არაერთხელ გამოთქვეს სურვილი, შეკრებილიყო უშიშროების საბჭო. მიშას ძალიან უნდოდა, პრემიერი ივანიშვილი ხელმარჯვნივ ეხილა მაგიდასთან, რაკი ძალაუფლების მისეულ ტექნოლოგიაში „სატელევიზო ხატს" განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ყოველთვის. თუმცა, ეს ხომ პრემიერსაც ესმოდა და ისტორიული ფრაზის შემდეგ („ჩვენ სააკაშვილს მოვექცევით არა ისე, როგორც იგი იმსახურებს, არამედ . . . .") რაც პრეზიდენტის სასახლესთან პირველი შეხვედრისას თქვა, იმავე სასახლეში სააკაშვილის ხელქვეითად წარმოჩენა ნამდვილად არ ეპიტნავებოდა.

ოღონდ, ასეთ შემთხვევაში, რა რჯიდა უშიშროების საბჭო „უმოქმედობისთვის" გაეკრიტიკებინა? ბუნებრივია, მიშამ უმალვე ისარგებლა მისი შეცდომით და ჯერ ბოკერია გამოიყვანა წინა პლანზე, შემდეგ კი, თვით საბჭოს სხდომაც მოიწვია. ყველაზე კომიკური ამ სვლაზე მთავრობის წევრთა რეაქცია იყო. ბევრი მათგანი აშკარად დაიბნა და ბოლომდე არ იცოდა, რა პოზიცია დაეკავებინა: მისულიყო, არ მისულიყო . . . . თუ მივიდოდა როგორ მოქცეულიყო და ასე შემდეგ. ზოგი მივიდა, ზოგი არა, რითაც კიდევ უფრო აბსურდული სიტუაცია შექმნა.

მართლაც, თუკი უშიშროების საბჭოზე მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები არ განიხილება, - როგორც პრემიერმა აღნიშნა, - მაშინ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები „მოცლილები" ყოფილან და ესაა. სააკაშვილმა კი თავისი პარტია ბოლომდე ზუსტად შეასრულა: ბუნებრივია, ეთერში მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლა გადაიცა და არა მინისტრთა კითხვები: მაგალითად ელჩების დანიშვნა-არდანიშვნასთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ მიშა კახა იმნაძეს ელჩად არ დანიშნავს, რაკი „ვარდების რევოლუციის" დროს, CNN-თან ინტერვიუში რევოლუციის ლიდერს „ექსცენტრიკოსი" უწოდა მაშინ, როდესაც ეს ტელეკომპანია ლამის ვარდის სურნელს აფრქვევდა მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება თედო ჯაფარიძეს, - მან და მომავალმა პრეზიდენტმა ერთმანეთს ჯერ კიდევ 1996 წლიდან ვერ გაუგეს, როცა სააკაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სემინარებს კითხულობდა.

ივანიშვილის გარემოცვა თავს იმით იმშვიდებს, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტს სამიოდე თვე დარჩა, მაგრამ უშიშროების საბჭოს გარშემო განვითარებული ინტრიგა სამომავლო ხიფათებსაც შეიცავს, როდესაც გიგა ბოკერია ამ საბჭოს მდივანი აღარ იქნება: საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, „უშიშროების საბჭო" ერთადერთი ორგანოა, რომლითაც, ახალ პრეზიდენტს პროცესებზე ზემოქმედების საშუალება ექნება: „მას შეუძლია შექმნას საკუთარი უმრავლესობა საბჭოში" - აზუსტებს დემეტრაშილი. ანუ, საერთოდაც რომ გამოვრიცხოთ რომელიმე სხვა პოლიტიკოსის შანსები, გარდა გიორგი მარგველაშვილისა, ამ შემთხვევაშიც კი, კანონმდებლობაში გაწერილი ეს ინსტიტუტი ძალზე დისკომფორტული იქნება პრემიერისთვის: არც პრეზიდენტ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომებს დაესწრება? არადა, „როგორი დასასწრები" იქნება იმავე ფორმატში, ანუ პრეზიდენტის ხელმარჯვნივ? აბა პირიქით, თვითონ ხომ არ გაუძღვება სხდომას? მაშინ უშიშროების საბჭოს რიგით წევრად თვით სახელმწიფოს მეთაური აღიქმება! თუმცა, მარგველაშვილი ქართველია და ამ სიტუაციას დიდხანს ვერ მოითმენს. კლაუზევიცს უთქვამს: „პოლიტიკაში მთავარი არა სურვილი, არამედ პოტენციალიაო".

ამდენად, მარტივი პოლიტიკური ტექნოლოგიიდან გამომდინარე, პრემიერ ივანიშვილისთვის ბევრად უმჯობესი იქნებოდა, „უშიშროების საბჭოს" და მისი მდივნის არსებობა საერთოდ არ შეემჩნია, თორემ რაც გამოუვიდა, მხოლოდ პრობლემები მოუტანა. თან არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლოდაც. თუმცა, მიშას, მართლაც, სულ რაღაც სამი თვე დარჩა და მარქსისტული დებულების შესაბამისად, პრემიერის პოლიტტექნოლოგიურ შეცდომათა „რაოდენობა" კარდინალურ ცვლილებათა „ხარისხში" გადასვლას უბრალოდ ვერ მოასწრებს.