როგორ დააბნია კონკურენტები გიორგი მარგველაშვილმა

როგორ დააბნია კონკურენტები გიორგი მარგველაშვილმა

ავღანეთში, ქართულ ბაზაზე კიდევ ერთმა ტერორისტულმა თავდასხმამ შვიდი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. მომხდარს წინ უსწრებდა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოკლიპები, რომლის მიხედვითაც "თალიბანი" საქართველოს ჯიჰადს უცხადებს და ტერორისტული აქტებით ემუქრება, 11 ივნისის მდგომარეობით, როდესაც "ყველა სიახლე" მკითხველისთვის მზადდებოდა, ჯერ კიდევ დაუდგენელი იყო ვიდეოკლიპის წარმომავ­ლობა და მისი ავტორი, არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, მასთან კავშირი თალიბანს არც ჰქონდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოში გახშირდა ლაპარაკი ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხეზე. "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან ინტერვიუ სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ:

- საქართველო ჩართულია გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ერთი მხრივ, როგორც გარანტორი, მეორე მხრივ კი როგორც პროცესის სუბიექტი. შესაბამისად, აქ რამდენიმე საკითხი ერთდროულად დგება: - ჩვენ ვართ მთლიანი სამყაროს ნაწილი და ის რისკები, რაც სამყაროს წინაშე დგას, ჩვენც გვეხება. ეს არ არის მხოლოდ ქართულ არჩევანზე დამოკიდებული. ეს არის მთლიანი, გლობალური უსაფრთხოების რეალობა და ჩვენ ამას ვერსად გავექცე­ვით. ამის გათვალისწინებით ჩვენც ვიზიარებთ და ვინაწილებთ არსებულ პრობლემებს, ისევე როგორც აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროპის სხვა ქვეყნები და ა.შ. ეს ერთდროულად მძიმეც არის და საპასუხისმგებლოც. ამავდროულად, ჩვენ, როგორც ცალკე ქვეყანას, გვაქვს უსაფრთხოების ჩვენი თემები, რაზეც აუცილებელია მუშაობა.

- როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ვითარებაში საქართველოში ეს საფრთხე გაზრდილია? და რას აკეთებს სახელმწიფო არსებული რისკების პრევენციისთვის?
- ეს საფრთხეები მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ჩვენს ისტორიულ არჩევანთან და დროდადრო ეს შესაძლოა ძალზე მტკივნეულად შეგვეხოს, მაგრამ გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით ამ რისკების თვისობრივ ზრდაზე ჩვენ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ტერორისტული საფრთხის პრევენციისთვის საჭიროა საზღვრების მეტი კონტროლი და სავიზო პოლიტიკის გადახედვა.
- გეთანხმებით, საზღვრის საკითხი არის ერთ-ერთი კომპონენტი უსაფრთხოების თემაში და ამაზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, თუმცა ამ ეტაპზე რაღაც საგანგაშო ინფორმაცია ამ თვალსაზრისით ნამდვილად არ გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა ავღანეთში, ბუნებრივია, რომ ამ საკითხს ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები. ჯერ იყო პირველი თავდასხმა ჩვენს ბაზაზე, დაახლოებით ერთი თვის წინ, რასაც მოჰყვა მსხვერ­პლი, ახლახან კი მეორე. ეს ნამდვილად ძალიან მძიმე ფაქტებია, რაც გავლენას ახდენს ჩვენზე. ბუნებრივია, რომ საზოგადოებრივი აზრი მიმართულია ამ საკითხზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვნად გაიზარდა ტერორიზმის საფრთხე. რაც მოხდა, ამას განვიცდით და უნდა განვიცდიდეთ კიდეც, რადგან ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა, მაგრამ ამის უსაფრთხოების კონტექსტში გადატანა სრულიად სხვა თემაა. ვიმეორებ, ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, რომ ჩვენს ქვეყანას საშიშროება ემუქრება, არ გვაქვს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მუდმივად მუშაობენ ამ საკითხზე. უსაფრთხოების ყველა ტექნიკური და ოპერატიული დეტალი, რა თქმა უნდა, ვერ გასაჯაროვდება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არ არსებობს საფუძველი იმის თქმისთვის, რომ აქ რაღაც საგანგაშო მდგომარეობაა.

- ბატონო გიორგი, ამ დროისთვის(ინტერვიუ ჩაწერილია 11 ივნისს) ჯერ დადგენილი არ არის მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების წარმომავლობა და ავტორი. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ეს, შესაძლოა, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მომზადებულიც იყოს, დასახელდა კონკრეტული გვარ-სახელიც: კოკა ყანდიაშვილი, რომე­
ლიც სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობს.
- ვფიქრობ, ასეთ საკითხებს არ უნდა განვიხილავდეთ პოლიტიკურ კონტექსტში. სამწუხაროა, რომ ამასთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს პოლიტიკური ინსინუაციები. როდესაც საქმე ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, ამ შემთხვევაში ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია და ნაკლებად ვქმნიდეთ ხელოვნურ აჟიოტაჟს. ძალიან სამწუხაროა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ნაკლებად აქვს ერთიანი ეროვნული ინტერესების განცდა. მინდა გაგახსენოთ მოდელირებული "ქრონიკა". ამ დროს კარგად გამოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი იდეოლოგების ფსიქო-ფიზიკურ-პოლიტიკური მდგომარეობა. მათთვის ადვილია თამაში საზოგადოებისთვის უაღრესად მგრძნობიარე თემებით. ძალიან კარგია, რომ დღეს ამ ყველაფერზე "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტა მშვიდად, გაწონასწორებულად და პროფე­სიონალურად რეაგირებს. ჩვენ ვცდილობთ, პროფესიონალურ დონეზე განვიხილოთ ეს საკითხები. ვუფრთხილდებით თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და დაცულობას, აი, ეს განგვასხვავებს "ნაციონალური მოძრაობისგან", რომლის წარმომადგენლებსაც ძალიან უადვილდებოდათ მოდელირებული "ქრონიკის" მსგავსი პროპაგანდის კეთება. ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს ჩვენ განვიხილავთ პოლიტიკური კონტექსტის მიღმა, მათ შორის ამ კლიპებსაც. ყველაფერი კეთდება, რომ ეს გამოიძიონ არა პოპულისტურად, არამედ საფუძვლიანად. უნდა გაირკვეს, რას ემსახურება ეს კლიპები, რა მოხდა, ვინ დაამზადა, ვინ დგას დამამზადებლის უკან, ეს გამოიძიება და საზოგადოებისთვისაც მალე გახდება ცნობილი.

- მოდელირებული "ქრონიკის" ხსენებით სწორედ ყოფილ სახელისუფლებო გუნდზე ხომ არ მიანიშნებთ? ისედაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს გიორგი არველაძეს, რომელიც თავის დროზე მოდელირებული "ქრონიკის" სულისჩამდგმელი იყო …
- ვერ გეტყვით, ვინ და რა იდგა ამ კლიპების უკან. ჩვენ ასეთი თემებით არ ვთამაშობთ. სწრაფ და დაუფიქრებელ პოლიტიკურ განცხადებებს თუ ვინმე აკეთებს, შეცდომას უშვებს.

- ამ რამდენიმე დღის წინ მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს შვიდი წევრი აირჩია, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, აღმოჩნდა, რომ მოსამართლეთა კორპუსმა კვლავაც ძველი გზით ირჩია სიარული, შესაბამისად, სავარაუდოდ, იუსტიციის საბჭოზე გავლენას კვლავაც "ნაციონალური მოძრაობა" შეინარჩუნებს. ლევან ბერძენიშვილის თქმით, მას კონფერენციაზე განვითარებულმა პროცესმა საბჭოთა კავშირი გაახსენა, თქვენ რას იტყვით?
- სიმართლე გითხრათ, დეტალურად არ ვიცი, რა ხდებოდა ამ კონფერენციაზე, მით უფრო, ლევან ბერძენიშვილის ასოციაციებზე არც ვიკამათებ და ვერც ჩემსას მოგახსენებთ, მაგრამ ვიტყვი იმას, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ზოგადად ამ პროცესების მიმართ. ჩვენ ვაშენებთ ინსტიტუტებს, განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობისგან", რომელიც აშენებდა ლოიალობაზე დამყარებულ სისტემებს, იმიტომ, რომ მათ­თვის მნიშვნელოვანი იყო პიროვნული ერთგულება. ჩვენ აღარ ვაპირებთ ამ, ასე ვთქვათ, პიროვნული ბადეების შექმნას. ამ თვალსაზრისით ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს კანონისა და სიმართლის შესაბამისად, აქედან გამომდინარე, დაიგეგმა სასამართლო სისტემის გამართვა, თუმცა კარგად ვიცით, რომ ეს არ მოხდება მყისიერად. ჩვენი თამაშის წესებით, სასამართლო უნ­და გათავისუფლდეს ძლიერი ხელისგან, რაც დამკვიდრებული იყო წინა ხელისუფლებების დროს, თითოეულ ადამიანს ახალ საქართველოში ვაძლევთ შესაძლებლობას, იმოქმედოს თავისი სინდისისა და პროფესიული ღირსების ფარგლებში.

- თქვენი აზრით, მოსამართლეებმა ისარგებლეს ამ შესაძლებლობით?
- ამის თქმა ჯერჯერობით ძნელია. დღეს შეიძლება ამით არ ისარგებლეს და ისევ ძველებურად გააკეთეს არჩევანი, მაგრამ ეს დროებითია, საბოლოოდ აუცილებლად მოხერხდება, რომ შეიქმნას არა მხოლოდ ინსტიტუტები, არამედ ამ ინსტიტუტების პირუთვნელი საქმიანობის ტრადიციებიც. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა საბოლოოდ აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

- ბატონო გიორგი, უკვე დასახელებულია რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი, საინტერესოა, რას ფიქრობთ მათზე, ან როგორ რეაგირებთ იმაზე, ოპონენტები მუდმივად რომ გიწუნებენ პოლიტიკურ გამოცდილებას?
- უყურე შენ, ვინ მიწუნებს?

- ამაზე მიანიშნა თავის პრესკონფერენციაზე ნინო ბურჯანაძემ.
- რა გითხრათ... ვფიქრობ, ჩემმა ოპონენტებმა ზედმეტად თავმდაბლურად აღიქვეს ჩემი პირველი პოლიტიკური განცხადებები და შესაბამისად, ცოტა დაიბნენ ჩემი კრიტიკისას. მართალია, მიჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მინდა გავახსენო ყველას, რომ 1995 წლიდან თითქმის ყველა რეალური პოლიტიკური ლიდერის მრჩეველი ვიყავი. თუ მაღიარებდნენ პოლიტიკაში ადამიანად, რომელსაც რჩევების მიცემა შეეძლო, თუმცა არ ჰქონდა პოლიტი­კური ამბიციები, რატომ მიიჩნევენ დღეს, რომ პოლიტიკური გამოცდილება არ მაქვს? ამას რომ თავი დავანებოთ, მაინც ვინ არიან ჩემი კონკურენტები? არინ კი ისინი ის ადამიანები, რომელთაც პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებას მიაღწიეს? - არა მგონია ასე იყოს! მაინც რა პოლიტიკური ტრადიციის მქონეა ეს ხალხი? - არ ვიცი, აი, ჩვენ კი მოვდივართ სრულიად ახალი პოლიტიკური წესებით, სადაც ყველაფერი ნათლად ითქმის, სადაც არ არის ინტრიგა, სა­დაც ხალხს ვუზიარებთ ჩვენს გეგმებს, სადაც მოსახლეობას ნათლად ვეუბნებით იმ სირთულეებისა თუ წარმატებების შესახებ, რაც გვაქვს. რომელიმე ასეთი პოლიტიკური ტრადიციის ადამიანი მიპირისპირდება დღეს მე?! ვფიქრობ, რომ არა. მე უარს ვამბობ ინტრიგაზე, ინსინუაციებზე, სიყალბეზე, ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკური ტრადიციისა, რომელიც დანერგა ბიძინა ივანიშვილმა. რომელიმე ასეთი პოლიტიკური ტრადიციის ადამიანი მიპირის­პირდება?! მოკლედ, ხელისუფლებაში სრულიად ახალი კულტურის გუნდი მოვიდა და ამ პოლიტიკური ვექტორის გაგრძელებაა ჩვენი საპრეზიდენტო კამპანიაც. არაფერს ვმალავთ და არ ვიძლევით ტყუილ დაპირებებს, არ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკაში ტყუილი დასაშვებია, არც ბიზანტიური ტიპის ქვეთამაშებს ვაპირებთ. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ვფიქრობ, კონკურენციას ვერავინ გამიწევს. თუ პოლიტიკას საქართველოში კვლავაც ეძახიან ჭო­რებს, ტყუილ დაპირებებს, ინტრიგებს, მაშინ შეიძლება კონკურენტი მყავდეს კიდეც. ვფიქრობ, არავისთვისაა სიახლე, რომ ახალ პოლიტიკურ ტრადიციას და შესაბამისად, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, მომავალ არჩევნებზე გამარჯვების ძალიან დიდი პოლიტიკური შანსი აქვს.