თავდაცვაში თავები დაგორდება

თავდაცვაში თავები დაგორდება

ქართველი სამხედროების კვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი თანამდებობიდან განთავისუფლებულია. მიმდინარეობს გამოძიება. მოკვლევის დასრულების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ეს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა ქუთაისში, 11 სამხედრო მოსამსახურის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით მიიღო. 11 სამხედრო გადის შემოწმების სტადიას, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია მათი მოწამვლა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევას ფართომასშტაბიანი ხასიათი არ მიუღია, მან მიიღო გადაწყვეტილება და თანამდებობიდან გადაყენებულია პირი, რომელიც ჩვენი სამხედროების კვების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ასევე იგეგმება სამხედროების კვების მენეჯმენტის მთლიანად შეცვლა.

„მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი სახე ამ ფაქტს არ აქვს, მე მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილებები - თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნება ის მოხელე, ვინც ჩვენი სამხედროების კვების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ასევე, მთლიანად შეიცვლება „ქართული კვების კომპანიის” სტრუქტურა და მენეჯმენტი, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების კვებას.

ჩემთვის და მთელი თავდაცვის სამინისტროსთვის, ჯარისკაცის კვებით უზრუნველყოფა არის იგივე, რაც საკუთარ ოჯახში, საკუთარი შვილი უზრუნველყო საკვებით. აქედან გამომდინარე, ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა უკვე მიღებული. ამ საქმესთან დაკავშირებით გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თავები დაგორდება ყველასი, ვინც ვერ იაზრებს, რა პასუხისმგებლობაა, როცა გაბარია ჯარის კვება და მომსახურება“, - განაცხადა ირაკლი ალასანია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ჯარის კვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ოთხი ტენდერი შეწყდა. უწყების ინფორმაციით, 2013 წლის თებერვალში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფაზე, რეგიონული პრინციპის მიხედვით, 4 ტენდერი გამოაცხადა. 2013 წლის 11 ივნისს გამართულ სატენდერო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა, სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წლის 1-ელი მაისიდან სამხედრო მოსამსახურეები არანორმირებულიდან ნორმირებული კვების რეჟიმზე გადავიდნენ.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ ისინი გამოთქვამდნენ ცალკეულ უკმაყოფილებას ნორმირებული კვების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მთავარ ღირებულებას ჯარისკაცი წარმოადგენს, ამიტომ სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთვალისწინებინა სამხედრო მოსამსახურეთა სურვილი, სისტემაში აღედგინა არანორმირებული კვება და ამით მოესპო ის მცირედი დისკომფორტიც კი, რაც შესაძლებელია ეგრძნოთ სამხედრო მოსამსახურეებს.
ნორმირებულ კვებაზე გადასვლა, თავის მხრივ, სატენდერო დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას იწვევს, ამიტომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისია იძულებული გახდა შეეწყვიტა კვებით უზრუნველყოფის ტენდერები. 
თავდაცვის სამინისტრო იმედს იტოვებს, რომ ტენდერებში მონაწილე კომპანიებისათვის ზემოაღნიშნული არგუმენტები მისაღები და წონადი იქნება.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეცვლილია შეიარაღებული ძალების კვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. მისივე თქმით, უნდა იყოს არანორმირებული კვება. რადგანაც, სხვადასხვა პროცესის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნორმირებულ კვებაზე გადასვლა არ არის მიზანშეწონილი. ამიტომ, მისივე განცხადებით, მთლიანად შეიცვლება მიდგომა ქართული ჯარის კვების მიმართ. რაც შეეხება იმას, რამდენადაა შესაძლებელი აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი ტენდერი გამოცხადდეს, ალასანიას თქმით, ტენდერი შეიძლება მოგვიანებით ჩატარდეს.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თეონა აქუბარდია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის, რაც გუშინ მოხდა ხაზს უსვამს თებრევლიდან დღემდე ჩატარებულ სამუშაოებს.

„ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია, ადამიანები ვისაც ჰქონდა სურვილი, დავესწარით რამოდენიმე სატენდერო კომისიის სხდომას. პროცესი მიდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციების თანხლებით, მაგრამ შემდეგ, გაურკვეველი მიზეზების გამო, მოიწამლა 11 ჯარისკაცი. მინისტრმა შეცვალა მენეჯმენტი და განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ ახლახან დაადგინა, რომ თურმე არანორმირებული კვება უნდათ ჯარისაკცებს, ნორმირებული კვება არ უნდათ და ამიტომ შეჩერდა მთელი ტენდერებიო. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი აქამდე მიმდინარეობდა საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ, ძალიან კარგი იქნება ახსნან რა არის არანორმირებული კვება და რა არის ნორმირებული კვება,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე ამბობს, რომ ლოჯისტიკა აქილევსის ქუსლია ქართული შეიარაღებული ძალებისთვის. მისივე განცხადებით, შეიარაღებული ძალების მშენენლობის პროცესში დაშვებული იქნა შეცდომა, როდესაც აქცენტი კეთდებოდა საბრძოლო ოფიცრებზე, ხოლო ლოჯისტიკა თვლებოდა მესამე ხარისხოვან თემად შეიარაღებულ ძალებში.

„შეიარარებული ძალების წარმატების 80% დამოკიდებულია ლოჯისტიკის დეპარტამენტზე. რაც შეეხება კვების ბლოკს - აუცილებლად სისტემურად არის ეს საკითხი შესასწავლი. მაქსიმალურად უნდა იყოს კონტროლის მექანიზმები ხარისხის ვარგისიანობაზე. უნდა წარმოებდეს ჟურნალები და ამაზე უნდა აწერდნენ ხელს ყოველდღიურად, მენიუს შედგენისა და დამტკიცებისას, რამდენად სრულდება ქაღალდზე დაწერილი მენიუ რეალურად და რამდენად არის შესაბამისობაში.

ეს ყველაფერი გაწერილი უნდა იყოს წესდებაში, რომელიც არსებობდა ადრე „ჯეი4“ მაშინ ეს პროცესი გაწერილი იყო. არ ვიცი რა ხდება ახლა. ეს ყველაფერი ახალაიას მუშტზე იყო აწყობილი და ტერორის ქვეშ მიმდინარეობდა. მაგრამ, რეალური ბერკეტები ჯარში არ არსებობდა, მოშლილი იყო ყველაფერი. როცა მკაცრი მუშტი მოიშალა და აღარ არსებობს ასეთი ზეწოლა და ტერორი, ბუნებრივია, რომ ეს სისტემური პრობლემა ასეთი თავით წარმოჩინდა,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას აკია ბარბაქაძემ.

სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას განმარტებით, ქვეყნის „ნატო“ - ში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ლოჯისტიკის დეპარტამენტის გამართულად მუშაობა.

 „ეს არის არასაბრძოლო ტიპის მიმართულება, აქ არაფერი არაა საიდუმლო, პირიქით საზოგადოების დონეზე უნდა მოხდეს ამ საკითხის მოგვარება. აქ უნდა ჩაერთოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და აქტიური როლი უნდა ითამაშონ ამ პრობლემის მოგვარებაში. ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია,“ - აცხადებს ვახტანგ მაისაია.