"გამჭრიახი ადამიანი სამძიმარზე მისული ხალხის მასაში პროტესტს ამოიკითხავდა"
ავღანეთის ISAF-ის მისიაში ქართველების მრავალრიცხოვანი კონტიგენტის მონაწილეობა და თალიბების თავდასხმის შედეგად გაზრდილი მსხვერპლი ის თემებია, რომელიც ღრმა ანალიზსა და საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს. თავდაცვის სამინისტრო კი ბოლოდროინდელ ტერაქტებთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ მშრალ ინფორმაციას აქვეყნებს.
geotimes.ge ავღანეთის მისიაზე, გაზრდილ მსხვერპლსა და ნატო-ში შესვლის პერსპექტივებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ამჟამად კი IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის პრორექტორ გენერალ დავით თევზაძეს ესაუბრა:
- ბატონო დავით, ავღანეთის მისიაში მონაწილეობა, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის ნატოსთან სწრაფვასთან ასოცირდება და არა ტერორიზმთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის წვლილთან, სამხედრო თვალსაზრისით, რისი მომტანია ამ მისიაში მონაწილეობა?
- ამდაგვარ მისიებში მონაწილეობა, ზოგადად, ერთგვარი სიმწიფის მაჩვენებელია. მათი შედეგები ყოველთვის პოლიტიკური უფროა ვიდრე სამხედრო. ასე რომ, სამხედრო თვალსაზრისით, რისი მომტანია ამ კონკრეტულ მისიაში მონაწილეობა, ცოტათი ბუნდოვანია.
- ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების გამო, ხშირად პოლიტიკოსები, ექსპერტები, განცხადებებს ემოციურ ფონზე აკეთებენ, რეალურად ცოტა თუ ერკვევა ავღანეთში მიმდინარე პროცესებში, მეტიც ზოგჯერ სრულიად გაუაზრებლად საუბრობენ ჩვენი სამხედრო ბაზის განლაგებაზე, რეალური სურათი კი ძალიან ცოტამ, თუ იცის მათ შორის თქვენ, უპრიანი იქნება გავარკვიოთ საზოგადოება...
- ავღანეთში მიმდინარე პროცესებში მართლაც ცოტა თუ ერკვევა. მათ შორის მეც და ეს, ზოგადად, ცუდია. ბაზების განლაგებას რაც შეეხება, ვფიქრობ, ეს ის ცოდნაა, რომელიც ჯობია ცოტამ იცოდეს.
- არის მოსაზრება, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ჯარისკაცების მსხვერპლის გაზრდა უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფას უკავშირდება, როგორ ფიქრობთ, არის ამ ფატალური შემთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელი?
- ზოგადად, კონფლიქტის ზონაში ფატალური შედეგის აცილება შეუძლებელია. თუმცა თავად რისკების შემცირებაა შესაძლებელი და ეს ადექვატური მომზადებით, უსაფრთხოების გააზრებული სისტემითა და მკაცრი დისციპლინის პირობებშია შესაძლებელი.
- ჩვენთან მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ავღანეთში და საერთოდ სამშვიდობო მისიებში , უფრო მეტად სოციალურად შეჭირვებული ოჯახის შვილები მიდიან...
- ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ მაინც, მართლაც ასე უნდა იყოს.
- როგორია ნატოს არაწევრი ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც ასე მასშტაბურად არის წარმოდგენილი, ფიქრობთ თუ არა, რომ მასშტაბური მსხვერპლის შემდეგ კონტიგენტის სრულად გამოყვანა თუ არა შემცირება მაინც მოხდეს?
- ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამდაგვარი ნაბიჯისათვის მზად არ არის.
- ბატონო დავით, თქვენ გასულ წელს ჩვენთან ინტერვიუში საუბრობდით, რომ მსხვერპლი - ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და რაღაც მომენტში, ეს მივა იმ ზღვარამდე, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური მიზანი გახდება ნაკლებ მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ დღეს ეს ციფრი თითქმის გაორმაგებულია... ანუ ესეც არ არის ზღვარი?
- ზღვარს მაშინ გავაცნობიერებთ, როდესაც მასობრივი გამოსვლები დაიწყება მისიაში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის წინააღმდეგ. ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ ზღვარი რაიმე წინასწარ დადგენილი რიცხვი კი არ არის, არამედ ის ზომაა, რის მერეც საზოგადოება ხელისუფლების პოლიტიკურ ხედვას ენერგიულად უპირისპირდება. ჩვენი საზოგადოება, ჯერ-ჯერობით, საკუთარი მსხვერპლის ზომის გაცნობიერებას ახლაღა იწყებს. ამის პირველი ნიშანი, სხვათაშორის, სამძიმარზე მისული ხალხის მასაა, რომელიც ორი-სამი დღის წინ ვნახეთ. გამჭრიახი ადამიანი ამ მასაში პროტესტს უკვე ამოიკითხავდა.
- გასაგებია რომ ISAF -ის მისიაში ვმონაწილეობთ, მაგრამ დასმულა კითხვა, სხვის მიწაზე ბრძოლა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩვენც ოკუპანტები ვართ?
- ოკუპანტები არა, სატელიტები ვართ. ეს არის სინამდვილე, როგორადაც არ უნდა შევფუთოთ. ოკუპანტობას მეტი “შნო“ სჭირდება.
- ავღანეთი დიდი ხანია მსოფლიოსთვის აქილევსის ქუსლად იქცა, კეთდება განცხადებები , რომ 2014 წლის 31 დეკემბერს ავღანეთში მისია ამ ფორმით დასრულდება, თუ საქართველომ ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებები ამ დროისათვის შეასრულა, არის შანსი მისიის დასრულებამდე გავხდეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი?
- სავარაუდოდ, არა.
- რა უნდა გააკეთოს საქართველომ გარდა ISAF -ის მისიაში მონაწილეობისა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხი გავზარდოთ და თავიდან ავიცილოთ მეზობელ სახელმწიფოსთან კონფლიქტის განახლება, იმ ფონზე, როდესაც დღითიდღე გვიდგენს ოკუპანტი ქვეყანა ახალ საზღვრებს?
-არა მგონია, რომ ISAF -ის მისიაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხს ამჟამად რამენაირად ზრდიდეს. ეს, უბრალოდ, პერსპექტივაზე გათვლილი პოლიტიკური ვარაუდია. რაც შეეხება ოკუპანტს, ოკუპაციის საზღვარს, ის იმდენჯერ გადმოწევს, რამდენჯერაც ჩათვლის, რომ მას ეს დაუსჯელად შეუძლია. არაფერი უჩვეულო ამაში არაა. სულაც რომ გორამდე მოიტანონ ოკუპაციის ხაზი, ხმის გამცემი არ ვართ რეალურად. ესაა პრობლემა.
- ბატონო დავით, როგორ შეაფასებდით, პრეზიდენტის ასეთ ხშირ ვიზიტებს ავღანეთში და გავრცელებულ ვიდეოკადრებს სადაც პრეზიდენტი, ჯარისკაცებს ღიად ეკითხება რამდენი კაცი მოკალი, როგორ ფიქრობთ არის რაიმე კავშირში ამასთან თალიბების ასეთი გააქტიურება ?
- ვფიქრობ, რომ უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქცია მეტ სიდინჯეს ითხოვს.
- გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორ ხედავთ რუსეთისა და ნატოს გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში საქართველოს ადგილს?
-ძნელი სათქმელია. საქართველოსაც და ზოგადად ამიერკავკასიას ის ადგილი ექნება, რასაც დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები „მიუჩენენ“. სხვა სიტყვებით, რაზედაც ისინი შეთანხმდებიან. დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების თვისებაა: საბოლოო ჯამში, ისინი ყოველთვის პოულობენ კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც მათთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია.