პაველ ფელგენჰაუერი -

პაველ ფელგენჰაუერი - "კრემლი მიესალმება ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გაყვანას"

"რუსულ-ქართული ურთიერთობა სტაბილურად ცივი, ნელთბილია. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებმა მიიღეს, პუტინსა და სხვებს კრემლში სხვაც ბევრი საზრუნავი აქვთ და საქართველოს არ უკავია ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი რუსეთის მაღალჩინოსნების დღის წესრიგში... ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება უფრო დაბალ ეშელონებში მიიღეს, მაღალ დონეზე კი მხოლოდ დაამტკიცეს, დაადასტურეს, რადგან სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების რუსული პოლიტიკა უცვლელია, ამ მხრივ დათმობაზე წასვლას ახლა არავინ აპირებს. ასე რომ, ამ ეტაპზე ურთიერთობებში დიდი გარღვევა მოსალოდნელი არ არის, თუმცა არც კრიზისს უნდა ველოდოთ. თუ ივანიშვილი დაამყარებს საბოლოო კონტროლს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, შესაძლოა, მასთან უფრო სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყონ, თუმცა ეს მოვლენათა განვითარებაზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ და რითი დასრულდება გარდამავალი პერიოდი, ხელისუფლების გადაცემა სააკაშვილისგან ივანიშვილისთვის", - აცხადებს სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "კრემლი მიესალმება ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გაყვანას".

"ახლა კავკასიაში ომია, ეს ყველას კარგად ესმის, ამაზე საუბრობენ თათბირზე გენერლები, რომლებიც ამ ომში მონაწილეობენ. ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე იატაკქვეშა ბრძოლას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს; რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში იციან, რომ სწორედ ამის გამო ვერ ახერხებენ იქ სიტუაციის ძირეულად შეცვლას; ასეა დაღესტანში, ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთში... ამ ვითარებიდან თავის დასაღწევად უნდოდათ იქ მსოფლიო ტურისტული ცენტრის შექმნა, უზარმაზარი ფულის დაბანდება. ფიქრობდნენ, მოსახლეობა სასტუმრო-ოტელებში იმუშავებს და მეამბოხეების მხარდაჭერას შეწყვეტსო. ჯერჯერობით ამისგან არაფერი გამოდის... ამავე მიზნით შექმნეს ახალი, ჩრდილოეთი კავკასიის ფედერალური ოლქი, სადაც დაუმორჩილებელი, "ცუდი" (დაღესტანი, ინგუშეთი, ჩეჩნეთი...) რესპუბლიკები შეიყვანეს და მისი "გასაღები" ვიცე-პრემიერს, პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელ ხლოპონინს ჩააბარეს, მაგრამ ამანაც ვერაფერი შედეგი მოიტანა. ხელისუფლებას ჯერ არაფერი გამოსდის, სიტუაცია იქ სტაბილურად ცხელია, სისხლისღვრა გრძელდება, რაც მთელი კავკასიის რეგიონზე, რუსულ-ქართულ ურთიერთობებზეც აისახება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაველ ფელგენჰაუერი.

"2014 წლის ბოლოსთვის თვითონ ნატო გეგმავს ჯარის გამოყვანას ავღანეთიდან, იქ მხოლოდ ამერიკელი მრჩევლების მცირე ჯგუფი თუ დარჩება, მოკავშირეების უდიდესი ნაწილი კი გავა, ასე რომ, ქართველი ჯარისკაცების მისიაც ამოიწურება. თუ ამჟამინდელი მოვლენების შედეგად საქართველო ნატოსა და აშშ-ს დაშორდება, კრემლი ამას, ცხადია, მხარს დაუჭერს. მოსკოვის ხედვა ივანიშვილის ძირითადი მისიისადმი შესაძლოა, ასეთია _ საქართველოს დასავლეთთან დაშორება. ეს თანდათან თუ განხორციელდება, რადგან სიტუაცია საქართველოში ბოლომდე ერთმნიშვნელოვანი არ არის", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ტექნოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი სხვაგვარადაა _ დასავლეთი ულტრათანამედროვე იარაღით იბრძვის, რაც 1980-იანწლებში არ იყო. ისინი უფრო "ჭკვიან იარაღს" ყრიან ზემოდან, ამიტომ დანაკარგი საგრძნობლად მცირეა, თუმცა, უცვლელია ის, რომ ავღანეთის ხელოვნურად ცივილიზირება შეუძლებელია _ იქ არც სოციალიზმის აშენება შეიძლება, არც დასავლური ტიპის დემოკრატიის, ვერც საბჭოელებს გამოუვიდათ ვერაფერი და ვერც _ დასავლეთს... ახლახან მოსკოვში ავღანეთის საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაში ვმონაწილეობდი ომის ვეტერანებთან ერთად და ყველა აღიარებს, რომ ავღანეთიდან რაც მალე გამოხვალ, უკეთესია, ომის გაჭიანურება არც ნატოს აძლევს ხელს, ეს სისხლიანი და საკმაოდ ძვირად ღირებული კამპანიაა; ასე რომ, ჯარების, მათ შორის ქართული შენაერთის ავღანეთიდან გაყვანას მოსკოვი მიესალმება, თუმცა, მეორე მხრივ, ხვდება, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს სიტუაციის მკვეთრი დესტაბილიზაცია ყოფილ შუა აზიის რესპუბლიკებში, რაც რუსეთისთვის საშიშია. ამიტომ ავღანეთის პრობლემისადმი ორმაგი მიდგომაა: კრემლში არც ნატოსა და მისი მოკავშირეების იქ ყოფნა მოსწონთ და არც თალიბები, მოჯაჰედები. საქართველო ავღანეთიდან გავა და ყველაფერი ცუდი სიზმარივით დაავიწყდება, რუსეთი კი შუა აზიიდან ვერსად წავა", - დასძენს პაველ ფელგენჰაუერი.