ირაკლი კოვზანაძე: “საქართველოს აქვს ყველა პირობა, რომ ინვესტორებისათვის მიმზიდველი გახდეს”

ირაკლი კოვზანაძე: “საქართველოს აქვს ყველა პირობა, რომ ინვესტორებისათვის მიმზიდველი გახდეს”

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2013 წელს საქართველოში 800 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვა. საქართველოს მთავრობის გათვლით კი, 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი. ხელისუფლებას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა, რაც ხელსაყრელი პირობაა საინვესტიციო რესურსების მობილიზებისთვის.

ქვეყანაში შემოსული ინვესტიციები ეკონომიკის განვითარების ინდიკატორია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით, კარგად ჩანს, რა თანხები მოიზიდა ქვეყანამ და რომელ სექტორებში ნაწილდება ის.

საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არის აბსოლუტურად სტაბილური. ის დარწმუნებულია, რომ საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ინვესტიციის მოცულობა საქართველოში გაიზრდება.

“მაკროეკონომიკური გარემო სტაბილურია, საგადასახადო გარემო, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, არის ერთ-ერთი საუკეთესო.  დაბალი საგადასახადო განაკვეთები გვაქვს, მსოფლიოში ამ კუთხით მეოთხე ადგილზე ვართ. ამას ვგრძნობ იმ ბიზნეს ფორუმებიდან, რომლებსაც საპარტნიორო ფონდთან ერთად ორგანიზებას უკეთებს ჩვენთან არსებული საინვესტიციო სააგენტო. ამ რეზულტატებს ჩვენ წლის მეორე ნახევრიდან უფრო აქტიურად ვიგრძნობთ”, - აცხადებს კოვზანაძე და დასძენს რამდენიმე ფაქტორზეც, რაც საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად წარმოაჩენს.

“ბიზნესის წამოწყების სიმარტივე, ლიბერალური საგადასახდო რეჟიმი, ნაკლები ბიუროკრატიზმი, თამაშის საერთო წესები და დისკრიმინაციის, აგრეთვე კორუფციის არარსებობა, დაბალი საგადასახადო ტვირთი, სამუშაო ძალის შედარებითი სიიაფე და სხვა, არასრული ჩამონათვალი იმ პრეფერენციებისა, რომლებიც საქართველოს ინვესტორებისათვის მიმზიდველს ხდის. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ყველა ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ექცევა. არა მარტო იმიტომ, რომ ეს ქმნის ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს, ამაღლებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვანწილად ეროვნული ეკონომიკის გახსნილობის, ეკონომიკური გარემოს მიმზიდველობისა და “თამაშის საერთო წესებით” მოქმედების შესაძლებლობების საკმაოდ მგრძნობიარე ინდიკატორია.

შეგვიძლია თავლი მივადევნოთ მშპ მაჩვენებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: ყველაზე მაღალგანვითარებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების წევრი ქვეყნების (OEჩD) მიხედვით ეს მაჩვენებელი არ აღემატება 1.5 პროცენტს, ევროკავშირში (EU27) - 2.0 პროცენტია, ხოლო ყველაზე განვითარებულ მსოფლიოს 20 ქვეყნის მიხედვით (G20) - მხოლოდ 1.6 პროცენტი. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტია უცხოური ინვესტიციები, მით მეტია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები”, - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

მისი განმარტებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკური ზეწოლისაგან განთავისუფლების შედეგად კერძო ბიზნესს გამოუთავისუფლდა რესურსი (მოგება), რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ექვივალენტურია.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლიდან წლამდე იზრდება ჩვენი თანამემამულეების მიერ უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების მოცულობა. წელს მათი მოცულობა, წინასწარი შეფასებით, ალბათ, გადააჭარბებს 1.5 მლრდ დოლარს.  აღნიშნული გზავნილების სულ უფრო დიდი ნაწილი კი სწორედ საინვესტიციო დატვირთვისაა.

ამიტომ მთლიანობაში ვფიქრობ აღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით საქართველოს ეკონომიკაში ნამდვილად იქნება შესაძლებლობა 2 მილიარდი აშშ დოლარის საინვესტიციო რესურსის მობილიზებისთვის”, - აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

სპეციალსიტებს იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში ფულს დააბანდებენ საქართველოდან წასული ქართველი ბიზნესმენები. პროცესი ფართო მასშტაბებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღებს.

“საზღვარგარეთ ბიზნესში მოღვაწე ქართული წარმომავლობის, საქართველოდან გასულ პირებს საკმაოდ დიდი აქტივები გააჩნიათ და ისინი მზადყოფნას გამოხატავენ თავიანთ სამშობლოში ინვესტიციების განსახორციელებლად. პროცესი დაწყებულია და იგი თანდათანობით უფრო ინტენსიური გახდება. ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ აღნიშნული პროცესი უფრო ფართო და ყოვლისმომცველ მასშტაბებს მიიღებს.

საქართველოს აქვს ყველა პირობა, რომ ინვესტორებისათვის მიმზიდველი გახდეს. მაგალითად, მეზობელ თურქეთთან შედარებით ჩვენთან მოგების გადასახადი 1.3-ჯერ, საგადასახადო ტვირთი კი - თითქმის 1.5-ჯერ დაბალია, ხოლო სამუშაო ძალის ღირებულება (საშუალო ხელფასი) - 2.2-ჯერ ნაკლები. ამასთან, საქართველო თავისი მდებარეობით ბუნებრივად მოწოდებულია შეასრულოს გეოპოლიტიკური ჰაბის როლი მეზობელ რეგიონებში ენერგო და სხვა სახის რესურსების შეუფერხებელი და ოპერატიული მიწოდებისათვის”, - განმარტავს კოვზანაძე.

ზოგადად სახელმწიფოს მონაწილეობა გულისხმობს პასუხისმგებლობას უცხოელ ინვესტორთა გაწეული რისკის შემცირების საქმეში, რისკების მინიმიზაციას, შეიძლება ითქვას - პოლიტიკურ გარანტიებს.

“აღნიშნული სახით ბევრი სახელმწიფო, მათ შორის ეკონომიკურად საქართველოზე უფრო განვითარებული, ქმნის ერთობლივ ფონდებსა და სააქციო საზოგადოებებს უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ჩვენმა ახალმა ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ბიზნესისადმი მისი დამოკიდებულება იქნება მხოლოდ კანონის ფარგლებში და ამაზე მეტი აქტიურობა, არც ადმინისტრაციული და არც არაფორმალური, მას ბიზნესთან არ ექნება. ახალი ხელისუფლების პირობებში ნახევარ წელზე მეტი გავიდა და ვერც ერთი კერძო მეწარმე ვერ იტყვის, რომ მას ვინმემ აიძულა რამე ისეთი მოქმედების განხორციელება, რაც არაა განსაზღვრული ქვეყნის კანონმდებლობით, მათ შორის, საგადასახადო კოდექსით”, - დასძენს ირაკლი კოვზანაძე.