ანტიტერორისტული ზომები რომლებიც შესაძლოა, საქართველოში გამკაცრდეს

ანტიტერორისტული ზომები რომლებიც შესაძლოა, საქართველოში გამკაცრდეს

"21-ე საუკუნის ყველაზე გლობალურ საფრთხედ კვლავაც რჩება ტერორიზმი, მეტიც, მიუხედავად მასთან გამოცხადებული ბრძოლისა, ის უფრო და უფრო დიდ მასშტაბს იღებს და თითქმის ყველა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პრობლემა ხდება. ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ქართულ საჯარისო შენაერთზე ორგზის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ტერორიზმის საფრთხეზე საქართველოში ლაპარაკი გახშირდა, თუმცა იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც საქართველო იმყოფება, ამგვარი რისკები აქამდეც თვალსაჩინო იყო", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "ანტიტერორისტული ზომები რომლებიც შესაძლოა, საქართველოში გამკაცრდეს" / "გაძლიერდება აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოსულთა კონტროლი".

"საფრთხეები არსებობს, რის უარყოფაც არ იქნება სწორი. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლენაა ის, რაც დღეს ავღანეთში ხდება, ბოლო სამ კვირაში ათი დაღუპული გვყავს. ცხადია, რომ გამიზნულად უტევენ ჩვენს სამხედრო ბაზას, აქ შემთხვევითობა გამორიცხულია, თვითმკვლელ ტერორისტებს ქართული კონტინგენტი ჰყავთ მიზანში ამოღებული. არ მინდა ვთქვა, მაგრამ ამან ლამის სისტემური ხასიათი მიიღო. მოგეხსენებათ, ამ სფეროში მუშაობის საკმაო გამოცდილება მაქვს, წლების განმავლობაში ჩემ თვალწინ მიმდინარეობდა პანკისის ხეობის პროცესები, შესაბამისად, მე ასე მარტივად არ ვუყურებ ჩეჩნეთის გადახვეწილი მთავრობის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ლაფანყურში მომხდარში მთელი დატვირთვა საქართველოს მხარეზე და მის ყოფილ ხელისუფლებაზე წამოვიდა. აი, ეს ორი გარემოება ძალიან მაფიქრებს. მიმაჩნია, ორივე მიმართულებით სერიოზული, თანაც სწრაფი ღონისძიებებია გასატარებელი, როგორც ლეგალურად, ასევე სხვა მეთოდებითაც. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დადგინდეს, თუ რა მოხდა ლოპოტის ხეობაში. მართალია, რეალურ ინფორმაციზე არ მიმიწვდება ხელი, თუმცა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზითაც შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური ისლამის გაძლიერების კუთხით მაინცდამაინც სახარბიელოდ არ უნდა გვქონდეს საქმე. გარდა იმისა, რომ ეს წმინდად რელიგიურ საფუძველზე კონფლიქტების წარმოშობის საფრთხეს ქმნის, შესაძლოა, ტერორისტულად განწყობილი ადამიანების თავშესაფრადაც იქცეს", - აცხადებს უშიშროების ყოფილი მინისტრი ჯემალ გახოკიძე.

"ისე მოხდა, რომ წინა ხელისუფლებამ ვითომ ტურიზმის განვითარების მიზნით უკიდურესად გაამარტივა სავიზო მიმოსვლა ბევრ ისეთ ქვეყანასთან, რომელიც შორს არ არის ტერორისტული ორგანიზაციებისგან, რაც დიდი შეცდომა იყო. ტურიზმს ასე ვერ განავითარებ. აბა, ჩადით დუბაიში და ნახავთ, რამდენნაირი კონტროლის გავლა მოგიწევთ, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყოვლად დაუშვებელი იყო ყველასთვის კარის გახსნა ამ საბაბით, ეს საკითხი დროულადაა მისახედი. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ტერორიზმმა ჩვენს ქვეყანაში ფეხი მოიკიდოს, ეს მეტად ფართო ცნებაა და მარტო ტერორისტულ აქტებს არ ნიშნავს, ამას მოსდევს ნარკოტიზმი, მერე ნარკოტერორიზმი, მერე იარაღით ვაჭრობა და საბოლოოდ უდიდესი სახელმწიფოებრივი პრობლემები. პატარა სახელმწიფო ვართ, თან ტერიტორიებდაკარგული, საკმაოდ დიდი საფრთხეები გვაქვს გარედან და ვერც შიგნით გვაქვს საქმე დალაგებული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯემალ გახოკიძე.

"ზოგადად ჩრდილოკავკასიასთან მეზობლობა არის ის ფაქტორი, რომელიც მუდმივ ყურადღებას მოითხოვს ხელისუფლებისგან. მიმაჩნია, რომ ყოვლად გაუმართლებელი იყო წინა ხელისუფლების პოლიტიკა, როდესაც ჩრდილოკავკასიით ცდილობდნენ რუსეთის გაღიზიანებას, ამ პოლიტიკაში სად გადიოდა ზღვარი დეკლარირებულ განცხადებებს, ჩრდილოკავკასიელებთან ღია და ინტენსიურ ურთიერთობებსა და რაიმე სხვა ტიპის მანიპულაციებს შორის _ ძნელი სათქმელია. საქმე ისაა, რომ თუ ხელისუფლება რაიმე ფორმით საქმეს იჭერს ტერორისტებთან და მათი მანიპულირებით რაიმე მიზნის მიღწევას ცდილობს, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ თვითონვე ქმნის ტერორიზმის საფრთხეს. ხომ ცნობილია, რომ `ალ ქაიდა~ თავის დროზე ამერიკის სპეცსამსახურების იარაღი იყო, რომელიც მერე კონტროლიდან გამოვიდა. არ არის გამორიცხული, რომ თვითონ რუსეთმა ისარგებლოს ამ მიმართულებით და მის მიერ კონტროლირებადი ჯგუფები შემოუშვას, თან ხომ ვხედავთ, ბოლო ხანს რუსეთი როგორ გააქტიურდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, მგონი, ასეთი აქტიური 80-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. ათასი სხვა ასპექტია კიდევ, არავინ იცის ზუსტად, რა ბერკეტებს გამოიყენებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ, რათა მისთვის სასურველი სცენარით წარიმართოს მოვლენები, რუსეთი თავისი ინტერესების მისაღწევად შესაძლოა, ტერორისტული აქტების ინსცენირებასაც არ მოერიდოს სწორედ მის მიერ კონტროლირებადი ჩრდილოკავკასიელების მეშვეობით", - ხაზგასმით აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

"ყველა სიახლე" დაინტერესდა, აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების, კერძოდ, ანტიტერორისტული ზომების გამკაცრებას. ოფიციალური პირები ზოგად, დიპლომატიურ განცხადებებს აკეთებენ, რომლის მიხედვითაც, სიტუაცია სრულად კონტროლდება და საქართველოს მოსახლეობას არანაირი საშიშროება არ ემუქრება. თუმცა კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პრევენციისთვის, ანტიტერორისტული ზომები მაინც გამკაცრდება. "ამაზე აქტიურად მუშაობენ ქართული სპეცსამსახურები და მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერც ვერაფერს იგრძნობს. რამდენიმე მიმართულებას დაგისახელებთ, რომლის თქმაც შეიძლება. სავარაუდოდ, გაძლიერდება აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსულ მოქალაქეთა კონტროლი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი უფლებები დაირღვევა. უბრალოდ, უფრო მეტი დრო დაეთმობა მათი ვინაობისა და საქართველოში ვიზიტის რეალური მიზეზის გადამოწმებას. გაძლიერდება უსაფრთხოების ზომები მეტროპოლიტენში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სხვა ობიექტებზე, სამთავრობო შენობებში, ჰესებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ა.შ. ქართული სპეცსამსახურები კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ საქართველოში მოქმედ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მუსლიმანურ მოსახლეობასთან მუშაობენ. ბევრი მათგანი რეალურად ჰუმანურ მიზნებს ემსახურება, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ესეც ყოველგვარი ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე უნდა განხორციელდეს. დედაქალაქში გაძლიერდება ვიდეოკონტროლი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ორგანიზაციებს. მთავარია არ დაიწყოს პანიკა. თუმცა სიფხიზლე ყოველთვის საჭიროა. კარგია, რომ მოქალაქეები საეჭვო ჩანთების პოვნისას პოლიციას იძახებენ. თუმცა ეს რაღაც ისტერიაში არ უნდა გადაიზარდოს... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ საქართველოს რეალურად დაემუქრა ტერორიზმის საფრთხე, აუცილებლად მივიღებთ შეტყობინებას ამერიკული თუ ბრიტანული სპეცსამსახურებისგან. ჯერ ასეთი საფრთხე არ არის", - დასძენს გამოცემა.