ამ დღეებში საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვაზე. და, როგორც ხშირად მომხდარა, საზოგადოების ერთმა ნაწილმა მაშინ დაიწყო ავღანეთში მრავალრიცხოვანი ქართული ქვედანაყოფის ყოფნის აუცილებლობაზე საუბარი, როდესაც ტრაგედია დატრიალდა. ცხარე დისკუსიების ფონზე უკანა პლანზე გადავიდა ქართველი ჯარისკაცების თავდადება, არადა, ისინი „მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში“ მიდიან განწყობით, რომ იქ საქართველოს იცავენ.
„ანუ შენი დავალება რა არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: როდესაც გაიხსნება მოწინააღმდეგისაგან ცეცხლი, იკავებ კარგ პოზიციას და შენი მ-7-ით მოწინააღმდეგის ჯავშანტრანსპორტიორზე აწარმოებ დამიზნებით ცეცხლს. გასაგებია?
- გასაგებია!
- კაი კაცი ხარ!“
ეს ერთ-ერთი მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის საცეცხლე მომზადების წინა ბრიფინგია. ქალაქ გარდაბნიდან 10 კილომეტრით დაშორებულ ალგეთის პოლიგონზე მიმდინარე ბატალიონის სწავლებას გასული წლის ბოლოს დავესწარი. 33-ე ბატალიონი, რომელსაც ავღანეთში 2011 წელს უკვე ჰქონდა გატარებული ექვსთვიანი საბრძოლო მივლინება, ახალი შემადგენლობითა და ახალი აღჭურვილობით ინტენსიურ სწავლებას გადიოდა ავღანეთში ხელმეორედ გასამგზავრებლად. სასწავლო რეიდისას, რომელიც პოზიციაზე გასვლით და მოწინააღმდეგის საცეცხლე პოზიციის განადგურებით ზუსტად სამ წუთში უნდა დასრულდეს, ჯარისკაცებს ნამდვილი საბრძოლო ტყვიები აქვთ დარიგებული.
ამერიკული შაშხანები და ტყვიამფრქვევები წარმოსახულ მოწინააღმდეგეს, ანუ საგანგებოდ მოწყობილ სამიზნეებს, ცეცხლის წვიმას უშენენ. ფლანგებიდან თანამებრძოლების დაცვას ათეულის ყუმბარმტყორცნელები უზრუნველყოფენ. ჩასაფრებას იერიში და მოწინააღმდეგის განადგურება მოსდევს. ათეულის სერჟანტი საწყის პოზიციებზე დაბრუნებულ დაღლილ ჯარისკაცებს ბრიფინგს უტარებს და, შექების გარდა, შენიშვნებსაც აძლევს:
„გრიგოლია, შენ იყავი მაგათი მეთაური და ორივე ჯგუფი გყავდა გაყოფილი სტანდარტულად. სინქრონიზებული ცეცხლი კი გქონდა, მაგრამ იმ ტყვიამფრქვევებმა რაღაც მომენტში შეფერხება რომ მოგვცა, ამან შეაყოვნა ქვეითთა მოიერიშე ჯგუფის გადაადგილება წინ. დანარჩენი ყველაფერი კარგი იყო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რომ თქვენ ყველამ თქვენი საქმე მონდომებით გააკეთეთ და ფაქტი სახეზე დევს. თუ ვინმეს რაიმეს დამატება გსურთ, დაამატეთ, თუ არადა, შეგიძლიათ დაისვენოთ“.
როგორც გითხარით, 33-ე ბატალიონი ამჟამად ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, იმყოფება და მეორე თვეა ასრულებს საბრძოლო დავალებას. იქ უნდა იყოს ახლა კაპრალი მშვენიერაძე, ზრდილობიანი და დისციპლინებული ჯარისკაცი, რომელიც ჩემი ძალიან ჩვეულებრივი შეკითხვის პასუხადაც კი თვალს ხშირად აპარებედა შტაბის სერჟანტისკენ, თითქოს მისგან თანხმობას ელოდა.
რადიო თავისუფლება: ასეთ საბრძოლო რეიდებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?
კაპრალი მშვენიერაძე: კი, ავღანეთში ყოფნის დროს.
რადიო თავისუფლება: და ხშირია ასეთი რეიდები?
კაპრალი მშვენიერაძე: პატრულირებისას თითქმის ყოველთვის გიწევს, რადგან იქ სამშვიდობო მისიაა, მაგრამ საბრძოლო დავალების შესრულება გიწევს.
ჩვენი მთავარი მასპინძელი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სერჟანტი რამაზ ნადიბაიძე იყო. ახლა, სავარაუდოდ, ისიც იქაა, ავღანეთში, თავის ჯარისკაცებთან ერთად. საერთოდ, სერჟანტი ქვედანაყოფის ხერხემალია, იგი აგებს პასუხს განაწესის შესრულებაზე და, როგორც იტყვიან, ყველაფრის საქმის კურსშია. ჩემი თანამოსაუბრე ერთობ მოტივირებული სამხედრო აღმოჩნდა, ისევე როგორც სხვა მისი თანამებრძოლები, - მიმტკიცებდა, რომ ავღანეთში მოვალეობის შეგნებით მიდის.
„ჩემს მეუღლეს და ჩემს ოჯახს ეს გაცნობიერებული აქვთ. მე 18 წლის ვიყავი, როცა სამხედრო მოსამსახურე გავხდი და ამის შემდეგ სამხედრო ფორმა მაცვია. ეს ჩემი პროფესიაცაა და ჩემი საქართველოს სიყვარულიც. და ეს იცის ჩემმა მეუღლემ, ჩემმა ოჯახმაც და ჩემმა ყველა ახლობელმა ხალხმაც, რომ მე ეს უნდა გავაკეთო“, - მეუბნება რამაზ ნადიბაიძე, მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის უფროსი სერჟანტი.
ალბათ, ასეთი შეგნებით მიდიოდა ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესასრულებლად 33-ე ქვეითი ბატალიონის სამი ჯარისკაცი - უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე, რიგითი გია გოგუაძე და სერჟანტი რეზო ბერიძე, რომლებიც 2011 წელს დაიღუპნენ. ქვედანაყოფის ჯარისკაცებს სპეციალური ხსოვნის კუთხე აქვთ მოწყობილი ჰელმანდში განლაგებულ ქართველ მშვიდობისდამცველთა მთავარ ბაზა „შუკვანზე“, რომელიც ავღანეთში პირველად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ლეიტენანტ მუხრან შუკვანის სახელს ატარებს. ახლა ამ საარქივო მასალას რომ ვუსმენ, ძალაუნებურად ვფიქრობ ბაზა „შუკვანზე“ მყოფი 33-ე ბატალიონის მებრძოლებზე. მათ მეორე როტაციის დროს, საბედნიეროდ, არ აქვთ დანაკარგი. თუმცა შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, ისინი რომ იმავე ჰელმანდის პროვინციაში, 42-ე ბატალიონის ადგილზე აღმოჩენილიყვნენ, იმ ბატალიონისა, რომელმაც 6 ივნისს, ტერორისტული თავდასხმის დროს, 7 ჯარისკაცი დაკარგა.