"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე თავდაცვის სამინისტროს მიმართავს, ავღანეთში მყოფი ჩვენი სამხედრო შენაერთიდან გამოიწვიოს ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც იქ ჩასული მიხეილ სააკაშვილი ეკითხებოდა, რამდენი ავღანელი ჰყავდათ მოკლული. ნიკოლოზ მჟავანაძე აღნიშნავს, რომ ის კადრები, რომელიც გავრცელდა ტელევიზიითა და სოციალური ქსელით, საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ ავღანეთში მყოფ ჩვენს ჯარისკაცებს, არამედ ქვეყანასაც", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "სააკაშვილის განცხადებამ ქართველ სამხედროებს საფრთხე შეუქმნა".
"მედია საშუალებებში ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არ უნდა გავრცელებულიყო, რადგან აქ საუბარი იყო იმაზე, რისი ასე აფიშირება და ხაზგასმა არ შეიძლებოდა. იქ სხვა ადამიანებიც არიან აღბეჭდილები და ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. მინდა მივმართო ბატონ ირაკლი ალასანიას, რომ ეს ხალხი გამოიწვიოს ავღანეთიდან. შეიძლება ამ ბიჭებმა არ გამოხატონ ამის სურვილი, მაგრამ, რეალურად, უპრიანი იქნება, რომ ეს სამხედროები გამოწვეული იქნას ავღანეთიდან და ის საკონტრაქტო პირობები, რაც არის გათვალისწინებული, დაიცვან საქართველოში და აქ იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ვინაიდან არის ძალიან დიდი საფრთხე. აღნიშნული მასალა ჩაუვარდათ ავღანელებს. ისინი ატრიალებენ ამ ვიდეორგოლს და აპირებენ შურისძიებას ქართველ ჯარისკაცებზე", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.
"სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს თავის იმ ქმედების გამო, რაც მან განახორციელა. ეს იყო ყოყლოჩინობა. ჩავიდა იქ, თავი მოიწონა, რით, არ ვიცი, ისაუბრა ისეთ რაღაცებზე ჩვენს ჯარისკაცებთან, რაც გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. ერთხელ და სამუდამოდ ამ კაცს უნდა ავუკრძალოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა იმიტომ, რომ მისი ყოველი გასვლა საზღვარგარეთ, მით უმეტეს, ავღანეთში, რეალურად ჩვენთვის ძალიან ცუდად ტრიალდება. კარგად უნდა იცოდეთ, ეს კადრები რომ გავრცელდა, ზუსტად მაშინ დაიწყო შეტევა ჩვენს ბიჭებზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკოლოზ მჟავანაძე.
"ირლანდიაში არიან ავღანელები, რომლებიც კოალიციური ჯარის წინააღმდეგ იბრძვიან და დაჭრილები იქ იშუშებენ ჭრილობებს, შემდეგ კი კვლავ ბრუნდებიან საბრძოლველად ავღანეთში. იქ მყოფი ავღანელებისაგან გახდა ცნობილი ის, რომ აღნიშნული ვიდეოფირი ვრცელდება ავღანელებში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი თავს იწონებს, რამდენი კაცი მოკლა ჯარისკაცმა. ეკითხება, რამდენი მოკალი, ერთი, ორი, თუ რამდენი? ეს ვიდეოა გავრცელებული და ავღენელები აპირებენ შურისძიებას იმ ქართველ მეომრებზე, რომლებიც კადრებში ჩანან, სადაც საუბარია საბრძოლო მოქმედებებში ავღანელი მეომრების ლიკვიდაციაზე. ჯილდოებიც არის დაწესებული. მოვუწოდებ მინისტრს, ის ექვსი კაცი მაინც გამოიწვიოს, რომ თავიდან იქნას აცილებული იმ ჯარისკაცების წინააღმდეგ არსებული გარკვეული საფრთხე. შეიძლება ის ჯარისკაცები არც წამოვიდნენ იქიდან, რადგან მათი საბრძოლო სულისკვეთება მაღალია, მაგრამ სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი იმ ქმედებაზე, რაც ჩაიდინა. არც ერთ ნორმაში არ ჯდება, როდესაც პრეზიდენტი ღიად, ეთერით ლაპარაკობს ისეთ თემებზე, რომელიც არის დახურული თემა და მისი ტელევიზიით გადაცემა არ შეიძლება", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩვენ ვითხოვთ, ეს ვიდეო ამოღებული იქნას სოციალური ქსელიდან, რადგან აღნიშნული ვიდეო არის საფრთხის შემცველი არა მხოლოდ ავღანეთში მყოფი ჩვენი ჯარისკაცების, არამედ მთლიანად საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ ეს არის გრძნობებზე თამაში. წარმოიდგინეთ, საქართველო იყოს მათ ადგილზე და ჩვენზე ვინმე საუბრობდეს, როგორ ხოცავენ ქართველებს. აქ ხომ, გარკვეულწილად შურისძიების მომენტია იმ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ. ამიტომ აღნიშნული ვიდეორგოლი საფრთხის შემცველია არა მარტო იმ ჯარისკაცებისთვის, ქვეყნისთვისაც. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომ აღნიშნული ვიდეორგოლი სოციალური ქსელიდან ამოიღონ. ის, რაც ხდება, სააკაშვილის დამსახურებაა, რადგან მისი ყოველი ჩასვლა ავღანეთში და მისი სულელური გამოხტომები, თავდასხმებისა და მსხვერპლის მიზეზი ხდება. არც ერთი ქვეყნის მეთაური, როდესაც ჩადის უცხოეთში და ხვდება თავის ცონტინგენტს, არ საუბრობს იმაზე, თუ რამდენი კაცი მოკლა და რამდენი დაჭრა მისმა ჯარისკაცმა. ეს არის დახურული თემა", - დასძენს ნიკოლოზ მჟავანაძე.