გიორგი თავდგირიძე -

გიორგი თავდგირიძე - "რუსეთთან მოლაპარაკება ჩაიშალა"

"საკმაოდ რთული ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რუსეთის მიმართ პოლიტიკა შეიცვალა იმ იმედით, რომ რუსეთი გადმოდგამდა შემხვედრ ნაბიჯს და შეიქმნებოდა კარგი ვითარება, პრობლემის დიალოგის გზით გადასაჭრელად ვითარება არ იცვლება. ის ფაქტები, რომლებსაც დღეს აქვს ადგილი, იწვევს ეჭვს, რომ რუსეთი არ ცვლის დამოკიდებულებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ეს ვითარება რეალურად იწვევს საქართველოს შიდა დაძაბულობას. საქართველოს მოსახლეობისა და საზოგადოებისთვის რუსების ქმედება არის ოკუპაციის ზოლის გაფართოება. შესაბამისად, ეს იწვევს აღელვებას", - აცხადებს სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი გიორგი თავდგირიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რუსეთთან მოლაპარაკება ჩაიშალა".

"სახელმწიფო ძლიერი რომ იყოს, მას სჭირდება ძლიერი პოლიტიკოსები. საქართველოს, სამწუხაროდ, არა მარტო ძლიერი პოლიტიკოსები არ ჰყავს, არამედ მას პრობლემა აქვს პოლიტიკოსების სინდის-ნამუსთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკოსების უმრავლესობა ვერ აღიქვამს, რა არის მისთვის საქართველო. ეს ეხება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკოსებსაც, რომლებიც დღეს არიან. სამწუხაროდ, ისინი არ ფიქრობენ, რომ ისინი ის ინსტრუმენტებია, რომლებიც საზოგადოებას სჭირდება თავისი პრობლემების მოსაგვარებლად", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი თავდგირიძე.

"ეს პრობლემა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვა. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკოსებმა თავიანთი უსახური პოლიტიკით შექმნეს პრობლემა. შესაბამისად, ეს პრობლემა მემკვიდრეობით ერგო ახალ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ჩვენ ახალი პოლიტიკოსებისაგან არ გაგვიგია მკაფიოდ ჩამოყალიბებული ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარების გზებს დაგვანახებდა. როდესაც ექვსპუნქტიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ეზრუნა, რომ ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების დაცვის მექანიზმები შეემუშავებინა ისე, რომ არ დაზარალებულიყო არაღიარების პოლიტიკა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ასეთი ინსტრუმენტი ვერ შექმნა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ახალ ხელისუფლებას უნდა განეცხადებინა, რომ, ჯერ ერთი, ოკუპაციის ზონაში ჩემი მოსახლეობა არის დაუცველი და ჩემი შეიარაღებული ძალები უნდა გამოვიყენო ან, დავუშვათ, გონივრულ ჩარჩოებში უნდა წავწიო წინ. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა, ვთქვათ, დასავლელი პარტნიორების პოლიტიკური გააქტიურება, რომლებსაც არ სურთ რუსეთსა და საქართველოს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლება. ასევე შეიძლებოდა სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების გატარება. რამდენიც არ უნდა ვესაუბროთ რუსებს, არაფერიც არ მოხდება, თუ ამ საუბრის უკან არ იქნება რაღაც ქმედების შესაძლებლობა. 300 მილიმეტრითაც რომ გაფართოებულიყო ოკუპაციის ზონა, ეს რუსეთის მხრიდან ნიშნავდა ექვსთვიანი მოლაპარაკების ჩაშლას. ამას ქართველი პოლიტიკოსები ვერ ამბობენ, იმიტომ რომ, თუ ამას იტყვი, ეს იმას ნიშნავს, რუსეთი, ფაქტობრივად, საომარი მოქმედებების პროვოცირებას იწყებს. შესაბამისად, როდესაც ერთი მხარე იწყებს რაღაცის პროვოცირებას, ძალიან ძნელია, შემდგომ აუხსნა საზოგადოებას, როგორ შეიძლება მასთან დიალოგი", - დასძენს გიორგი თავდგირიძე.