“ამათ მოგვატყუეს” “ამიტომ სააკაშვილისთვის რაც არ გამიკეთებია, იმას მიიღებს დღევანდელი ხელისუფლება”

“ამათ მოგვატყუეს” “ამიტომ სააკაშვილისთვის რაც არ გამიკეთებია, იმას მიიღებს დღევანდელი ხელისუფლება”

“ადვოკატთა ასოციაციის” პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი, რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდა, თუმცა დეტალები არ გახმაურებულა. ასევე, “ალია” უკვე წერდა, რომ ადვოკატთა კორპუსი ახალ ხელისუფლებას ფართომასშტაბიანი გაფიცვით ემუქრება და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს.

ამ და სხვა საკითხებზე “ალიას” ზაზა ხატიაშვილი ესაუბრა:
_ წულუკიანი დღევანდელ ხელისუფლებაში არის ერთადერთი მინისტრი, რომელთანაც შეიძლება ისაუბრო და გეგმები დასახო. ის იბრძვის იმისთვის, რომ გვქონდეს სამართლიანი სასამართლო. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ სახაზინო საადვოკატო ინსტიტუტი უნდა გამოვიდეს სასჯელაღსრულებისა და პენიტენციარული სისტემის დაქვემდებარებიდან. ის რომ დღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის, ადვოკატის უფლებების უხეში დარღვევაა. ადვოკატის პროფესია არის თავისუფალი, ეს კი ეწინააღმდეგება ყველანაირ საერთაშორისო ნორმას. საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სახაზინო ადვოკატი ემორჩილება სამინისტროს და მინისტრს შეუძლია, გააუქმოს ნებისმიერი აქტი, რომელიც ამ ბიურომ შეიძლება შეიმუშაოს. ამ კუთხით ვთანამშრომლობთ იუსტიციის სამინისტროსთან. ეს სამსახური უნდა გაკონტროლოს საბჭომ. კანონპროექტზე მიმუშავე ჯგუფმა უკვე შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთან დაკავშირებითაც მაქვს პრეტენზიები. ამ საბჭოს შემადგენლობაში უნდა იყვნენ ასოციაციის ადვოკატები. ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ყველა ადამიანთან, ვინც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მუშაობს. პროკურორები პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის ოჯახის წევრებს, რომ აიყვანონ ადვოკატი სახელმწიფო სამსახურიდან, მაგრამ ისინი ამ ადამიანებს არ უწევენ რეალურ, საადვოკატო დახმარებას.

_ წინა ინტერვიუში მითხარით, რომ ითხოვდით ადვოკატისა და პროკურორის ინსტიტუტების უფლებების გათანაბრებას, მაგრამ ამ ინიციატივას არანაირი პერსპექტივა არა ჰქონია. ამასთან დაკავშირებითაც გქონდათ წულუკიანთან საუბარი?

_ თეა წულუკიანმა მხარი დაგვიჭირა და პარლამენტში წარადგინა მთავრობის ინიციატივა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა დაკომპლექტებულია უნამუსო ადამიანებით. მათ გამოიჩინეს არაპრინციპულობა და ადვოკატთა კორპუსს წაართვეს საშუალება, რომ სამოქალაქო საზოგადოებას უკეთ მოემსახუროს. სამი წელი “ალია”-”ქრონიკა” მეხმარებოდა ადვოკატთა ინსტიტუციონალური დევნის დასრულებაში, მაგრამ ესეც დევნაა, როცა ადვოკატს უფლება არა აქვს, სასამართლოს მიმართოს ჩხრეკისა და ამოღების შუამდგომლობით, გამოითხოვოს საჯარო დაწესებულებიდან ნებისმიერი ინფორმაცია, როგორც ეს პროკურორს აქვს. მე ვამბობდი, რომ თუ ეს არ გასწორდებოდა, ადვოკატთა კორპუსი იქნებოდა მძიმე მდგომარეობაში. ქალბატონი წულუკიანი შევიდა პარლამენტში ინიციატივით და მოითხოვა, რომ ეს მოთხოვნები პარლამენტს შეესრულებინა. მაქვს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, ღარიბაშვილისა და მთავარი პროკურორის მოადგილის, ნაცვლიშვილის ზეწოლის შედეგად ქურდულად, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ხმალაძესთან ერთად, გააკეთა ის, რაც პალიკო კუბლაშვილსაც არ გაუკეთებია. ყოველგვარი განხილვების გარეშე, ჩუმად შეიტანეს ცვლილება 111-ე მუხლში და ამ პროექტის ამოქმედების ვადა გადასწიეს 2014 წლის სექტემბრამდე.

_ ანუ ადვოკატებს უფლებები ამ დრომდე კიდევ შეგეკვეცათ?

_ ამ ადამიანებმა ადვოკატებს მოჰპარეს, წაართვეს უფლება, რომ დაიცვან ადამიანები. როცა პალიკო კუბლაშვილის მეთაურობით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ან ადვოკატთა შესახებ კანონში შედიოდა ხოლმე ცვლილება, ამას ვიგებდი პირველ მოსმენამდე და ვბლოკავდი მსოფლიო ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის დახმარებით. წულუკიანმა რომ წარადგინა ამ ცვლილებათა პაკეტი, პარლამენტმა ის პირველი მოსმენით მიიღო, მაგრამ მეორე მოსმენის დროს შეიტანეს ცვლილებები და შეცვალეს პირველი მოსმენით თავისივე მიღებული პაკეტი. პოსტფაქტუმ გავიგე. როგორც გამოჩნდა, ამათაც უნდათ, რომ ადვოკატი იყოს უუფლებო. ღარიბაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის სტრუქტურა, როცა მოახდენს ადამიანების უკანონო დაკავებას, მათ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, პოლიციელებს ხელს ააფარებენ, ადვოკატი ვერ შეძლებს დაზარალებული მოქალაქის დაცვას. სამართლიანი სასამართლოს პრინციპი გულისხმობს მხარეთა თანასწორობას და როგორ შეიძლება ერთი გინდოდეს და მეორე გამორიცხო?!

_ პოლიციისა და პროკურატურის პოზიცია კიდევ გასაგებია, მაგრამ ვერ ვიგებ, პარლამენტის თავმჯდომარესა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ადვოკატთა უფლებების წინ წამოწევა რატომ არ უნდა აწყობდეთ?

_ პირდაპირ დაწერეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე აღმოჩნდა პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მარიონეტი. ეგ და ხმალაძე, ორივენი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ჭკუაზე დარბიან. პერსპექტივა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას უსუფაშვილისა და ხმალაძის ხელში ეღირსება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და სასამართლო, არ არსებობს. ევროკონვენციის მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლებაა და სწორედ ეს წაართვეს ხმალაძემ და უსუფაშვილმა ნაცვლიშვილისა და ღარიბაშვილის ზეწოლით. ამიტომაც ადვოკატთა კორპუსმა მივიღეთ გადაწყვეტილება და შევქმენით საგაფიცვო კომიტეტი.

_ ჩვენს ქვეყანაში ლამაზი თვალებისთვის რომ მარიონეტები არ ხდებიან, კარგად ვიცით. რა დაინტერესება უნდა ჰქონდეთ აქედან უსუფაშვილსა და ხმალაძეს?

_ რომ ვიცოდე, აუცილებლად გეტყოდით. მეც შოკიდან ძლივს გამოვედი და ფიქრი იმაზე დავიწყე, როგორც ამ ადამიანებმა. ადვოკატთა ასოციაციას ავნეს, მათაც გულდამშვიდებულებს ვერ ვამყოფებთ სანამ ჩვენს კორპუსს ბოდიშს არ მოუხდიან და არ გააკეთებენ იმას, რასაც ვითხოვთ. ამის შემდეგ, ვახტანგ ხმალაძემ და უსუფაშვილმა როგორ შეიძლება თქვან, რომ მათ უნდათ სამართლიანი სასამართლო?! სწორედ მათი დახმარებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას კვლავ ეყოლება მორჩილი სასამართლო. ერთი რეჟიმი შეიცვალა მეორე რეჟიმით. ხმალაძის ხელში გადის პარლამენტში შესული ყველა კანონპროექტი, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი, როგორც იურისტი და სამოქალაქო საზოგადოების წევრი, ვალდებულია, სამოქალაქო საზოგადოებას მისცეს ნორმალური განვითარების საშუალება, მაგრამ ხომ ხედავთ, რაც ხდება. ამ ადამიანებს საითაც უნდათ, იქით უკეთებენ “ქოთანს” ყურს. ამას მაგათ არ შევარჩენ. ამდენი ხანი ვიბრძოდი იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყოფილიყო დაცული პოლიციისა და საპროკურორო ძალადობისგან.

წულუკიანთან კონკრეტულად ამ საკითხზე არ მისაუბრა, მან ეს ინიციატივა პარლამენტში ერთხელ უკვე წარადგინა და მეორედ წარდგენას ვეღარ მოვთხოვდი. ახლა უკვე ჩვენ ვიბრძოლებთ მდგომარეობის გამოსასწორებლად. მრცხვენია იმ ადვოკატი-პარლამენტარების ნაცვლად, რომლებმაც არ შემატყობინეს, რას აკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა, შესაბამისი ზომები რომ მიმეღო. ეს რომ მცოდნოდა, მთელი ევროპის ადვოკატთა ასოციაციას აქ ჩამოვიყვანდი, რადგან მათ ძალიან კარგად იცოდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრობლემები. პარლამენტში, ეკა ბესელიას გარდა, არავის აღმოაჩნდა ღირსება, ადვოკატებს გვერდით რომ დასდგომოდა. მხოლოდ მან და მისმა კომიტეტმა თქვა, მხარს ვუჭერთ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მოთხოვნებს, აბსოლუტურად სწორი მოთხოვნები აქვს ზაზა ხატიაშვილსო. 7 ადვოკატია პარლამენტში და ეკას გარდა ყველა დაიმალა. როგორც ჩანს, ისინი სულით ადვოკატები კი არა, პროკურორები იყვნენ და არ ვიცოდი. ადვოკატები ვაპირებთ ისეთ უპრეცედენტო გაფიცვას, რომელიც მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა. ისეთ რამეს გავაკეთებთ, რაც არავის გაუკეთებია.

_ რას აპირებთ ამისთანას, მეტყვით?

_ “ალიას” ექსკლუზიურად ვეტყვი. კვირას ფოთში შევხვდი ადვოკატებს, იმავე დღეს ბათუმშიც ჩავედი, ორშაბათს _ ქუთაისში და მათ იციან ყველაფერი, რაც ახალმა რეჟიმმა გააკეთა. სააკაშვილის რეჟიმის შეცვლას იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ ახალი რეჟიმი არ მოსულიყო. ამათ თუ ჰგონიათ, რომ ადვოკატთა კორპუსს მოექცევიან, როგორც მონებს და ამას ტაშს დავუკრავ, ძალიან ცდებიან. ამათ მოგვატყუეს ადვოკატთა კორპუსი და შეგვპირდნენ სამართლიანობის აღდგენას, ამიტომ სააკაშვილისთვის რაც არ გამიკეთებია, იმას მიიღებს დღევანდელი ხელისუფლება. ადვოკატებს რომ შევხვდი, მათ მომთხოვეს ამ ნაბიჯების გადადგმა. ისიც მითხრეს, რომ არავის იმედი არა აქვთ, ჩემ გარდა. მომთხოვეს, როგორც მათმა თავმჯდომარემ, გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებდი, იმიტომ რომ ესენი უარესები არიან. უკვე შევქმენით ადვოკატთა გაფიცვის კომიტეტი ქუთაისში, რომლის თავმჯდომარეც გავხდი მე. საგაფიცვო კომიტეტმა უკვე ჩაატარა პირველი სხდომა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველაზე კანონდამრღვევი დაწესებულების, პროკურატურის დღეს, 30 მაისს, დავიწყოთ ადვოკატთა გაფიცვა, რომელიც შეიძლება სამი წელიც კი გაგრძელდეს. 29 მაისს საგაფიცვო კომიტეტი შეიკრიბება ქუთაისში და კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ გაფიცვის ფორმებსა და მოთხოვნებზე. ამაყი ვარ, რომ ერთი მიზნისთვის გაერთიანებული ადვოკატთა კორპუსი ვნახე. ისინი მზად არიან, არ აპატიონ საარჩევნო აფიორის გზით მოსულ ხელისუფლებას ის უნამუსობა, რაც მათ ჩვენს წინაშე ჩაიდინეს.

_ ბოლოს და ბოლოს, მეტყვი, როგორი იქნება ეს უპრეცედენტო გაფიცვა?! მოქალაქეებს აღარ დაიცავთ, სასამართლო პროცესებზე არ მიხვალთ, თუ რას გააკეთებთ?

_ სანამ ეს პარლამენტი იქნება საქართველოში, ყოველდღე პარლამენტის წინ გაიმართება ადვოკატთა აქციები. არ არის გამორიცხული, ადვოკატები მივიდეთ პარლამენტში 30 მაისს და იქიდან აღარ წამოვიდეთ. ყოველდღიურად ორი-სამი ადვოკატი მაინც იშიმშილებს იქ და ამისთვის კარვის გაშლა არ დაგვჭირდება. 3000 ადვოკატი ვართ და სამი წლის განმავლობაში თითო დღე მოგვიწევს მონაცვლეობით შიმშილი. ყოველდღე ვიშიმშილებთ, სანამ ეს პარლამენტი იქნება. კიდევ რას მოვთხოვთ პარლამენტს, ამას 29 მაისს გადავწყვეტთ. შიმშილობას პირველად ორ ადვოკატთან ერთად მე დავიწყებ. ყველა დღე იქნება შიმშილი, სანამ უნამუსო და უწესო პარლამენტი არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რაც არის ევროკონვენციის მე-6 მუხლით მოთხოვნილი. ყველა ადვოკატი ვალდებული იქნება, ერთი დღე იშიმშილოს. არა მგონია, რომელიმე ადვოკატმა თქვას, ვახტანგ ხმალაძემ, დათო უსუფაშვილმა, ლაშა ნაცვლიშვილმა და ღარიბაშვილმა რომ სილა გაგვარტყეს ერთ ლოყაში, ახლა მეორე მივუშვიროთო. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ბევრ ადამიანს ვესაუბრე, გია ხუხაშვილს შევხვდი და ვუთხარი, რომ ფეოდალიზმი საქართველოში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ არ შეისმინეს. რა თქმა უნდა, მივმართავ ევროკავშირის პრეზიდენტსა და წამყვან სახელმწიფოებს, რომ გვიშველონ ადვოკატთა კორპუსს და დაგვიცვან უკვე ახალი რეჟიმისგან. სადაც თავისი დაიკვეხნონ, იქ ჩემიც დააყოლონ. რომ დაიბეჭდება უცხოურ პრესაში, ფაშისტი უსუფაშვილი, ხმალაძე, ნაცვლიშვილი და ღარიბაშვილიო, მერე ირბინონ და იძახონ, დემოკრატები ვართო. ვპირდები, რომ ავუჭრელებ მთელ ევროპულ პრესას ამ ბოლშევიზმის ფუძემდებლებს.

“ალია” მხარდაჭერას უცხადებს ადვოკატებს და შიმშილობის დაწყების დღიდან ყოველდღიურ რეჟიმში გააშუქებს არამხოლოდ საპროტესტო აქციას, არამედ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებებსაც.