რატომ გაუხარდა სააკაშვილს მერაბიშვილის დაკავება

რატომ გაუხარდა სააკაშვილს მერაბიშვილის დაკავება

ქსპერტთა ნაწილი უკვე დიდი ხანია საუბრობს, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა.

წინა ხელისუფლების ხერხემლად წოდებული ვანო მერაბიშვილის დაკავების შემდეგ ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილისთვის მერაბიშვილის დაკავება დიდი დარტყმა იყო, მეორე ნაწილს მისი გისოსებს მიღმა აღმოჩენა კიდეც გაუხარდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მერაბიშვილის დაკავება მიხეილ სააკაშვილსაც გაუხარდა, ამას სარწმუნოდ მიიჩნევს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის თქმით, სააკაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ორი ძალოვანი მინისტრის დაკავებას დასჯერდება და ზედმეტი გართულების თავიდან არიდების მიზნით, პრეზიდენტის დაკავებას ვეღარ გაბედავს.

"მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა მერაბიშვილის გასამართლებას უახლესი ისტორიის გასამართლება უწოდა, ამ დაკავებისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემით ისევ თვითონ იწერს ქულებს და ბრძოლის იარაღად იყენებს. ვანო მერაბიშვილის დაკავება მხოლოდ პრეზიდენტს არ გახარებია. ნაციონალებში არიან ადამიანები, რომელთაც კრიმინალური წარსული არა აქვთ და ახალი პოლიტიკური ცხოვრების დაწყების შანსები ჯერ კიდევ გააჩნიათ, თუმცა ხვდებიან, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გამიჯვნისა და ახალი პოლიტიკური იმიჯის შექმნის გარეშე ამას ვერ მიაღწევენ. ასეთები სულ თითზე ჩამოსათვლელები არიან. მერაბიშვილის დაკავებით კი მათ ხელ-ფეხი გაეხსნათ და არ გამოვრიცხავ, რამდენიმე მათგანმა უახლოეს მომავალში პარტია დატოვოს. საზოგადოებამ უკეთ იცის, ვის აქვს ასეთი შანსი, ამიტომ აღარ დავაკონკრეტებ", - განაცხადა ხუხაშვილმა.
ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე კი მიიჩნევს, რომ შემთხვევით არ ვრცელდება ინფორმაცია დავით ბაქრაძის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. მერაბიშვილის დაკავების შემდეგ ბევრისთვის დერეფანი გაჩნდება.
მისი თქმით, კულმინაცია საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და ნაციონალების უმრავლესობა პარტიას სწორედ მაშინ დატოვებს.

როგორც ყოფილი დეპუტატი აღნიშნავს, მერაბიშვილის დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ნაციონალების ე.წ. ობშჩიაკის საიმედოდ დაბინავებას და დიდი ნაწილის მითვისებასაც ეცდება, თუმცა მთლიანად ვერ მიითვისებს, რადგან ამ "ობშჩიაკს" მის გარდა მერაბიშვილი და ადეიშვილიც განაგებდნენ.
მამრაძის განცხადებით, შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო დღეებში ყოფილი ჩინოვნიკების მეუღლეების საზღვარგარეთული ვოიაჟები გახშირდა.

"მათი ეს ვიზიტები სწორედ "ობშჩიაკს" უკავშირდებოდა. სააკაშვილი ბევრსაც რომ ეცადოს, ამ ობშჩიაკს ხელში მთლიანად ვერ ჩაიგდებს. ფული რამდენიმე ქვეყანაში, სხვადასხვა ბიზნესშია დაბანდებული. საქმე ეხება ძალიან დიდ ფულს და ყველამ კარგად იცის, ეს ფული რა გზით აქვთ ნაშოვნი და რა მასშტაბისა შეიძლება იყოს. გამოითქვა მოსაზრებებიც, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ვიზიტები ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესების გადატანას და უსაფრთხოდ დაბინავებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის გარანტიების მიღებას უკავშირდება, მაგრამ მე ამაზე დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, ისე კი არაფერს გამოვრიცხავ", - აცხადებს პეტრე მამრაძე.

ყოფილ დეპუტატ სანდრო ბრეგაძის განცხადებით კი "ნაციონალური მოძრაობა" ოთხ ნაწილადაა გაყოფილი - პრეზიდენტის გუნდი, რომელიც, მისი თქმით, რამდენიმე პოლიტიკოსი ქალითღა შემოიფარგლება, მერაბიშვილის გუნდი, ახალაიების გუნდი და საპარლამენტო გუნდი.

ბრეგაძე საპარლამენტო გუნდში ნაციონალი დეპუტატების მხოლოდ იმ ნაწილს მოიაზრებს, ვისაც შედარებით სუფთა წარსული აქვს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სტატუსი მხოლოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად არ სჭირდებათ. ამიტომ, მისი თქმით, მერაბიშვილის დაკავება მათთვის არცთუ ისე დიდი ტრაგედიაა.

ბრეგაძის თქმით, მერაბიშვილი ტრაგიკული პიროვნებაა, რადგან მისი დაჭერა არათუ მოსახლეობის უმრავლესობას და მისი თანაგუნდელების ნაწილს გაუხარდა, ამ ამბავს მისი ოჯახის წევრებიც დიდად არ დაუმწუხრებია.

"ახალაიების გუნდის განწყობა ხომ ისედაც აშკარაა. არცთუ ისე უსაფუძვლოდ ვრცელდება ინფორმაციები, რომ მერაბიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები გამოძიებას სწორედ დათა ახალაიამ გადასცა. პრეზიდენტის და მერაბიშვილის დაპირისპირების შესახებ ეჭვები კი 19 აპრილის აქციაზე დადასტურდა, როცა მერაბიშვილმა სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას ტრიბუნა უკმაყოფილო სახით დატოვა. მერაბიშვილის დაკავების შემდეგ პირველივე გამოსვლაში ჩანდა, რომ სააკაშვილი დიდად არ იყო დამწუხრებული მისი დაჭერით. როცა გემი იძირება, ვირთხები გემიდან გარბიან, მაგრამ ისეც ხდება, რომ ვირთხები ერთმანეთს ჭამენ და კაციჭამია ვირთხები გამოჰყავთ. "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში სწორედ ამ უკანასკნელთან გვაქვს საქმე. გამონაკლისი მხოლოდ გიგი უგულავა და მერაბიშვილის გუნდის დანარჩენი წევრები არიან. უგულავა და მის მდგომარეობაში მყოფი ნაციონალები ბოლომდე იბრძოლებენ მერაბიშვილის დასაცავად, რადგან ის მათი ზურგი იყო და იციან, რომ ვანოს შემდეგ მათ მიადგებიან", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.