"საქმე ისაა, რომ რატომღაც რუსეთს შეექმნა არასწორი შთაბეჭდილება იმაზე, რას გულისხმობდა ბატონი ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში. როგორც ჩანს, მოსკოვი გულისხმობდა იმას, რომ თბილისი საერთოდ ლექსიკონიდან ამოიღებდა ტერმინ ოკუპაციას და თანდათანობით დაიწყებოდა პოლიტიკურ-დიპლომატიური დრეიფი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, უფრო სწორად ბრიუსელიდან მოსკოვისკენ. როდესაც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო დასავლური კურსის, ნატოში შესვლის მცდელობისადმი ერთგულების პედალირება და დაიწყო ხშირად ხსენება ტერმინ ოკუპაციის, ბუნებრივია, ამან გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება", - აცხადებს ექსპერტი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რატომ სთავაზობს პუტინი ივანიშვილს შეხვედრას?".
"ეს უკმაყოფილება გამოიხატა საზღვრის გადმოწევაში. საკითხი იყო ის, როგორ აგრძნობინებდა ამას თბილისს, რაიმე სამხედრო აქცია გამორიცხული იყო და მიანიშნა საზღვრის გადმოწევით. 2008 წლის ომის შემდეგ ვირტუალურად ეს საზღვარი არსებობდა, უბრალოდ, ეს არ იყო მავთულხლართებით გავლებული. ტერმონოლოგია რომ გავამარტივოთ, რუსეთის გზავნილი ასეთია, თუ გინდათ ჩვენთან ურთიერთობის დარეგულირება და მეგობრობა, ერთდროულად, ერთ პაკეტში მოსკოვი და ბრიუსელი ვერ ჩაეტევიან, ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე. რუსეთთან მეგობრობა და ნატოსკენ სწრაფვა, რუსეთის აზრით, შეუძლებელია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
"ის იმედები, რაც საქართველოში ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით კრემლში გაჩნდა, არ გამართლდა და დღეს კრემლი იმედგაცრუებულია. პუტინი არ არის მიჩვეული იმას, რომ იმედგაცრუება და გულგატეხილობა გადაყლაპოს. მთავარი ის კი არ არის, საქართველო რას გულისხმობს ურთიერთობის დარეგულირებაში, არამედ მთავარია, რუსეთი რას გულისხმობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგებაში. რუსეთში დღეს შეურაცხყოფად მიიჩნევენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ჩქარობს მოძებნოს პუტინთან შეხვედრის გზები და საშუალებები. შეიძლება დღეს დაიწყოს დიპლომატიური სამზადისი, თუმცა ეს ძალიან სერიოზულად უნდა გაკეთდეს და არა ისე, როგორც ივანიშვილის პირველი ვიზიტი დაიგეგმა ევროპაში. უკვე აუცილებელია დაიწყოს სამზადისი პუტინისა და ივანიშვილის შეხვედრისთვის, რათა წერტილი დაესვას ყველა საკითხს. თუკი ვინმე არის დღეს ევროჩინოვნიკების იმედზე, ეს არის ფუჭი იმედი. დადგა დრო, როდესაც ახალმა მთავრობამ ყურებში ბამბა უნდა დაიცვას და დაივიწყოს, რას იტყვის უმცირესობა. ახლა მოქმედებაა საჭირო. მეტი გულახდილობა ჩვენს საზოგადოებასთან და გაბედული ნაბიჯები. გაბედული პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადაიდგას. სხვაგვარად ეს მავთულხლართები დარჩება და ამას არავინ მოაგვარებს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რაც შეეხება დაჩქარებულ შეხვედრას, ეს ფორსმაჟორი არ არის, აჩქარება ახლა დაუშვებელია. ჩვენ უკვე ვიჩქარეთ მაშინ, როდესაც პრემიერმა მოსკოვთან წინასწარი პროფესიონალური კონსულტაციების გარეშე დანიშნა თავისი წარმომადგენელი. შეხვედრა უნდა მომზადდეს პროფესიონალურ დონეზე. მით უმეტეს, რომ ეს შეხვედრა ყოველგვარი გადაჭარბებისა და პათეტიზმის გარეშე შეიძლება იყოს ისტორიული ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. ამ საქმეში ყოვლად დაუშვებელია უსაქმური ევროჩინოვნიკების ჩართვა, ვინაიდან ეს უფრო შეაყოვნებს პროცესს რუსეთთან ურთიერთობის აქტიურ ფაზაში გადაყვანისა. მოდით, ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ, რომ ევროკავშირს კი არა, ევროსაბჭოსაც კი არანაირი ბერკეტი არ აქვს დღეს რუსეთის წინააღმდეგ", - დასძენს სოსო ცინცაძე და შეკითხვას - "წარმოვიდგინოთ, რომ ივანიშვილი ჩავიდა პუტინთან. რა შედეგი შეიძლება მივიღოთ?" - პასუხობს:
"შეხვედრა იქნება იმისთვის, რომ ივანიშვილმა დათმოს ტერიტორია? არა, ამისთვის არ იქნება, პირიქით, პუტინი დათმობს ტერიტორიას. არ გამოვრიცხავ, იყოს ამა თუ იმ ფორმით შეთანხმება - ტერიტორია ქვეყნის ორიენტაციის სანაცვლოდ. რუსეთის ხელმძღვანელ პირთა განცხადებებს რომ გადავხედოთ, სტრიქონებს შუა აუცილებლად წავიკითხავთ, რომ დღეს შენიღბულად, არა პირდაპირ პერსპექტივაში, მზად არიან, განიხილონ ეს საკითხი".