"ნაციონალურ მოძრაობაში" ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე თეა თუთბერიძეს ესაუბრა, რომელიც ბოლო პერიოდში დაუფარავად საუბრებს ყოფილი მმართველი პარტიაში არსებულ არაჯანსაღ პროცესებზე.
თეა თუთბერიძე:
„შიგნით რომ არ დაეჭამათ ერთმანეთი, ახლა არც ვანო იქნებოდა ციხეში და არც სხვა ვინმე. ის რომ დღეს ვანო მერაბიშვილი ზის ციხეში, ამას ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს.
ერთი, რომ ივანიშვილმა გამოიყენა ის და შემდეგ მოისროლა, მეორე კი შეიძლება გარიგების გაგრძელებას. ვგულისხმობ ივანიშვილსა და მერაბიშვილს შორის შეთანხმებას,რომელიც თავიდან ჰქონდათ. გარიგების არსი ასეთი იყო - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ნაკლებადკონკურენტული საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა დასახელებულიყო,"ნაციონალებიდან" კი ვანო მერაბიშვილს ეყარა კენჭი, რაც ვანოს გაპრეზიდენტების შანსს მიცემდა, ციხის სკანდალზე ახალაიას შეაწმენდდნენ ხელს და ვანო სუფთად გამოვიდოდა.
რამდენად კონკურენტული არის მარგველაშვილი, ეს შეგიძლიათ თავად „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ჰკითხოთ, მათაც კი ნაკლებად მოსწონთ. ამიტომ არ გამოვრიცხავ მერაბიშვილის დაკავებაც იყოს გარიგების ნაწილი, რადგან არც თუ ისე დამაჯერებელი ბრალდებები ვანო მერაბიშვილის გაძლიერებას იწვევს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის „ნაცმოძრაობაში". მეორე ვერსიით კი, რომელიც უფრო ლოგიკურია ვანო ბიძინა ივანიშვილს აღარ სჭირდებოდა და მოისროლა. როცა მე თქვენთან ვისაუბრე პირველად „ნაციონალების" შიდაპრობლემებზე და გარიგებებზე, მაშინ გითხარით, რომ თუ ვინმე ბოლოს მოუღებდა მერაბიშვილს ეს იქნებოდა არა ის გუნდი, რომლის წევრიც არის დღესაც, არამედ ისევ ბიძინა ივანიშვილი. რადგან ადამიანს რომელიც საკუთარ გუნდს უღალატებდა (დაეს გააკეთა მერაბიშვილმა, ამაზე არაერთხელ ვისაუბრე), არც ივანიშვილი ენდობა და მოიშორებდა. ეს ვერ გათვალა თავის დროზე მერაბიშვილმა. რატომ ენდო ასე გაუგებარია, თუმცა მას პრეზიდენტთან ჰქონდა გაფუჭებული საქმე, თავისი არასსახელმწიფოებრივი ქმედებების გამო.
საერთოდ ახალი არაა, რომ ივანიშვილი მაფიოზური მეთოდებით იბრძვის და არაპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ არც ფარულად და არც ღიად ის ვანო მერაბიშვილს ბოლომდე გვერდით არ დაიყენებდა რაც შეეხება გიგა ბოკერიას, ამ შემთხვევაში ის აღმოჩნდა ვანო მერაბიშვილის გარემოცვაში, რაც ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, ისიც მერაბიშვილის მსგავსად ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბინძურ თამაშში აღმოჩნდა. მე ვერ გეტყვით ის გაიზიარებს თუ არა ვანოს ბედს.
რაც ვისაუბრე შესაძლოა ვინმეს არადამაჯერებლად მოეჩვენოს, ამიტომ ჩემს სიტყვებში მეტი სიცხადე, რომ შევიტანო, აუცილებელია გავიხსენოთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული აურზაური. ვანოს გარემოცვა აქტიურად უჭერდა მხარს, აუცილებლად შესულიყო ცვლილებები კონსტიტუციაში. ამას იქედან გამომდინარე აკეთებდნენ, რომ თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭერდნენ მხარს და „ოცნებას" არ გაატანინებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს,იცოდნენ დაიწყებოდა პოლიტიკური დევნა.
სხათაშორის არგუმენტები ამ საკითხზე პრეზიდენტთან სწორედ აქედან გამომდინარე მოჰყავდათ. ვანოს გარემოცვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კი არ მოქმედებდა, არამედ საკუთარი კეთილდღეობიდან და დაჭერის შიშიდან გამომდინარე.
კარგად გავიხსენოთ დეტალები: საკონსტიტუციო ცვლილებების გატანას „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი აპირებდა 4 თებერვალს. თქვენ შეგიძლიათ პრემიერის და სხვა უმრავლესობის ლიდერების მაშინდელი გამოსვლები ამოიღოთ და ნახოთ განცხადებები. დაბეჯითბით ამბობდნენ, რომ გაიტანდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მინიმუმ ასოცი ხმა მაინც ექნებოდათ, მათი თქმით, ამას წინააღმდეგობას გაუწევდა მხოლოდ რამდენიმე „ტვინგაცხელებული ნაციონალი". ეს სიტყვები ჰაერზე არ იყო ნათქვამი,ვანოსთან შეთანხმების შედეგი იყო. მაგრამ ეს საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა ჩავარდა თებერვლის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილის აქტიურობის შედეგად.
იმის გამო რომ ვანო მერაბიშვილმა ივანიშვილისთვის მიცემული დაპირება ვერ შეასრულა, თებერვლის თვეში ივანიშვილი უკვე ღიად უქნევს ვანო მერაბიშვილს ხელს ტრიბუნიდან. სწორედ ამის შემდეგ აქტიურდება „ნაციონალური მოძრაობაში" მერაბიშვილის ფრთა და იწყებენ ასე ვთქვათ, თავის გაგიჟებას იმაზე, რომ თუ არ გაიტანენ ცვლილებებს წავა დაჭერები და ა.შ.
საუბრები იმაზე, რომ პრეზიდენტი თავის თანაგუნდელებს გაემიჯნა მერაბიშვილის დაკავების შემდეგ არასწორად მიმაჩნია. ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ უფრო თავგამოდებით დაიცავდა მერაბიშვილს. პრეზიდენტს არც ბაჩო ახალაიას დაკავებაზე გაუკეთებია მწვავე განცხადებები, მაგრამ ის რომ ვანო მერაბიშვილის გარემოცვა აკეთებს „სხვა ტიპის" განცხადებებს პრეზიდენტის მისამართით, ეს უფრო აჩენს პრეზიდენტიდან გამიჯვნის ნიშნებს. პროცესი ისე მიდის, რომ თანდათან გამოაშკარავდება ის პრობლემები რაც „ნაციონალურ მოძრაობაშია".