"დააკავებენ თუ არა ნათია მოგელაძეს"

"საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილმა "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელმა დროებითმა კომისიამ", რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე ხელმძღვანელობს, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი და უკანონო ხარჯვის შემთხვევები აღმოაჩინა. კომისიის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ აუდიტის სამსახურში ხდებოდა პრემიების არამიზნობრივად გაცემა, აუდიტორების შერჩევა პიროვნული დამოკიდებულების მიხედვით, საწვავის ლიმიტის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხარჯვა და სხვა უამრავი დარღვევა", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "დააკავებენ თუ არა ნათია მოგელაძეს" / "საპარლამენტო კომისიის სკანდალური დასკვნა".

"კვლევამ სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებთან ერთად დაგვანახა ისიც, რომ თავისი არსით ყველაზე დამოუკიდებელი ორგანო, სინამდვილეში დამოკიდებული იყო ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალაზე _ "ნაცმოძრაობაზე". ჩვენ ვიმუშავეთ რამდენიმე მიმართულებით და აღმოჩნდა, რომ აუდიტის სამსახურს, რომელსაც პარლამენტი ყოველწლიურად უმტკიცებდა ჯერ 400, შემდეგ 350 საშტატო ერთეულს, მხოლოდ 200 კაცის ფარგლებში ჰქონდა სამსახური დაკომპლექტებული. ის, ფაქტობრივად, იქმნიდა პრემიების გასაცემ ფონდს იმის ხარჯზე, რომ არ იყო დაკომპლექტებული მთლიანი საშტატო ერთეული. ვერ ვიტყვით, რომ 2012 წელს პალატის ძირითადი საქმიანობა აუდიტზე იყო გადასული, რადგან ძალიან მცირე, სულ 45 შემოწმებაა ჩატარებული, მაგრამ რაც მთავარია, ვნახეთ, რომ შესრულებული სამუშაოების დიდი ნაწილი თაროზე იყო შემოდებული და მხოლოდ ჩვენი კომისიის შექმნის შემდეგ მოხდა ამ აქტების დამტკიცება, შესაბამისად, მათი სამუშაოდ გაშვება და გამომზეურება", - აცხადებს ნოდარ ებანოიძე.

"ეს ეხება პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურს. ცნობილია, რომ დაჯარიმებული ადამიანების 97% მხოლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციაზე მოდის. ძველმა ხელისუფლებამ კანონი ისე შეცვალა, რომ იძლეოდა ნებისმიერი ქმედების საშუალებას. ჩვენ არ ვართ საგამოძიებო კომისია და სასამართლო გადაწყვეტილებები და დასჯა ჩვენი კომპეტენცია არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, როგორ იმართებოდა ეს სამსახური, როგორ იბარებდნენ ადამიანებს და ა.შ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ ებანოიძე.

"ამ შემთხვევაში მათივე კანონი ამბობს, რომ უნდა გაიცეს ფულადი ჯილდოები, რომელიც თავისთავად გულისხმობს აიხსნას ანაზღაურების მოტივაციები. ვნახეთ, რომ თითქმის არ ეძლეოდა პრემიები თვითონ აუდიტორებს, ანუ მათ, ვინც პროდუქტს ქმნიდა. როგორც გაირკვა, აპარატის თანამშრომლები გაცილებით მაღალ პრემიებს იღებდნენ, ვიდრე ყველა აუდიტორი ერთად. თვითონ მოგელაძის სამსახურს, რომელშიც 19 კაცი მუშაობდა, 150%-ით მეტი აქვს პრემია აღებული, ვიდრე ყველას ერთად. მაგალითად, აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს, შოთა თარხნიშვილს ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურებისა და პრემიის სახით 140 000 ლარი აქვს მიღებული. მონიტორინგის სამსახურის უფროს ნათია მოგელაძეს კი, თუ არ ვცდები - 30 000 ლარი. საინტერესოა, რომ თქვენს კოლეგა ლაშა ხარაზიშვილს, რომელიც, ვერც კი გავარკვიეთ, რას საქმიანობდა პალატაში (არ მოიპოვებოდა შესაბამისი საბუთები), უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 88 000 ლარი აქვს მიღებული, როგორც შტატგარეშე მოსამსახურეს. იყო თუ არა ეს ხელისუფლების მხრიდან ხარკი "მოდელირებული ქრონიკის" წამყვანისთვის, როგორც პოლიტიკოსი, ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვამტკიცებ, რომ მას უკანონოდ აქვს აღებული ეს თანხა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ ანგარიში და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოგელაძის უწყებასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ იქ სამუშაოები გასაგრძელებელია. ჩვენს კომპეტენციაში არ შედის მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. დავდეთ ფაქტობრივი მასალა, დანარჩენზე კი პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, შეაფასოს ჩვენი მუშაობა და მოახდინოს რეაგირება. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ როგორც კონკრეტული ჯგუფის ხელმძღვანელი და არა როგორც პოლიტიკოსი. ვფიქრობ, ქალბატონ მოგელაძეს თუ სამართლებრივი არა, მორალური პასუხისმგებლობა მაინც უნდა დაეკისროს იმის გამო, თუ როგორ იქცეოდა მისი სამსახური არჩევნების წინ", - დასძენს ნოდარ ებანოიძე.