"2011 წლის 26 მაისს შინაგან საქმეთა იმდროინდელ მინისტრ ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "მისცემს თუ არა მერაბიშვილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ჩვენებას" / "ყოფილმა პრემიერმა შესაძლოა გამოძიებასთან ითანამშრომლოს".
"გამოძიების მიერ დადგინდა ისიც, რომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირებისა და შეცდომაში შეყვანის მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე მხოლოდ თვალთმაქცურად მოახ¬დინა რეაგირება. კერძოდ: `არსებული ვითარების გაუბრალოებისა და, რაც მთავარია, დანაშაულში ივანე მერაბიშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით მოჩვენებითად დაისაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 თანამშრომელი, რომელთაგან არც ერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. საყურადღებო და ხაზგასასმელია, რომ სამი მათგანი აქციამდე იყო დათხოვნილი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან". ყოველივე ამის გათვალისწინებით, ბუნებრივად ისმის კითხვა: ამგვარი მასშტაბის დარბევის გადაწყვეტილების მიღებას დამოუკიდებლად, პრეზიდენტის გარეშე გაბედავდა კი ვანო მერაბიშვილი? ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ადრე თუ გვიან, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ძნელად წარმოსადგენი, უფრო სწორად, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ მერაბიშვილს ამ დარბევის გადაწყვეტილება პრეზიდენტისგან დამოუკიდებლად მიეღო. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ მას მერე, რაც ამ დარბევას ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე პრეზიდენტის იმიჯისთვის, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილს ექნებოდა გარკვეული უარყოფითი რეაქცია მერაბიშვილის მიმართ და გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა საჯაროდ და არა ჩუმად, რათა თვითონ ბრალდებები აეცილებინა. მისგან ამგვარი რეაქცია არ გვინახავს, მეტიც, პრეზიდენტმა ამ სასტიკი დარბევის ადგილას დილით აღლუმი ჩაიბარა, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ იმ ღამეს მოვლენები სწორედ მიხეილ სააკაშვილის გეგმის მიხედვით განვითარდა", - აცხადება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
"რაც შეეხება პრეზიდენტის პასუხისმგებლობას, ეს ნამდვილად არ არის გამორიცხული. ვიდრე მე და თქვენ რაღაცას ვვარაუდობთ, პროკურატურამ ამ ფაქტის დასასაბუთებლად სერიოზული მასალა უნდა წარმოადგინოს. ამისთვის კი საჭიროა მერაბიშვილმა ან ვინმე წონიანმა მოწმემ დაადოს ხელი სააკაშვილს და თქვას, რომ სწორედ ის იყო 26 მაისის ტრაგედიის შემოქმედი. ვიდრე ეს არ მოხდება, ის შეძლებს ამ ბრალდების თავიდან აცილებას, თუმცა მის მიმართ აუცილებლად იქნება კითხვები", - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.
"დარწმუნებული ვარ, რომ მერაბიშვილი დამოუკიდებლად 26 მაისს დარბევას არც დაგეგმავდა და არც ბრძანებას გასცემდა. ჩემი აზრით, ამ პროცესში ჩართული იყო `ნაციონალური მოძრაობის~ მთელი პოლიტიკური ელიტა. საქართველოს პრეზიდენტისა და პროკურატურის გარეშე მერაბიშვილი ამას რომ არ გააკეთებდა, ამას განხილვაც არ სჭირდება. სავარაუდოდ, მტკიცებულებებში აუცილებლად იქნება ჩვენებები, მათ შორის მაღალი რანგის პოლიციელების, სხვა შემთხვევაში ასეთი ბრალის დასაბუთება ძალიან გაჭირდებოდა. არის თუ არა მათ რიცხვში დათა ახალაია, ახლა ძნელი სათქმელია, ყველაფერი გამოჩნდება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას. მე მაინც ვფიქრობ, რომ რეალურად პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რადგან საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია", - ამბობს ექსპერტი კახი კახიშვილი.
"პოლიტიკაში ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ ვანო მერაბიშვილი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს იმ კუთხით, რომ განთქმითი ჩვენებები მისცეს სააკაშვილის ან სხვა პოლიტიკური ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, მერაბიშვილი ფიქრობს, რომ მისი გუნდის მხარდაჭერით, იმ კონტაქტების მეშვეობით, რაც "ნაცმოძრაობას" აქვს საზღვარგარეთ, შესაძლებელია იმგვარი ზეწოლა განხორციელდეს ხელისუფლებაზე, რომ ის გამოუშვან. ამიტომაც დღეს არ ვფიქრობ, რომ ის დაუპირისპირდება საკუთარ გუნდს. თუ ვანო მერაბიშვილი მიხვდება, რომ მთელი ცხრა წლის ხისტი მმართველობის გამო ჯოხი მხოლოდ მასზე ტყდება, მაშინ შესაძლებელია, გადაიფიქროს კიდეც და ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ჩვენ ხომ ვიცით, რომ პოლიტიკური პროცესი არ არის მხოლოდ ის, რაც ზედაპირზე ჩანს, შეიძლება დავუშვათ ის ვერსიაც, რომ ვანო მერაბიშვილი უბრალოდ გაიცვალა, ანუ გაიწირა გუნდის მიერ სხვადასხვა გარანტიის სანაცვლოდ. როგორ დაიწყებს მერაბიშვილის გუნდი მის დაცვას და მხარდაჭერას, სწორედ აქ გამოჩნდება იყო თუ არა რაღაც შეთანხმება, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ჯგუფი მაინც შეეცდება მისი მხარდაჭერის გაგრძელებას. არის მეორე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ მერაბიშვილის დაკავება კარგიცაა, რადგან ის ხელს უშლიდა ამ ჯგუფს პოლიტიკურ საქმიანობაში. თუ მანამდე "ნაცმოძრაობის" გარკვეული ნაწილი ემიჯნებოდა ახალაიებსა და ადეიშვილს, ასევე არის "ნაცმოძრაობაში" გარკვეული ჯგუფი, რომელიც ასევე გაემიჯნება მერაბიშვილს. ე.წ. ლიბერალურ ფრთას ვგულისხმობ", - დასძენს კახი კახიშვილი.