"მსოფლიო პრაქტიკა გვეუბნება, რომ საზღვრის გადმოწევა თუ მშვიდობიანად არ გვარდება, მაშინ ომი იწყება"

"დიახ, არავინ ამოიღებს ხმას, რადგანაც ამ შემთხვევაში საქმე რუსეთს ეხება და არა ქართველ ხალხს. ამიტომ რუსეთის განაწყენება არავის უნდა და დაიწყება დიპლომატიური "ბეგ ნა მესწე". რუსები იტყვიან, არ გადმოგვიწევიაო. მე არ მაინტერესებს, რას იტყვის პარიზი და ვაშინგტონი, მე მაინტერესებს, რას იტყვის ჩვენი საგარეო სამინისტრო და სამართალდამცველები. მესაზღვრეები რას აკეთებენ ამ შემთხვევაში? საზღვრის გადაწევა-გადმოწევაზე ნორმალურ ქვეყნებში იწყება ომები", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოსთან აქცია უნდა გამართოს".

"პირველ რიგში, საპროტესტო ნოტა არ უნდა გავუგზავნოთ რუსებს? მაგრამ წინასწარ გეუბნებით, ამას არაფერი არ მოჰყვება. ზუსტად ვიცი. საერთოდ, პერმანენტული ხასიათი მიიღო ამ საზღვრების გადმოწევამ. გახსოვთ, უღელტეხილზე რომ ატყდა ერთი ამბავი, იმათ რომ გადმოწიეს და სააკაშვილი რომ ამბობდა, თოვლია დ ავერ ავდივართო? მაგრამ იმ რუსებისთვის არ იყო თოვლი? ამ შემთხვევაში აზრი აქვს ხელისუფლების მტკიცე პოზიციას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

"ხმაურს რატომ არ ტეხენ? ახლავე უნდა იყოს, თორემ რუსების პოლიტიკა ასეთია: გადმოწევენ და მერე იტყვიან, ჩვენო? ჩვენ არაფერი გადმოგვიწევიაო. სარგებლობენ იმით, რომ ჩვენ ნაგებობას არ ვაგებთ, რომ საზღვარი განგებ არ ვაღიაროთ და გადმოდიან წინ. ჩამოვლენ თბილისთან მალე. მე ძალიან მაწუხებს, რომ მყისიერი რეაგირება ქვეყანას არ აქვს. თითქოს ნორმალიზაცია დავიწყეთ და ასე გვპასუხობს რუსეთი? მსოფლიო პრაქტიკა გვეუბნება, რომ საზღვრის გადმოწევა თუ მშვიდობიანად არ გვარდება, მაშინ ომი იწყება, ჩვენ არავინ გვთხოვს ომის დაწყებას, მაგრამ ჟენევის მოლაპარაკების დროს აუცილებელია მკვეთრი რეაქცია. ხელისუფლებამ კი საელჩოსთან აქცია უნდა გამართოს, შეწყვიტოს ურთიერთობა, სანამ არ გავარკვევთ, რატომ მოიწევს წინ? ეუთოს მოწოდებაა საჭირო და ბერკეტები გვაქვს, რომ რუსეთს ვუთხრათ, რომ საქართველოს ამაზე რეაქცია აქვს. თუ მძიმე ტექნიკა მიიყვანეს, ხვალ არავინ გადაწევს იმ საზღვარს და ასე არ შეიძლება! მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მიაქციოს ყურადღება", - დასძენს რესპონდენტი.