"ყველა უნდა დაისაჯოს - დათა ახალაია, გურამ დონაძე, თაკო სალაყაია, ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი..."

21 მაისს საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ივანე მერაბიშვილს, უმაღლეს სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში "ადამიანისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი დანაშაულებრივი ქმედებისთვის" რამდენიმე ბრალდება წაუყენა და დააკავა. ამ ბრალდებებს შორისაა: 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვა, რასაც შედეგად, საბიუჯეტო თანხებიდან 5,2 მლნ ლარის უკანონოდ დახარჯვა მოჰყვა; ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში მდებარე, შპს "საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის" კუთვნილი ფეშენებელური აგარაკის უკანონოდ დაკავება და მის გასარემონტებლად შს სამინისტროს სახსრების გამოყენება; 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს, მაშინდელ შს მინისტრ მერაბიშვილის დავალებით, საპოლიციო ქვედანაყოფების მიერ "არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალის განზრახ გამოყენება", რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა; უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული, ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის მკვლელობის საქმე...

სანდროს მამა, ბატონი გურამ გირგვლიანი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავებით, მისი ოჯახისთვის სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო.

გურამ გირგვლიანი:
- მერაბიშვილის დაკავების ფაქტი ჩემთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ამ ხნის მანძილზე ნამდვილად ველოდი - ეს დღე დადგებოდა და ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. სამართლიანობა აღდგა, ამაში გასაკვირი არაფერია. როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა და საქართველოში სიტუაცია შეიცვალა, მაშინვე ვიფიქრე, რომ სანდროს მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება დადგებოდა. ამ გამოძიებამ ბევრი რამ გამოააშკარავა, ახალი დეტალები წამოვიდა წინა პლანზე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დაკავებით ყველაფერი დამთავრდა, ჯერჯერობით ჩვენ ისევ ველოდებით მოვლენების განვითარებას. ხედავთ, "ნაციონალების" მხრიდან ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თითქოს ეს პოლიტიკური დევნაა, მაგრამ ნახავთ, გამოძიება და შემდგომი ეტაპი რეალურად აჩვენებს, თუ რა მოხდა, ამის სამხილი დაიდება. ამ ფაქტის დადებითი მხარე ის არის, რომ საზოგადოებას იმედი გაუჩნდა. უკვე დიდი ხანია, ელოდებიან ამ პროცესის დაწყებას. დაველოდოთ პროცესების განვითარებას, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

- თვლით, რომ მერაბიშვილის დაკავების შემდეგ ეს პროცესი ბოლომდე მივა?
- წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს საქმე დაებლოკა. ვიცით, როგორი კატეგორიული იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება. თქვეს, რომ ხელისუფლების ყველა შტო, ქვედა რგოლიდან დაწყებული, ჩარეული იყო ამ საქმეში და მაშინ ამაში პრეზიდენტი სააკაშვილიც კი დაადანაშაულეს. ვერავინ გაექცეოდა ამ პროცესს, უბრალოდ, განსხვავება იმაშია, ისინი ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყვნენ, ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს საქმე არ გახსნილიყო. ეჭვი არ მეპარება, რომ არა მარტო ჩემი ოჯახის საქმე, არამედ სხვა უამრავი ადამიანის საქმეში, რომლის დროსაც ამ 9 წლის განმავლობაში ბევრი დანაშაული ჩაიდინეს, სამართალი გაიმარჯვებს. ეს ფაქტი არის დასაწყისის დასაწყისი.

- ალბათ სიმბოლურია ისიც, რომ ყველაზე გახმაურებული, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმით დაიწყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი, არა?
- ამას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია - დაიწყო. ეს კონკრეტულად ერთი ოჯახის ტრაგედიას ეხება, თორემ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, 26 მაისის და 7 ნოემბრის ფაქტები. დიდი მადლობა საზოგადოებას, რომელიც ჩვენს ოჯახს გვერდით დაუდგა და მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ მოსახლეობისთვის და მსოფლიოსთვის დაენახვებინათ, თუ რა
ქვეყანაში ვცხოვრობდით, რა სახელმწიფო ჰქონდათ და ვინ მართავდა ჩვენს ქვეყანას. ჩემი შვილის საქმეში ჩარეული იყვნენ: მერაბიშვილი, ბოკერია, სააკაშვილი, ადეიშვილი, გაბაშვილები, რომლებიც გაავებულები არიან.

- როგორ გავიდა თქვენთვის ეს წლები? ალბათ იმედგაცრუებული იყავით.
- როცა ჩემმა მეუღლემ ბრძოლა დაიწყო, გვქონდა იმედი, რომ ეს დღე დადგებოდა. ირინა ენუქიძე ერთი ქართველი დედა იყო, მაგრამ მან სულ სხვანაირად გამოხატა ეს დიდი გრძნობა. მისი სიკვდილის შემდეგ ჩვენ მისი დაწყებული ბრძოლა გავაგრძელეთ. ამაში ძალიან მეხმარებოდნენ ადვოკატები - შალვა შავგულიძე და დავით ჯანდიერი. სტრასბურგში მიღწეულ შედეგის მიღებაში კი დიდი როლი ითამაშა თეა წულუკიანმა, მან მიიყვანა ეს საქმე ბოლომდე. იმ პერიოდში, იმ რეჟიმის პირობებში, ჩვენი დიდი გამარჯვება - სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილება იყო. უამრავი მითითება მიიღო მაშინ ხელისუფლებამ და დღემდე ითხოვს ამ საქმეზე შედეგს. საზოგადოება ცოტა ხანში დაინახავს ყველაფერს - თუ რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ამ საქმეში, რამდენი ადამიანი ცდილობდა, რომ სანდროს საქმე მიეჩქმალა.

- გამოძიების დეტალები ალბათ თქვენთვის უკვე ცნობილია. კიდევ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება? თქვენ ვის დასჯას ითხოვთ?
- ისევ მიმდინარეობს გამოძიება. ვთვლი, ყველა უნდა დაისაჯოს - დათა ახალაია, გურამ დონაძე, თაკო სალაყაია, ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი და სხვები. იქ ვინც იყო, მარტო იმათი დასჯა არ არის საკმარისი, - ამას ისიც მოჰყვა, რომ სხვა რგოლები ჩაერთვნენ. ეს იყო უშველებელი ჯგუფი - ვგულისხმობ ხელისუფლების დიდ კლანს. ავიღოთ თუნდაც ბოკერია, რომელიც იმ პერიოდში მართავდა სასამართლო სისტემას; ადეიშვილი - თავისთავად: ყველამ იცის, სასამართლო პროცესების მსვლელობის დროს პირდაპირ ტელეფონით იღებდნენ მისგან დირექტივებს. სააკაშვილმა თქვა, - ვნანობ, ირინა ენუქიძეს რომ ვერ მივუსამძიმრე შვილის სიკვდილიო. ესეც თამაში იყო. კარგად იცოდნენ, რა გააკეთეს და თამაშობდნენ. ახლა მათ თვითგადარჩენის მიზანი ამოძრავებთ, მაგრამ ამას ისინი ვერ ეღირსებიან. თუ დღევანდელი მთავრობა ამ ყველაფერს ბოლომდე არ მიიყვანს, მაშინ მომავალშიც იგივე განმეორდება. ხალხი ამაზე თავის აღშფოთებას გამოხატავს. ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ.

- ბევრჯერ გამოცხადდა, რომ სანდროს მკვლელობის საქმის გამოძიება ბოლო ეტაპზე იყო და გაცხადდებოდა სიმართლე, მაგრამ ეს დროში ძალიან გაიწელა. თქვენ თუ გაცნობდნენ საქმის დეტალებს?
- დეტალების ირგვლივ საქმის კურსში ვიყავი. სისტემატურად ვურთიერთობდი გამოძიებასთან, მაგრამ ამას იმიტომ არ ვაჟღერებდი, რომ არ მინდოდა, გამოძიების პროცესისთვის ხელი შემეშალა. ამიტომ ჟურნალისტებთანაც არ ვკონტაქტობდი. ჩასაფრებულია "ნაცმოძრაობა" და შეეცდებოდა, კონტრარგუმენტები მოენახა. მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ პროკურატურა მასალებს ალაგებდა, რომ მათ სათქმელი აღარ ჰქონოდათ. იცით, რა ხდებოდა ამ პერიოდში? პროკურატურა იჭერდა და კუბლაშვილის სასამართლო მათ უშვებდა. ამიტომ მაშინ ვანო მერაბიშვილის დაჭერას არანაირი აზრი არ ჰქონდა, სანამ არ მიიღეს სასამართლოს შესახებ ახალი კანონი. დღეს ხელ-ფეხი უფრო გაეხსნა პროკურატურას და იმედი მაქვს, იგივე არ განმეორდება. არ გამიკვირდება, ხვალ და ზეგ ამ საქმეს ბევრს კიდევ თუ მიაყოლებენ, ვინც გარეული იყო. ახლა გამოდიან და ამბობენ, - უნდათ, გადაფარონ 17 მაისის აქციაო. ეს სისულელე და აბსურდია. ამას ისინი აკეთებდნენ. დაავიწყდათ - როცა ჩემი შვილი მოკლეს, კოდორის ხეობა რომ დაბომბეს. იგივე, გვიჩიანის საქმე გაიხსენეთ... ნუთუ ეს დაავიწყდათ?! უამრავი ასეთი საქმით ხდებოდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გადაფარვა. ახლა ჰგონიათ, რასაც ისინი აკეთებდნენ, სხვებიც იმას აკეთებენ. "ნაციონალების" გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არც ღირს. თავის გადარჩენას ცდილობენ, უნდათ, ამერიკას დაანახვონ, ვითომ ოპოზიციას პრობლემები აქვს. სად არის აქ ოპოზიცია?! მათ უნდათ, დაიმკვიდრონ რამენაირად თავი, რომ რაღაცას წარმოადგენენ.

- როგორც ვიცი, ამ დღეებში იგეგმება სანდროს და ქალბატონი ირინას სახელობის ფონდის შექმნა.
- სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის სახელობის სამართლიანობის ფონდი უკვე შექმნილია. ჩვენ მოვახდენთ ამ ფონდის პრეზენტაციას მაისის ბოლოს და იქ კიდევ ბევრ რამეზე მიიღებთ პასუხებს.