ვინ დაარწმუნა შს მინისტრი, 17 მაისს სპეცრაზმი არ გამოეყვანა

ვინ დაარწმუნა შს მინისტრი, 17 მაისს სპეცრაზმი არ გამოეყვანა

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ახალი ხელისუფლების შიგნით საბოტაჟი გამორიცხული არ არის და შესაძლოა, ეს ნაციონალებსა და "ქართულ ოცნებას" შორის ფარული ომის ერთ-ერთი ფორმა იყოს. ექსპერტების შეფასებით, ამ ფარულ ომში საკვანძო უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროა და ვინც აკონტროლებს შსს-ს, ის აკონტროლებს სიტუაციას. სხვათა შორის, 17 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ზოგიერთმა ექსპერ­ტმა უკვე გამოთქვა ეჭვი, რომ ეს ახალი ხელისუფლების და პირადად ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. ამასვე ამბობს "ყველა სიახლესთან" საუბრისას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა: "17 მაისს შსს-ს შემუშავებული ჰქონდა შემდეგი სქემა: ლგბტ აქციისა და პარალელური დემონსტრაციის მონაწილეებს შორის სპეცრაზმი უნდა ჩამდგარიყო ფარებითა და ჩაჩქნებით. როგორც პროფესი­ონალი, გეტყვით, რომ ამას ფსიქოლოგიური ზემოქმედება ექნებოდა და შესაძლოა, მეტი თავშეკავება ყოფილიყო. თუმცა ვითომდა კეთილმოსურნეებმა დაარწმუნეს ირაკლი ღარიბაშვილი, რომ ფარებიანი სპეცრაზმის გამოყვანა ხალხში ცუდ ასოციაციებს აღძრავდა. საერთოდაც არაფერი მოხდებოდა და მაინცდამაინც ბევრი პოლიციელი საჭირო არ იყო. არადა, მეორე მხრივ, იყო ინფორმაცია, რომ ლგბტ-ს საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე ათეულობით ათა­სი ადამიანი აპირებდა მისვლას. საბოლოოდ, მოხდა ის, რაც მოხდა. გასაგებია, რომ წესრიგს საპატრულო პოლიცია იცავდა, მაგრამ ასეთ დროს მხარეების გაშველება მათი "პროფილი" არ არის - სპეციალურად გაწვრთნილი ხალხია საჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გარკვეული გავლენა შეინარჩუნა უწყებაში, დარწმუნებული ვარ, ასეთი "რჩევების" უკან სწორედ მერაბიშვილი დგას - ის ხომ კულუარული ომის სპეციალისტია. 17 მაისს მსხვერპლი რომ ყოფილიყო, ღარიბაშვილს გადადგომა მოუწევდა", - აცხადებს ინკოგნიტო მაღალჩინოსანი. ექსპერტების აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილი უწყებებში დარჩენილ ყოფილ თანაგუნდელებს იმ კომპრომატების საშუალებით აკონტროლებს, რომელთა არსებობის შესახებ ახალი ხელისუფლებისთვის, შესაძლოა, ცნობილი არ იყოს. "ყველა სიახლესთან" საუბრისას ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე აღნიშნავს, როდესაც ვინმეს კონკრეტული პირის წინააღმდეგ რაიმე კომპრომატი გააჩნია, მისი გამოქვეყნების მუქარით უფრო ბევრი რამის მიღებას ახერხებს, ვიდრე რეალურად გამოქვეყნებით, შესაბამისად, ხშირად კომპრომატები მზის სინათლეს არც ნახულობს. მისივე თქმით, ძნელია იმის განსაზღვრა, რა სახის კომპრომატი უფრო მოქმედებს ადამიანის ქცევაზე - ამორალური პირადი ცხოვრების ამსახველი, თუ დანაშაულებრივი ქმედების, ეს ადამიანის მორა­ლურ მხარესა და ფსიქოსოციალურ ტიპზეა დამოკიდებული, რისი ეშინია მას? შანტაჟის შედეგად რისი გაკეთება შეუძლია, რამდენად მოუტანს ეს ზიანს? და ა.შ… შსს-ში დარჩენილი ძველი კადრების კავშირზე მერაბიშვილთან "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილიც საუბრობს. მისი განცხადებით, ყოველი დღის ბოლოს ვანო მერაბიშვილის მაგიდაზე შსს-ში მომხდარი მოვლენების ანგარიში იდება, ის მაღალი თანამდებობის პირების გაკონტროლებას კვლავ ახერხებს. ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით კი, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელში არსებული კომპრომატებისა და შანტაჟის შედეგია ის გადაცდომები, რაც ძალოვან უწყებებში ბოლო დროს მოხდა. არეშიძე მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად გამოსავალს პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფი დამოუკიდებელი გენერალური ინსპექციის შექმნაში ხედავს. გენინსპექცია ძალოვან სამინისტროებში მომუ­შავე კადრებს შეისწავლის და გააკონტროლებს.

"აღნიშნული გენინსპექცია უნდა დაკომპლექტდეს სანდო და პროფესიონალი სპეციალისტებით. დამოუკიდებელმა გენინსპექციამ უნდა შეისწავლოს ამ უწყებებში მომუშავე ნებისმიერი პირის ბიოგრაფია და მათ ქმედებებს მკაცრი მონიტორინგი გაუწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბოტაჟის ფაქტებმა, შესაძლოა, მომავალში უფრო სერიოზულ მასშტაბებს მიაღწიოს". მისი თქმით, საზოგადოებამ არ იცის, რომ ახ­ლა შსს-ში სერიოზული შიდაომია. "ანტიკორუფციული დეპარტამენტის შემადგენლობა უკვე მთლიანად გათავისუფლებულია და საბოტაჟის რისკების შესამცირებლად მალე ამ უწყებაში უფრო დიდი წმენდა დაიწყება", - აღნიშნავს არეშიძე.

საკადრო საკითხზე და, აქედან გამომდინარე, საბოტაჟის საფრთხეზე სხვებიც ამახვილებენ ყურადღებას. მაგალითად, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გახმაურებული საქმეების, მათ შორის ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიების გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზად ძველ კადრებს ასახელებს და, მათი მხრიდან ერთგვარ საბოტაჟსაც არ გამორიცხავს. ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა კი, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, გაარკვიოს, ვინ გაუწია რეკომენდაცია მცხეთის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე გიორგი დარჯანიას დანიშვნას, რომელიც კორტებთან მისი შვილის ჩაცხრილვის სპეცოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა. "ელიტაბურჯის" დაყადაღების საქმეს უშუალოდ ეს კაცი ხელმძღვანელობდა. არჩევნებამდე ის იყო ისნის პოლიციის სამმართველოს უფროსი და თა­ნამშრომლებს მოქალაქეების პირადობის მოწმობების მიტანას სთხოვდა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა შალვა წიკლაურმა ამაზე უარი განუცხადა და სამსახურიდან გაათავისუფლა. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კი მამა დაუჭირა. არჩევნების შემდეგ წიკლაურმა პოლიციაში თავის აღდგენა შეძლო და დარჯანია ამხილა. დარჯანია ამ დროს სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ მას ისეთი გავლენა ჰქონდა და ისეთი კლანი მფარველობდა, წიკლაური ხელახლა გააგდებინა, თვითონ კი მცხეთის პოლიციის უფროსად დაინიშნა. მოვუწოდებ შს მინისტრს, დაინტერესდეს ამ კლანით", - განაცხადა ვაზაგაშვილმა. მის განცხადებას "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი მერაბ ქათამაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მცხეთის პოლიციის ახალი უფროსი გიორგი დარჯანია 2009 წელს თითქოსდა იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახ­ვის ფაქტზე მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ერთ-ერთი ცრუ მოწმე იყო. რამდენიმე თვის წინ მსგავსი ბრალდებები გაისმა სხვა რაიონების პოლიციის უფროსებზეც, ასევე შსს-ს მაღალჩინოსნების, - კრიმინალური პოლიციის უფროს დავით ბედიას, მისი მოადგილის - გია კიკალიშვილისა და კიდევ სხვა ბევრი ძველი კადრის მიმართ. მოგვიანებით კიკალიშვილის გვარი თენგიზ გუნავას საქმეშიც ამოტივტივდა, დავით ბედიას სახელი კი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში და ბოლოს ფინალური "საკონტროლო გასროლა" - შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო ყველა ის პირი და უწყება, რომლებიც საზოგადოების კრიტიკის ობიექტები გახდნენ. ხვედელიძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებით ახალი ხელისუფლების სანდოობა და პირა­დი ცხოვრების ხელშეუხებლობა ეჭვქვეშ დააყენა მანამდე, ვიდრე დააკავებდნენ. ამიტომ გაჩნდა ლოგიკური შეკითხვა: იყო თუ არა ეს სხვა ძალის დაკვეთა ხელისუფლებისთვის ჩრდილის მისაყენებლად და ვინმე მართავდა თუ არა ხვედელიძეს?

პრემიერ-მინისტრმა ბოლო პრესკონფერენციაზე ხვედელიძის საქმეზე საუბრისას რამდენჯერმე თქვა, რომ მან შანტაჟს ვერ გაუძლო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის შანტაჟს გულისხმობდა, ან ვისი მხრიდან მოდიოდა ის. უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი კი გამოსავალს კანონმდებლობის გამკაცრებაში ხედავს.
"ვფიქრობ, საბოტაჟის პრევენცია ის იქნება, თუ კანონდებლობა ამ მიმართულებით უფრო გამკაცრდება და ყველა გამოქვეყნებული კომპრომატის გამავრცელებელი მკაცრად დაისჯება. ამის კარგი მაგალითი იყო შს მინისტრის მოადგილის დაკავება", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.