"გაგიმხელთ ინფორმაციას, რომელიც ჩვენი შიდა უსაფრთხოების სამსახურმა ჯერ კიდევ ხვედელიძის დაპატიმრებამდე მოიპოვა. აქცია 17 მაისამდე დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. უნდა მომხდარიყო სერიოზული შეტაკება, დაიღვრებოდა სისხლი და შეტაკება გადაიზრდებოდა სასულიერო პირებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაში, ამას მოჰყვებოდა მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენება. ავტომატურად შინაგან საქმეთა მინისტრი ხდებოდა გელა ხვედელიძე, რომლის მიმართაც კარგა ხანია ეჭვია, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" სპეცსამსახურებთან, კონკრეტულად კი ვანო მერაბიშვილთან იყო კავშირში. თუკი ხვედელიძე მინისტრის პორტფელს დაიკავებდა, "ნაციონალების" სურვილების აღმსრულებლად მოგვევლინებოდა იგი. ნამდვილად არ ვიცი, კონკრეტულად ვის კაბინეტში დაიწერა ეს გეგმა, თუმცა ინფორმაციამ ჩვენამდე გამოჟონა და ეს ნიშნავს, რომ ამ სცენარის შესახებ კარგად ინფორმირებული იყო შსს. ფაქტია, რომ ძალიან უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი აღმოჩნდა", - აცხადებს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "გაგიმხელთ ინფორმაციას, რომელიც ჩვენი შიდა უსაფრთხოების სამსახურმა ჯერ კიდევ ხვედელიძის დაპატიმრებამდე მოიპოვა…".
"ერთ საინტერესო ინფორმაციასაც გაგიმხელთ. 17 მაისს მართლმადიდებელ სასულიერო პირებს უნდა შეერთებოდა რამდენიმე რაბინი, ასევე, მუსლიმანი მოძღვრები, როგორც შიიტი, ისე სუნიტი შეიხები. დანამდვილებით ვიცი, რომ ძალიან სერიოზული განაცხადები უნდა გაეკეთებინათ, მათ ყურანიდან და თორადან უნდა მოეტანათ ციტატები. ქრისტიანობაზე მეტად დევნიან, უარყოფენ და უპირისპირდებიან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს მუსლიმანები და იუდეველები. როგორც ჩანს, მათ თავი იმიტომ შეიკავეს მისვლაზე, რომ ვიღაცებმა ისინი გააფრთხილეს, რომ სერიოზული პროვოკაცია და საფრთხე იგეგმებოდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ძალიან დიდი ხანია დაპირისპირება არსებობს, დაპირისპირება იყო სააკაშვილის ტაქტიკა. ის რამდენიმე "ნაციონალ" ლიდერს ერთმანეთს დააპირისპირებდა და მათ ამბიციებს ასე აბალანსებდა. ეს არის ტიპიური საბჭოთა მმართველობის ფორმა, რომელსაც ძალიან წარმატებულად იყენებდა თავის დროზე ედუარდ შევარდნაძე. სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი, როგორც შევარდნაძის ბუდეში გაზრდილმა წიწილებმა, რომლებიც შემდგომ შევარდნაძისვე ხელშეწყობით მოვიდნენ ხელისუფლებაში, გააგრძელეს შევარდნაძის მმართველობის სტილი. როგორც წესი, ასეთი ფორმით სახელმწიფოს მართვა ძალიან დიდხანს ვერ გრძელდება ხოლმე", - განაგრძობს რესპონდენტი.
"თუ ვინ იქნება შემდეგი? ჩემი აზრით, ყველაზე კორუმპირებული სტრუქტურა ქალაქ თბილისის მერიაა. "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენის შანსი არის მხოლოდ სიმართლე, ვერავინ გადაარჩენს "ნაციონალური მოძრაობის" იმ ლიდერებს, რომლებიც კორუფციაში, პოლიტიკურ შანტაჟებში არიან გარეულნი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სჯობს, ითქვას სიმართლე, დაისაჯოს რამდენიმე დამნაშავე და პოლიტიკური პროცესები დასტაბილურდეს. როგორც ჩანს, სააკაშვილს დასავლეთიდან მიღებული აქვს გარანტიები იმისთვის, რომ დიდ პანიკასა და ისტერიკაში, რომ არ ჩავარდეს ვანოს დაკავების გამო. მაგრამ მე თქვენ გარწმუნებთ, თუკი სიმართლე არ თქვეს თვითონ, ძალიან გაუჭირდებათ ამ სახელმწიფოში ცხოვრება", - დასძენს ზაალ კასრელიშვილი და შეკითხვას - "არის ინფორმაცია, რომ ახალაიებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას ივანე მერაბიშვილის დანაშაულებრივ სქემაზე, თავის ვიდეო და აუდიოფაილებით" - პასუხობს:
"ახალაიებს იმდენი სიმართლე აქვთ ნათქვამი, რომ ბევრ დახურულ თემას ფარდა აეხდება. თუ დამნაშავე პირები არ დაისჯებიან, მაშინ "ქართული ოცნების" შემდეგ რომ ხელისუფლება მოვა, გარწმუნებთ, დანაშაულის დაფარვისთვის ის ხელისუფლება გაასამართლებს "ქართული ოცნების" ლიდერებს".