რა აფერხებს ეკონომიკურ აღმავლობას

რა აფერხებს ეკონომიკურ აღმავლობას

ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 3%-მდე შეამცირა. ამის შესახებ EBRD-ის სათაო ოფისის მიერ გამოქვეყნებულ მაისის თვის ანგარიშშია ნათქვამი.

"საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2012 წლის ბოლოსათვის შენელდა. ეს სავარაუდოდ ინვესტიციების შემცირებულმა ნაკადმა და პოსტ-საარჩევნო პერიოდის პოლიტიკურმა ტრანზიციამ გამოიწვია. რამდენადაც, 2008 წლის ორმაგი კრიზისის დროს ქვეყანაში დონორების მიერ მობილიზებული საგარეო დაფინანსების წყაროები უმეტესწილად ამოიწურა, ახალი ხელისუფლების გამოწვევა ინვესტიციების სტიმულირების მიზნით ძირითად სექტორებში კერძო ფინანსური წყაროების მობილიზება იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაწყებული ახალი პროგრამის წყალობით გარე ფაქტორებთან არსებული გაურკვევლობა შემცირდა. რუსეთთან შემდგომი სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზებამ კი, შესაძლოა დროთა განმავლობაში ექსპორტით სტიმულირებულ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას შეუწყოს ხელი", - ვკითხულობთ ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე EBRD საქართველოსთან მიმართებაში მის მიერ იანვარში გაკეთებულ ეკონომიკის ზრდის პროგნოზირებულ მაჩვენებელს შეამცირებდა, ანალოგიური მოსაზრება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემაც დააფიქსირა და ივარაუდა, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის შემცირება გახდებოდა საჭირო.

"საქსტატმა" გამოაქვეყნა 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემები. ჩვენ ასევე გვაქვს აპრილის წინასწარი მონაცემებიც. სამწუხაროდ, ამ მონაცემების ერთობლიობა არ გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოს 6%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გავალთ. ამისი მიზეზი არის ერთი მხრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შენელება, მეორე მხრივ კი, ადგილობრივი ფაქტორი. მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა მოლოდინის რეჟიმიდან. საქართველოს ეროვნული ბანკი თანამშრომლობს მთავრობასთან, ყოველდღიურად ვცვლით ინფორმაციას აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით და ვაკეთებთ ინფორმაციის ანალიზს. იმედს ვიტოვებთ, რომ წლის მეორე ნახევრიდან აღნიშნული ნეგატივები და ტენდენცია შეიცვლება", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას – არა, მაგრამ EBRD-ის პროგნოზს გამოეხმაურნენ ფინანსთა სამინისტროში და განაცხადეს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შენელება შეიმჩნევა, თუმცა წლის ბოლოსთვის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებას ელიან.

"ბოლო პერიოდში შეინიშნება ეკონომიკური ზრდის შენელება, რაც სტატისტიკური პირველადი გათვლებით ასევე დასტურდება. რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავლებს, ამ კუთხით პრობლემები არ შეინიშნება და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ იმ ვალდებულებებისა და პროექტების დაფინანსების თვალსაზრისით, რაც პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში ბიუჯეტის დამტკიცების შედეგად არის დაფიქსირებული", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ აპრილის დასაწყიში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური არ გამორიცხავდა, რომ 2013 წელს დაგეგმილი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არათუ შემცირდებოდა, არამედ შესაძლოა, კიდევ უფრო გაზრდილიყო.

"ჯერჯერობით, ჩვენ პირველი კვარტლის შედეგებით ვფიქრობთ, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრის გადახედვის საფუძველი არ გვაქვს. დაველოდებით აპრილ-მაისს და ამის შემდეგ არ გამოირიცხება, რომ კიდევ უფრო ოპტიმისტები გავხდეთ", - აცხადებდა ხადური.

აპრილ-მაისის მონაცემები საქსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ წინასწარი შეფასებით, 2013 წლის პირველი კვარტლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 1,7% შეადგინა. არსებული მონაცემებით კი, ბოლო პერიოდში ეკონომიკის ზრდა კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, იანვარში მშპ-ის ზრდამ 2.9% შეადგინა, თებერვალში – 2.1%, მარტში კი – 0.2%.

რატომ მცირდება ეკონომიკა

ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ ქვეყანაში ბიზნესს დღეს ადმინისტრირების პრობლემა აქვს, რაც ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს.

"ფაქტია, რომ დღეისათვის, ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლა არაა, მაგრამ არსებობს მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემები, ადმინისტრირების საკითხები. მიმაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების პრობლემაც ზუსტად ამაში მდგომარეობს. ერთის მხრივ, ადმინისტრირების პრობლემა გამომდინარეობს მენეჯმენტის ხარისხიდან და მეორეს მხრივ კი - კომპეტენციის დაბალი დონიდან. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ბიზნესისა და ზოგადად, ეკონომიკის განვითარებას. არის სხვა მომენტიც, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესი სასათბურე პირობებში განვითარებას მიეჩვია და თავისუფლება შოკის მომგვრელია მათთვის. საუბარია, საშუალო და მცირე ბიზნესებზე. დიდ ბიზნეს-ჯგუფებს კი საკმარისი რესურსები აქვთ. ამასთან, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც, რომ გრძელვადიანი ინვესტიციების ეფექტის გრძნობა მოკლე პერიოდში შეუძლებელია, პირველ და მეორე კვარტალში ამას ვერ ვიგრძნობთ, ხოლო იმ სეგმენტში კი, რომელსაც სწრაფად უნდა დაეწყო მუშაობა, სწორედ რომ შიშისა და კომპეტენციის პრობლემა არსებობს", - აცხადებს გახარია.

ბიზნეს-ომბუდსმენისაგან განსხვავებით, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას უფრო პოსტ-საარჩევნო პერიოდით და ზოგადად, პირველ კვარტალში პასიური თვეებით ხსნის ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე.

"ეკონომიკური აქტივობის შემცირებას აქვს თავისი ობიექტური წინაპირობები. ეს არის: პოსტსაარჩევნო გარდამავალი პერიოდი, თან იანვარიც პასიურია ეკონომიკური აქტიურობის კუთხით, თუმცა კვარტალური მონაცემები სახარბიელო არ არის; გარდამავალი პერიოდის დროში გაჭიანურება, მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამასთან, ყურადღება მისაქცევია ეკონომიკური ზრდის უარყოფითი დინამიკა კვარტალში თვეების მიხედვით; სავარაუდოდ, არასასურველი ტენდენცია იქნება აპრილსა და მაისშიც, რადგან მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა", - განმარტა ლექვინაძემ.

ასევე გარდამავალი პერიოდით ხსნის ეკონომიკური ზრდის შენელებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, თუმცა აცხადებს, რომ წლის მეორე ნახევრიდან დინამიკა უკეთესობისკენ შეიცვლება.

"ჯერ კიდევ გარდამავალი პერიოდია. ინვესტორებს სიფრთხილე ახასიათებთ; არა მხოლოდ გარედან შემოსულ ინვესტორებს, არამედ - ადგილობრივებსაც. მე მგონია, რომ არჩევნების პერიოდმა, რომელსაც ეკონომიკური ატქიურობის შენელების პერიოდი ერქვა, გადაიარა. დღეს ძალიან მაღალი ინტერესი ფიქსირდება არა მხოლოდ გარეთ, არამედ შიგნითაც; ამას ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და გვაქვს უამრავი შეხვედრა. უბრალოდ, მოგეხსენებათ, ეკონომიკას გარკვეული ინერტულობა გააჩნია. არჩევნების შემდგომმა პერიოდმა, ვიდრე, ასე ვთქვათ, ახალი მთავრობის მიდგომა და მესიჯები გახდებოდა ცნობილი, მაინც გარკვეული ზეგავლენა იქონია ეკონომიკურ ზრდაზე და ეს, ბუნებრივია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ წლის მეორე ნახევრიდან სულ სხვა დინამიკა იქნება და აბსოლუტურად სხვა სურათი გვექნება. თუმცა ჩვენს ოპონენტებს მინდა ვუთხრა და მე მგონია, რომ ეს თვალშისაცემია, რომ ქვეყნის გარეთ ნათქვამი ნებისმიერი, საკმაოდ უარყოფით ფორმაში გამოხატული პროგნოზი, ასევე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს ინვესტორების განწყობაზე და ის პროგნოზები, მით უმეტეს თუ არ ეყრდნობა რეალურ მდგომარეობას, მით უფრო გულსატკენია. აქედან გამომდინარე, იქნებ ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ ამ ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა კვირიკაშვილმა სპეციალურად "ინტერპრესნიუსისათვის" გაკეთებულ კომენტარში.

რა შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას

კითხვაზე – როგორი მიდგომა სჭირდება კერძო სექტორს, რათა უფრო გააქტიურდეს, ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე ერთ-ერთ ფაქტორად საკანონმდებლო რეგულაციების არგართულებას ასახელებს.

"მოლოდინი, რომ მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა გართულდება, უნდა იქნას განეიტრალებული რეალური ცვლილებებით; არ გართულდეს შრომის კოდექსი, ანტიმონოპოლიურმა კანონმდებლობამ არ შექმნას ახალი პრობლემები; საჭიროა, ქონებრივი საკითხები იქნას დროულად გადაჭრილი, სახელმწიფო პროექტები უნდა დაიძრას, რომ შეიქმნას ეკონომიკური აქტიურობა. ასევე, საჭიროა, საინვესტიციო ფონდის სახით, იაფი კაპიტალის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის მხრივ აქტიური მუშაობა დაიწყოს", - განაცხადა ლექვინაძემ და აღნიშნა, რომ ამ პირობების გათვალისწინების შემთხვევაში, მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.

"ვთვლი, რომ 2013 წლის მეორე კვარტალში 1,7%-ზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება, თუმცა ეს არ იქნება ალბათ მნიშვნელოვნად გასხვავებული მაჩვენებელი და დამაკმაყოფილებელ შედეგად ვერ ჩაითვლება. ამდენად, მთელი აქტიურობა და ყურადღება მესამე-მეოთხე კვარტალზე უნდა იქნას გადატანილი", - აღნიშნა ეკონომისტმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, ვერა ქობალიას აზრით, ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედი თავისუფალი ბაზარი და ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნაა.

"ეკონომიკის განვითარების მთავარი რეცეპტი თავისუფალ ბაზარშია. მთავრობის ხელშეწყობა კი ყველას თავისებურად ესმის. მაგალითად, ეკონომიკის სამინისტრომ "იაფი კრედიტი" რომ გასცა 2007 წელს, ეს პროგრამა არ იყო წარმატებული, მაგრამ როდესაც ჩვენ გავამარტივეთ საბაჟო პროცედურები, ამან ბიზნესის მხრიდან აქტიურობა გაზარდა ანუ ბიზნესს ხელს უწყობს ბიუროკრატიის შემცირება", - აღნიშნა ქობალიამ.

ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ სტატისტიკური მონაცემები საჯაროდ ჯერ არ გამოქვეყნებულა. როგორც საქსტატში აცხადებენ, 2013 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ წინასწარი მონაცემები 10 ივნისს გამოქვეყნდება, ხოლო 2012 წლის დაზუსტებული მონაცემები - 15 აგვისტოს.

ცნობისთვის, ამჟამად საქართველოში იმყოფება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია, რომლის წევრებიც ეროვნული ბანკის პრეზიდნეტს, გიორგი ქადაგიძეს 13 მაისს უკვე შეხვდნენ და კვირის განმავლობაში შეხვედრებს მთავრობის წარმოამდგენლებთანაც გამართავენ.

ქადაგიძის განცხადებით, "რა კორექტივები შევა 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზში, მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი"