დღეს, კაფე „დისქავერში“ ფოტო-გამოფენა „ქაბული ჯავშანმანქანის ფანჯრიდან“ გაიხსნა. გამოფენა ჟურნალ „ლიბერალი“-ს ორგანიზებით მოეწყო და 30 მაისამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე ჟურნალ „ლიბერალი“-ს ფოტო-კორესპონდენტის გიორგი გოგუას 34 ფოტოა წარმოდგენილი, რომელიც ქართველი სამხედროების ISAF-ის მისიაში მონაწილეობასა და ავღანელი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ფოტოებს შორისაა ასევე, ავღანელი მამაკაცის პორტრეტი.
ავღანეთში ხუთდღიანი მოგზაურობისას, გიორგი გოგუამ ქართველი სამშვიდობოების ყოფა სამხედრო ბაზებზე - „ფენიქსი“, „ლეზერნიკი“, „შუკვანი“, „ლაზიკა“ და „ერედვი“ ვიზიტისას გადაიღო, ავღანეთის მოსახლეობა კი -ჯავშანმანქანიდან.
გამოფენას საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედროები დაესწრნენ. ბატალიონი ავღანეთის საერთაშორისო მისიას 6 თვის განმავლობაში ასრულებდა და სამშობლოში სრულად 6 მაისს დაბრუნდა.