საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია სტამბოლში მე-11 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენას „IDEF 2013“ დაესწრო. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი 49 ქვეყნის 800 ადგილობრივი და უცხოური კომპანიის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო, სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და სხვა სახის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას გაეცნო და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების და პროგრამების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
გამოფენა თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
ღონისძიებას სამხედრო სამრეწველო კომპანიების გარდა, 66 ქვეყნის 335 მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო ოფიციალური პირი დაესწრო, მათ შორის 27 თავდაცვის მინისტრი და 2 გენერალური შტაბის უფროსი.