სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის რამდენიმე წევრი საწვავის ტალონის გაყიდვაშია შემჩნეული და ამის შესახებ საპარლამენტო კულუარებში საუბრობენ. ერთადერთი, რაც გაირკვა, ის არის, რომ ერთ-ერთმა პარლამენტარმა საკუთარ მძღოლს თვის ბოლოს გამოუყენებელი საწვავის ტალონების გაყიდვა და ფულის მასთან მიტანა დაავალა.
სიტუაციის გასარკვევად "ალია" საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირინა იმერლიშვილს დაუკავშირდა:
- მე ის ვიცი, რომ ჩვენ, დეპუტატებს, ეს ტალონები არ გვაქვს. ეს ტალონები პირდაპირ მძღოლებს ეძლევათ ხელში. მე არასოდეს მიკითხავს მძღოლისთვის, აიღე ტალონი, თუ არ აიღე. მაგრამ ამ ინფორმაციაში მაინც ეჭვი მეპარება, რადგანაც ქუთაისში წინ და უკან სიარული თბილისიდან არის ძალიან ხარჯიანი საქმე.
- ხარჯიანი კი არის, მაგრამ რამდენჯერ გიწევთ დეპუტატებს ჩასვლა-ჩამოსვლა?
- ორშაბათობით ბიუროებია და მე რომ მივდივარ, პარასკევს გვიან ღამით ვბრუნდები.
- დაახლოებით რამდენი ლიტრი საწვავის ტალონი გაიცემა, იცით მაინც?
- მაქსიმუმ, არ ვიცი, 500-600 ლიტრის, ალბათ.
- 250 კილომეტრია ქუთაისამდე და კვირაში ორჯერ თუ მიდი-მოდიხართ, წესით, მაინც უნდა დარჩეს საწვავი.
- გააჩნია, ვისზეა საუბარი: კომიტეტის თავმჯდომარეებს ბევრჯერ უწევთ, კიდევ არის ის, რომ მაჟორიტარი დეპუტატები ვინც არიან, მათაც მეტად უწევთ. მოკლედ, ვისაც ჰყავს მანქანა, მას აქვს საწვავი, მანქანა კი ჰყავთ ბიუროს წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს, ფრაქციის თავმჯდომარეებს, უმრავლესობა-უმცირესობის ლიდერებს, კომიტეტის თავმჯდომარეებს და პირველ მოადგილეებს.
- მაინტერესებს, ვინმე აკონტროლებს ამ თანხებს და ტალონებს?
- უფრო აპარატი. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ეს რაღაც ხუმრობა მგონია. ვერ წარმომიდგენია, ეს ვინმემ გააკეთოს. ვისაც მანქანა ემსახურება, აქვს იმდენი ანაზღაურება, რომ საწვავის ტალონები არ გაყიდოს და მაგით არ შეინახოს ოჯახი. შეიძლება, ვიღაცის მძღოლმა გააკეთა ეს, მაგრამ არა მგონია, პარლამენტის წევრმა და ბიუროს წევრმა იკადროს. მაჟორიტარებს ჩვენ კიდევ ვაძლევთ დამატებით თანხებს, ბიუროს შესანახად.
მე უბრალოდ, არა მგონია, ეს ვინმემ იკადროს. ისევ ხუმრობა მგონია. მაჟორიტარ ბიუროებს რომ ოფიციალური თანხები აქვთ, ეს დასამალი არ არის. ისინი მთლიანად პარლამენტიდან ფინანსდებიან და გარდა ამისა, პროპორციული სიით გასულ დეპუტატებსაც ყოველ თვე სამასი ლარი აქვთ დამატებული. მოკლედ, აპარატის უფროსი გაგესაუბრებათ ამ საკითხზე უკეთ, საწვავს ვგულისხმობ.
აპარატის უფროსს ზურაბ მარაქველიძეს, სამწუხაროდ, ვერ დავუკავშირდით.