მაისის ბოლოს ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას დაიჭერენ?!

მაისის ბოლოს ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას დაიჭერენ?!

ახალი ხელისუფლების მისამართით უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, უმთავრესი მოთხოვნა კი არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა იყო. პროკურატურის პასიური მუშაობის გამო, საყოველთაო უკმაყოფილების ფონზე, როგორც ჩანს, მალე სიურპრიზი გველის
geotimes ge-ს ინფორმაციით, მაისის ბოლოს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა საქმეების გახსნა დაიწყება. მართლმსაჯულების წინაშე პირველად წარდგომა „ნაცმოძრაობის" გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს და თბილისის მერ გიგი უგულავას მოუწევს.

ამ დროისათვის მათ წინააღმდეგ კონკრეტული საქმეები პროკურატურაში დევს და მათზე აქტიური გამოძიება მიმდინარეობს. მალე თბილისის მერზე დაიდება კონკრეტული კომპრომატები და როგორც ჩანს, უგულავა მართლმსაჯულებისგან იოლად ვეღარ დაიძვრენს.

თუმცა უკეთეს დღეში არც ყოფილი შს მინისტრია. ვანო მერაბიშვილისთვის კი შესაძლოა საბედისწერო ზურა ლობჟანიძისთვის წართმეული აგარაკი აღმოჩნდეს, რომელიც ყოფილმა შსს მინისტრმა ძალაუფლების ზენიტში ყოფნის დროს პირდაპირ მიიტაცა.

მერაბიშვილი ყოველგვარი საბუთის გარეშე დაეპატრონა კვარიათში, შვეიცარიული კომპანია "მეტალიკ 1871"-ის კუთვნილ აგარაკს. კომპანიამ არაერთხელ მისწერა პრემიერ-მინისტრს და იუსტიციის მინისტრს, გამოიყვანეთ ჩემი სახლიდან შინაგან საქმეთა მინისტრიო, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის, რისი და ვისი გამომყვანები იყვნენ ზურაბ ადეიშვილი და, მით უმეტეს მაშინდელი პრემიერ ნიკა გილაური.

სხვათაშორის, მერაბიშვილს რომ ამ აგარაკზე ზღვიდან მონაქროლი გრილი სიო უყვარდა, მერაბიშვილ ადეიშვილის დიალოგშიც ჩანდა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების ცნობილ საქმესთან დაკავშირებით 2011 წლის 4 აგვისტოს, ვებგვერდმა copoka.net-მა გამოაქვეყნა ფარული სატელეფონო ჩანაწერები. ერთ-ერთ ასეთ ჩანაწერში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ. "მერაბიშვილი" "ადეიშვილს" ახარბებს: "ბიჭო, როგორი პონტია, იცი, ისეთი გრილი ნიავია ზღვიდან, სულ ნიავია რაა. ვაბშე ვერა გრძნობ სიცხეს. აი ნიავია, ჩქარი კი არ არი, ნიავია რა..."

მაინც სად იყო მერაბიშვილი ამ "საუბრის" დროს და საიდან უბერავდა "სულ ნიავი"? როგორც მაშინ მერაბიშვილის კვარიათელი მეზობლები ადასტურებენ, მინისტრი ოჯახთან და ამალასთან ერთად აგვისტოში ისვენებდა სწორედ იმ აგარაკზე, სადაც „ბანდიტურად" შეიჭრა.

ამ აგარაკს კი საკმაოდ ტრაგიკული ისტორია აქვს.
კვარიათში აგარაკი სახელმწიფო საწარმოების - "მადნეულისა" და "კვარციტის" ყოფილმა ხელმძღვანელმა ზურაბ ლობჟანიძემ 1999 წელს ააშენა და მისი სიდედრის - ფატი ფერაძის სახელზე გააფორმა.

ზურაბ ლობჟანიძემ "ვარდების რევოლუციას" გაასწრო და 2003 წლიდან ოჯახთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს. პოლიტიკური თავშესაფარიც მიიღო. შვეიცარიაში ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით კი საქართველოში ქონება მთლიანად გაასხვისა - თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მდებარე ბინა, მარგიანის ქუჩაზე არსებული სახლი და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში (კვარიათში) მდებარე აგარაკი. მაგრამ, რაკი „რევოლუციონრებმა" ლობჟანიძე ხელში ვერ ჩაიგდეს და სხვებივით ვერ გამოწურეს, მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 მაისის ბრძანებით, ზემოაღნიშნულ, უკვე გასხვისებულ ქონებას ყადაღა დაედო.

ზურაბ ლობჟანიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმეჯერ აღიძრა. პირველი ორი ბრალდება მის სამსახურს უკავშირდებოდა. გამოძიება მტკიცებულებების არარსებობისა და სსსკ-ის ცალკეული მუხლების დეკრიმინალიზების შემდეგ შეწყდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ერთწლიანი გამოძიებით ხელისუფლებამ წარდგენილ ბრალდებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, მისი დევნა მაინც არ შეუწყვეტიათ.

მესამედ საქმე უკვე ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების წაქეზების ბრალდებით აღძრეს და ხელვაჩაურის სასამართლომ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ლობჟანიძეს და მის სიდედრს _ ფატი ფერაძეს, თუმცა დამატებით სასჯელად ქონების, ანუ ჯერ კიდევ 2004 წელს დალუქული სახლის ჩამორთმევა არც უხსენებიათ. საქმის მასალების მიხედვით, ზურაბ ლობჟანიძემ ფატი ფერაძე და ცნობილი ქართველი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი წააქეზა. ლობჟანიძეებმა კვარიათის სახლი, რომელიც ფატი ფერაძეზე იყო დარეგისტრირებული, ყაველაშვილს მიჰყიდეს. პროკურატურამ ამ საქმეზე ყაველაშვილის ეპიზოდი ცალკე გამოჰყო. ნიშანდობლივია, რომ იგი სასამართლო პროცესზე არც კი დაუკითხავთ, მიუხედავად იმისა, რომ მზად იყო, ჩვენება მიეცა და ხელშეკრულების ნამდვილობა დაედასტურებინა. პროკურატურასა და სასამართლოს მისი ჩვენება არაფერში სჭირდებოდა, ისედაც ნათელი იყო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილი იყო.

ლობჟანიძე-ფერაძის სასამართლო პროცესამდე აგარაკს ახალი მეპატრონისთვის _ ყაველაშვილისთვის არ უცნობებიათ, რომ სახლი დალუქული იყო და დასასვენებლად ჩასული ფეხბურთელის ოჯახი სახლში ვერ შევიდა. ყაველაშვილებმა საკუთარი ქონების დაცვა სასამართლოს გზით სცადეს. ვერაფერს მიაღწიეს და ლობჟანიძეს ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვეს. ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა და ყაველაშვილმა ფული უკან დაიბრუნა. ეს ფული ლობჟანიძეს შვეიცარიულმა კომპანიამ "მეტალიკ 1871"-მა მისცა და სახლიც დაისაკუთრა.
მაგრამ შვეიცარიული კომპანია მხოლოდ იურიდიული მფლობელია, ლობჟანიძისა და ფერაძის კვარიათელი მეზობლები არც მალავენ, რომ ამ სახლში ხშირად ხედავდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს თანმხლებ პირებთან ერთად. აქაურთა თქმით, ვანო მერაბიშვილი 2009 წლიდან 2012 წლამდე სისტემატურად სტუმრობდა კვარიათს, არჩევნების შემდეგ კი ზღვისპირეთში შსს ყოფილი მინისტრი აღარ გამოჩენილა.

მეზობლების და ყარაულის ინფორმაციით, სახლში ავეჯიც გამოცვალეს და გაარემონტეს კიდეც, მეზობელთან საზიარო მისასვლელი გზის ნაცვლად კი ცალკე გზაც გაიყვანა მერაბიშვილმა და აგარაკიდან ზღვამდე არხიც გაჭრა _ შს მინისტრს და მის თანამეინახეებს სკუტერებით შეჯიბრი ძალიან ყვარებიათ და ღია ზღვაში გასასვლელიც ხსნილი ჰქონდათ.
ახალი რემონტი და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კი ხერხემალყოფილს საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდომია, პროკურატურა ამჟამად, გარდა ქონების მიტაცების ბრალდებისა, რემონტზე დახარჯული თანხის წარმომავლობაზე მუშაობს, ძნელი მისახვედრი არაა „ღატაკი" მინისტრი ვის მოპარავდა ფულს, რა თქმა უნდა, გაჭირვებული მოსახლეობის გადასახადებით შევსებულ ბიუჯეტს.
ზურა ლობჟანიძეს სარჩელი სტრასბურგში ჰქონდა შეტანილი, წარმოიდგინეთ ევროპელი მოსამართლეების გაოცება, როდესაც გაიგებდნენ, რომ ბიზნესმენისთვის წართმეულ სახლში შსს მინისტრი შეიჭრა და ნებივრობს „ ნიავზე".

ალბათ საზოგადოებას გაუჩნდება კითხვები, რატომ უნდა გასჩენოდა „ყოვლისშემძლე" მინისტრს სხვისი ქონების ბანდიტური გზით ხელში ჩაგდების სურვილი? როცა ნებისმიერ ადგილზე შეეძლო გაცილებით უკეთესი აეშენებინა და არც შვეიცარიულ კომპანიასთან ექნებოდა სასამართლო პროცესები საქართველოს ხელისუფლებას?

პასუხი ალბათ არც ისე რთულია, მის „სიღრმეებს" ვერც სტრასბურგელი მოსამართლეები ჩასწვდებიან და ვერც შვეიცარიელები. ჩვენთვის კი მარტივი გასაგებია - მერაბიშვილი იმდენად დარწმუნებული იყო საკუთარ უძლეველობაში და იმაში, რომ კანონზე მაღლა იდგა „ყოვლისშემძლეობა" ყველანაირი ფორმით გამოამჟღავნა . მაგრამ რეალობა იცვლება, მერაბიშვილს საეჭვოა, ამ რეალობით გახურებულ შუბლი კიდევ გაუგრილოს ზღვიდან მონაბერმა "გრილმა ნიავმა.."

ბაჩო ახალაიასთვის კი, geotimes.ge-ს ინფორმაციით, მალე სასიამოვნო სიო დაუბერავს და ყოფილი მაღალჩინოსანი ციხეს დატოვებს, მის სასამართლო პროცესებიდანაც ნათლად ჩანს,რომ პროკურატურა სუსტი ბრალდებებით და მოწმეების უსუსური ჩვენებებით, ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს ბაჩო ახალაიას დანაშაულის დამტკიცებას...