"ვერსიები, რომელიც მუსირებს, შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად. ერთია, რაც შედის ბატონი მიულერის კომპეტენციაში, მეორე, რომელიც მას, პირობითად, დააბარეს. მეორე ვერსია განეკუთვნება საქართველოს ახალი ხელისუფლების სამომავლო საგარეო პოლიტიკური კურსიდ ზონდაჟს და რასაკვირველია, ეს შეიძლება ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების საკითხი. მაგრამ "ეფბიაის" შეფის ძირითადი საკითხი არის ცარნაევებისა და ლაფანყურის თემა. ვფიქრობ, ახალი გარემოებები გაჩნდა 90-იან წლებში საქართველოში მოკლული ამერიკის სპეცსამსახურების წარმომადგენლის, ფრედი ვუდროფის სიკვდილთან დაკავშირებით", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რისთვის ჩამოვიდა თბილისში "ეფბიაის" შეფი და რატომ შეხვდა ივანიშვილს?".
"ციხიდან გამოსული მკვლელი აცხადებს, რომ მას ვუდროფის მკვლელობა არ ჩაუდენია და მინდა გითხრათ, რომ ამის თაობაზე ის ხმამაღლა საუბრობს. როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლების პირობებში მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა საეჭვო გარემოებები. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია შეატყობინეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და მათი საშუალებით "ეფბიაისთვის" გახდა ცნობილი. ვუდროფის მკვლელობა იყო მნიშვნელოვანი ფაქტი, მისი მკვლელობის გამოძიების სიმართლეში ყოველთვის ეჭვი ეპარებოდათ. აქედან გამომდინარე, ამერიკელები ყოველთვის ცდილობდნენ გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი მასალები მიეღოთ. როგორც ვიცი, ვუდროფის მკვლელობასთან დაკავშირებით "ეფბიაის" დამატებითი ინფორმაცია მიუვიდა და ამიტომ არ გამოვრიცხავ, ამ თემით დაინტერესებას "ეფბიაის" შეფის მხრიდან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"როდესაც დასრულდება სირიის ომი და ასადის რეჟიმი დამარცხდება, მერე დადგება ირანის ჯერი. იმ შემთხვევაში, თუ ირანში სახმელეთო ოპერაციები განხორციელდება, საქართველო დგება უკვე უშუალო ხიფათის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტი მეტყვის, - "ეფბიაის" შეფი გეოპოლიტიკური საკითხებით, სადაზვერვო ინფორმაციით აქ არ უნდა ინტერესდებოდეს, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარეო, მე შემიძლია ვუპასუხო, - ზუსტად მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, სულ არ გამიკვირდება, ამ საკითხებითაც იყოს დაინტერესებული და არ გამიკვირდება, რომ მან ისეთი ტიპის გზავნილები ჩამოიტანა ამერიკიდან, რომელსაც ელჩის მეშვეობით ვერ გადასცემდა ბიძინა ივანიშვილს. დარწმუნებული ვარ, ეს ინფორმაცია საქართველოს ხვალინდელი დღისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ვერ გეტყვით, რა შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია. არ არის გამორიცხული, საქართველოს მიეცა ინსტრუქცია, ამა თუ იმ მოვლენის განვითარების მიხედვით, როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ახალი ხელისუფლება. მინდა გითხრათ, რომ მიულერის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ლიდერებმა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ, როგორც იქნა, დაიჯერა ახალი ხელისუფლების პროდასავლური კურსი. თუ მიულერის მისიას ჰქონდა განსაკუთრებული საიდუმლო მნიშვნელობა და დარწმუნებული ვარ, ასეც იყო, ეს ნიშნავს იმას, რომ ნდობის რეჟიმი შეიქმნა ახალი ხელისუფლების მიმართ", - დასძენს რესპონდენტი.