ზაზა ხატიაშვილი: ის, რაც ჩაიდინა საქართველოს პარლამენტმა, ეს არის ფეოდალიზმის განმტკიცება

ზაზა ხატიაშვილი: ის, რაც ჩაიდინა საქართველოს პარლამენტმა, ეს არის ფეოდალიზმის განმტკიცება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საქართველოს სატელევიზიო სივრცეში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ხატიაშვილის მიერ სატელევიზიო არხების ხელმძღვანელებისთვის და ჟურნალისტთა კორპუსისთვის გაკეთებულ მიმართვაშია აღნიშნული.

"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც წარმოვადგენ მთელ ადვოკატთა კორპუსს საქართველოში, შეშფოთებული ვარ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში განვითარებული მოვლენების გამო. მინდა, განვაცხადო, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს, არც ერთი "მიშავიზია" ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს პირდაპირ ეთერში არ მიშვებდა, რათა დემოკრატიის შუქურა არ გაენაწყენებინათ. ოთხი წელია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარ და ელემენტარულად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე არ მქონია არც ერთი პირდაპირი ეთერი. ვფიქრობდი, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ შეიცვლებოდა დამოკიდებულება ჩემს მიმართ, მაგრამ სხვა რეალობაში მოვხვდი და უკვე "ბიძინავიზიების" მხრიდან იგნორირებული ვარ, რაც სამარცხვინო მოვლენაა. მე, ზაზა ხატიაშვილი ვიბრძოდი იმისთვის, რომ საქართველოში შექმნილიყო კანონმდებლობა, რომლის საფუძველზე ადამიანების წამება საბოლოოდ შეწყდებოდა. წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია "ქართული ოცნება" გულზე ხელს ირტყამდა და გაჰყვიროდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღმდგარიყო, სასამართლო უნდა გათავისუფლებულიყო ზეწოლისგან და ა.შ. კოალიციის წევრებმა, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ხელისუფლებაში დიდხანს დარჩენის მიზნით დაიტაცეს თანამდებობები, გაუტკბათ სკამები, რიტორიკა შეცვალეს და საპროკურორო სახელმწიფოს შექმნაზე დაიწყეს ფიქრი. მათ ფაქტობრივად გაიმეორეს ის გზა, რითაც სააკაშვილმა დაიწყო. მართლაც ჩვენზეა ნათქვამი "ვუის გავეყარე და ვაის შევეყარეო". მინდა, გკითხოთ პატივცემულო ჟურნალისტებო, ადვოკატს, რომელსაც არ ექნება უფლება გამოითხოვოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებიდან და აუკრძალავ მიმართოს სასამართლოს ამოიღოს მტკიცებულება. სასამართლოს დამოუკიდებლობა როგორ მიიღწევა? უუფლებო და დაშინებული ადვოკატი როგორ დაიცავს მოქალაქეს? სამარცხვინოა იმის აღიარება, რომ ადვოკატებს კომუნისტური წყობილების დროს გვქონდა მეტი უფლებები, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსული ხელისუფლების პირობებში გვაქვს.

პარლამენტის მხრიდან ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ მიმართულმა ნაბიჯმა, რომელმაც დაბლოკა ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, გამაოგნა და მივწერე ღია წერილი როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა არ დაეშვათ მსგავსი სიბინძურე, მაგრამ არც ერთმა პასუხი არ გამცა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის იგნორირება ეტყობა სააკაშვილისგან მემკვიდრეობით მიიღეს. "ბიძიანვიზია 1-მა" , ანუ "მე-9 არხმა" 2013 წლის 30 აპრილს აღნიშნულ საკითხს მიუძღვნა სპეციალური გადაცემა, რათა როგორმე კარგი კუთხით წარმოჩენილიყო პარლამენტი, მაგრამ ეკა ბერიძის მიერ მოწვეულმა სტუმრებმა ღირსეულმა ქალბატონებმა ეკატერინე ბესელიამ, ეკატერინე ფოფხაძემ და ლია მუხაშავრაიმ მხარი დაუჭირეს ადვოკატთა ასოციაციას და განაცხადეს, რომ პარლამენტის მხრიდან ადვოკატების უფლებების შეზღუდვა იყო არადემოკრატიული ნაბიჯი.

ეკა ბერიძემ როცა დაინახა, რომ საწადელს ვერ მიაღწია და დაკვეთა ვერ შეასრულა, გადაცემის ბოლოს განაცხადა, რომ მომავალ კვირას ამ საკითხზე მოიწვევს მთავარ პროკურორს და გაგრძელდება დისკუსია. ნამდვილი გმირობაა თქვენი მხრიდან ქალბატონო ეკა, მაგრამ იცოდეთ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა არავის შერჩენია და არც თქვენ შეგრჩებათ.

ქალბატონო ეკა, თქვენ ერთ დროს მართალც კარგი ჟურნალისტი ბრძანდებოდით, მაგრამ რაც ბატონმა პრემიერმა არჩევნების წინ შენიშვნა მოგცათ და თავისი ჭკუით გაგხადათ დამოუკიდებელი ჟურნალისტი, სწორედ მაშინ დაიკარგა თქვენი დამოუკიდებლობა. ქალბატონო ეკა, მსურს გაცნობოთ, რომ მთავარი პროკურორი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ყველა ნორმალურ ქვეყანაში ტოლი თანამდებობებია. მე, ზაზა ხატიაშვილი კანონით წარმოვადგენ 4 000 ადვოკატს, ხოლო არჩილ კბილაშვილი 500 პროკურორს ანუ ოთხჯერ ნაკლებს. იმის გამო, რომ მთავარი პროკურორობა არის პოლიტიკური თანამდებობა, სატელევიზიო სივრცისათვის იგი უფრო მისაღებია, ვიდრე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად იბრძვის. თუ დავესესხებით ვანო ჯავახიშვილს, ბიძინა ივანიშვილი ბევრს ზრუნავს სხვა ტელევიზიებიც გახადოს თქვნნაირი დამოუკიდებელი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ამას ვერ მიაღწია და ვერც ვერასოდეს მიაღწევს. მთავარია თქვენმა ტელევიზიამ გაამართლოთ პარლამენტის მიერ მიღებული უგუნური, ფეოდალური კანონი და ყველაფერზე მიდიხართ, რაც ჩემი ღრმა რწმენით უზნეობაა. როდესაც სააკაშვილს ვაკრიტიკებდი სამოქალაქო საზოგადოების დევნისთვის, თქვენი ტელევიზიისთვის ვიყავი მისაღები, ხოლო როდესაც უკვე დავით უსუფაშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ და ლაშა ნაცვლიშვილმა ჩაიდინეს საშინელება და აღნიშნული გავაპროტესტე, მაშინვე გავხდი მიუღებელი თქვენი ტელევიზიისთვის.

მინდა, მივმართო საქართველოს ყველა პატიოსან ჟურნალისტს და სატელევიზიო არხის ხელმძღვანელს, სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ ვიბრძოდით იმისათვის, რომ საქართველოში ყოფილიყო სამართლიანი მართლმსაჯულება, რომელიც წარმოუდგენელია ადვოკატის გარეშე რომელმაც უნდა დაიცვას სახელმწიფოსგან დაჩაგრული მოქალაქე. ადვოკატისთვის ყველა უფლების ჩამორთმევა ნიშნავს საქართველოს მოქალაქეების გაწირვას უკანონობისათვის. ის, რაც ჩაიდინა საქართველოს პარლამენტმა, არის საქართველოს მუდმივად დატოვება ბნელეთში. ეს არის საქართველოში ფეოდალიზმის განმტკიცება, ეს არის ჩვენი ხალხისთვის სამართლიანი სასამართლოს საბოლოოდ წართმევა. გთხოვთ ნუ მისცემთ "ბიძინავიზია 1-ს" ანუ "მე-9 არხს" გაამართლოს პარლამენტის მიერ მიღებული უზნეო კანონი და სამოქალაქო საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. მივმართავ სხვა სატელვიზიო არხებს, რომელთა გადაბირება ვერ მოხერხდა, დაიწყეთ დისკუსია აღნიშულ თემაზე. გთხოვთ, მოახდინეთ პირდაპირი ჟურნალისტური ზეწოლა ყველა პარლამენტის წევრზე, რომელიც საუბრობდა სამართლიან სასამართლოზე და ხმა მისცა ადვოკატის უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ, არ უნდა დავუშვათ სააკაშვილის რეჟიმის ჩანაცვლება უსუფაშვილებით, ხმალაძეებით, ნაცვლიშვილებით და აშ. თუ გავჩერდებით აღმოვჩნდებით ძალიან ცუდ დღეში და საბოლოოდ დავემშვიდობებით სამართლიანი სასამართლოს იდეას", - აღნიშნულია მიმართვაში.