"ნაცმოძრაობა", ფაქტობრივად, თითოეული ადამიანის პირად ცხოვრებას აკონტროლებდა, რასაც შემდგომ ადამიანების "დავერბოვკებისთვის" იყენებდა. სპეცსამსახურებს დავალებული ჰქონდათ ძალიან ინტიმური, მათ შორის ოჯახური პირობების შესწავლაც კი ნე¬ბისმიერ ადამიანზე, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ჰქონდა შეხება პოლიტიკურ პროცესებთან, ბიზნესთან... არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხელისუფლების გადაბარების პერიოდი "ნაციონალებმა" იმისთვის გამოიყენეს, რომ მთელი ღირებული მასალა გაზიდეს. დარჩა მხოლოდ ის, რისი გატანაც ვერ მოასწრეს, ან, სავარაუდოდ, ეს ფირები დანარჩენთან შედარებით მნიშვნელოვანი არ იყო. ვფიქრობ, 9 წლის განმავლობაში მათ დიდი არქივი ექნებოდათ შექმნილი", - აცხადებს ექსპერტი კახი კახიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ნაციონალებმა" უფრო ბინძური მასალები საზღვარგარეთ გაიტანეს".
"კადრებში ჩანს, რომ მათში მონაწი¬ლეობენ არა სპეცსამსახურის თანამშრომლები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ასრულებენ სპეცსამსახურების დავალებას. ბუნებრივია, მათი თანამშრომლობა ამ სამსახურთან ისევ და ისევ მათი მაკომპრომეტირებელი მასალების შედეგად გადაწყდა. ფარულ კადრებში აშკარად ჩანს, რომ ზოგიერთი მათგანი პირდაპირ კამერაზე "მუშაობს", საიდანაც ვხვდებით, რომ ყველაფერი მათი მოწყობილია. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, არ ატარებენ არანაირ წოდებას, ოფიციალურად არსად მუშაობენ და არ იცი, ვინ როდის და რა დოზით თანამშრომლობდა ამ კუთხით სპეცსამსახურებთან. სააკაშვილის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ მან გახლიჩა საზოგადოება თავისიანებად და არათავისიანებად. მაგრამ სპეცსამსახურები მასალებს აგროვებდნენ როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე, ისე "თავისიანებზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი.
"რაც შეეხება მასალას, რომელიც გიორგი ფარესიშვილის პირად ცხოვრებას უკავშირდება, შესაძლოა, ეს შეგნებულად განათავსა ძველი ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რათა ეჭვი დათესონ საზოგადოებაში, რომ ახალი ხელისუფლებაც ძველის მეთოდებს იყენებს. მეორე მხრივ, ვიღაცამ ეს იმიტომ ჩაიდინა, საზოგადოების დანარჩენ ნაწილს რომ ეფიქრა - ეს იმ ადამიანებმა გამოაქვეყნეს, ვისაც ჟურნალისტი აკრიტიკებდაო. ეს ისეთი მძიმე შემთხვევაა, რომ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაირკვეს, ვინ მონაწილეობდა პირდაპირ ან ირიბად ამ მასალის გადაღებასა თუ გავრცელებაში. ფარესიშვილი არცთუ მნიშვნელოვანი ფიგურაა და მასზე რომ აქვთ ასეთი მასალა, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის მასალა ექნებოდათ "ნაციონალებს" სხვებზე?! ან რამდენი ადამიანი ჰყავდათ სპეცსამსახურებს ჩართული ასეთი ტიპის მოქმედებებში? მათ ისეთ ხალხზეც ჰქონდათ მაკომპრომეტირებელი მასალები, ვისაც შესაძლოა ოდესღაც ჰქონოდა შეხება პოლიტიკურ პროცესებთან. დარწმუნებული ვარ, "ნაციონალებს" ზღვა მასალა აქვთ და მათ შორის უფრო მნიშვნელოვანი, უფრო ბინძური და უფრო მძაფრი გატანილი ექნებათ საზღვარგარეთ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"არა მარტო შს მინისტრმა, მთავარმა პროკურორმაც განაცხადა, რომ აქვს ასეთი მასალები. საზოგადოება ახლა მათ სთხოვს პასუხს და ამიტომაც ვთქვი, რომ ეს შეიძლება ირიბი დარტყმა იყოს კონკრეტუ¬ლად ღარიბაშვილზე. მინისტრი თუ ვერ გახსნის ამ საქმეს, მას უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება, ვინაიდან მანამდე ჩვენ ვიცოდით, რომ შსს-ს და პროკურატურას ასეთი ტიპის დისკები გააჩნდა. შესაძლოა, ყოფილი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა ეს იმიტომ გააკეთა, ახალი ხელისუფლების ჩადენილი რომ გვეგონოს. ზოგმა შესაძლოა ისიც იფიქროს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ერთგვარი შიშის დათესვის მიზნით გააკეთა. ასეთი კითხვის ნიშნები რომ არ იყოს და ღარიბაშვილსა და კბილაშვილს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ მოუხდეთ, შსს-მ სერიოზულად უნდა იმუშაოს. დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილი ასეთ ბინძურ თამაშს არ ითამაშებდა, მაგრამ ალბათ გამოჩნდებიან ადამიანები, მათ შორის უმრავლესობიდანაც, ვინც ამ მასალას შიდა დაპირისპირებისთვის გამოიყენებს. ასეთი ტიპის მასალის განთავსებამ, შესაძლოა, ადამიანი თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს", - ამბობს კახი კახიშვილი.
"დარწმუნებული ვარ, დღეს შსს-შიც, პროკურატურაშიც და სპეცსამსახურებშიც მუშაობს ის ხალხი, ვინც გულში სერიოზულად გულშემატკივრობს "ნაცმოძრაობას" და ფარულად, მაგრამ მაინც ეხმარება მას უფლებამოსილების ფარგლებში. ფაქტია, ასეთი ტიპის მასალა არ უნდა ჟონავდეს არც ერთი უწყებიდან, თუ ეს არ არის განთავსებული ძველი ხელისუფლების მხრიდან. ფაქტია, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციები და დისკები ჟონავს ძალოვანი სტრუქტურიდან და პროკურატურიდან. საინტერესოა, ვის მიერ და ვისი მხრიდან ხდება ეს", - დასძენს რესპონდენტი.