"იმ პირის პოვნა, ვინც ეს ფირი ატვირთა, ძნელი არ არის. ამ ფაქტმა საქართველოს იმიჯი შელახა"
"საქართველოში მიღებული უსინდისო ბრძოლის ფორმაა, რომ თუ თანამდებობის პირი ან ხელმძღვანელი განსაზღვრულ თამაშის წესებს არ დაექვემდებარა, მის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა იწყება", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე.
ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ ერთ მინისტრთან კითხვები ჰქონდა.
გამიჭირდება ზუსტად იმის თქმა, ივანიშვილმა კირვალიძე იგულისხმა თუ არა, მაგრამ ჩემთვის ცნობილი იყო, რომ შესაძლოა კირვალიძე მოხვედრილიყო ამ მინისტრების სიაში. ამ საკითხზე შეიძლება შეთქმულების თეორიის თვალსაზრისითაც ვიმსჯელოთ. არ არის გამორიცხული, ის ინფორმაცია (რომ სამინისტრომ უარესი ტრაქტორები ძვირად შეიძინა) ხელოვნურად გავრცელდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დიდი ფინანსური რესურსი აქვს, რომელიც არა მხოლოდ ბიუჯეტიდან, არამედ გრანტებითაც ივსება. კირვალიძე იყო მინისტრი, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მიმაგრებული იყო მხოლოდ პრემიერზე და კოალიციის არც ერთ ჯგუფთან არ ასოცირდებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, რადგან კირვალიძე ვახტანგ ხმალაძის სიძეა, შესაძლოა, ირიბი დარტყმის მიყენება უნდოდათ რესპუბლიკელებისთვის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ივანიშვილმა ხმალაძე ერთ-ერთ სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა. კირვალიძისთვის მიყენებული ამ დარტყმით მოხდა ხმალაძის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ლიკვიდაცია.
კირვალიძე სათავეში ჩაუდგა იმ მიმართულებას, რომელიც მოშლილი და განადგურებული იყო. ივანიშვილმა სოფლის მეურნეობა გამოაცხადა პრიორიტეტულ დარგად. ამიტომაც კირვალიძისადმი მოთხოვნის თამასა ბევრად მაღალი იყო, ვიდრე ზოგი სხვა მინისტრისა. ნოემბრიდან თებერვლამდე კირვალიძეს უნდა აღეწერა ყველა სახელმწიფო მიწა, რომლის დიდი ნაწილი დამალული იყო და რეესტრში არ ჩანდა. უნდა მოეწესრიგებინა და გაეგო, ვინ იყო ადგილებზე მიწის მფლობელი და საქართველოს მასშტაბით ზუსტი ნუსხა შეედგინა იმ პირებისა, ვისი მიწებიც უნდა მოხნულიყო. ტიტანური შრომა იყო გასაწევი ადგილობრივი რწმუნებულებისა და გამგებლების საბოტაჟის და არაპროფესიონალიზმის ფონზე. ამიტომაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში საორგანიზაციო ქაოსი შეიქმნა. იმ ფაქტმა, რომ სამინისტროს სხვადასხვა ტიპის დიდი დაფინანსება ჰქონდა, იქ კორუფციის გაჩენის ალბათობა გაზარდა. ყველაფერი ეს ერთ პაკეტში ჩაიდო და შესაბამისი ინფორმაციაც გავრცელდა.
მავანნი კირვალიძეზე აპირებდნენ ხელის შეწმენდას, მაგრამ ივანიშვილმა არ შეაწმენდინა, ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ დარწმუნებული არ არის კირვალიძის შეცდომებში. კირვალიძეს შეიძლება შეცდომაც აქვს და დანაშაულიც, მაგრამ ეს მხოლოდ გამოძიებით უნდა გაირკვეს...
ყველა მინისტრი ერთ ქვაბში არ შეიძლება მოიხარშოს, მაგრამ ვხედავ, რომ ზოგიერთი მინისტრის გარშემო რკალს კრავენ იმ მიზნით, რომ თანამდებობას მოაშორონ. ასეთ რკალს ვხედავ ღარიბაშვილის გარშემოც.
ვინ კრავს რკალს მის გარშემო?
შეიძლება ის პირები, რომლებიც შს სამინისტროშიც არიან და მის გარეთაც. ვხედავ მათი მოქმედების შედეგსაც - 1-ლი მაისის აქციის დაშლა ღარიბაშვილის წინააღმდეგ იყო მოწყობილი. ამაში დარწმუნებული ვარ. ღარიბაშვილის ჩამოშორებით ძალიან შეასუსტებენ ივანიშვილს და ამისთვის მუშაობენ. ვიცი, როგორ ხდება ადამიანების ჩაძირვა და ირაკლი ღარიბაშვილის მიმართაც სწორედ ეს გეგმა ხორციელდება. შეტევაა (თუმცა, ნაკლები დოზით) თეა წულუკიანზეც.
ტელეკომპანია "ობიექტივის" წამყვანი გიორგი ფარესიშვილი მის მიერ პროკურატურის, შს სამინისტროსა და ივანიშვილთან დაახლოებული პირების მხილებას უკავშირებს იმას, რომ სოციალურ ქსელში მისი მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალა გავრცელდა.
ვიცნობ გიორგი ფარესიშვილს. ის "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო და არჩევნებამდე, როდესაც ძალიან შეუტია კუდ-მა, დავეხმარე, რომ ქვეყნიდან გასულიყო. ამ ფირის გამომქვეყნებლებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. უკვე არ მაინტერესებს, არის თუ არა ფარესიშვილი იმის ჩამდენი, რაც ვიდეოფირზეა ასახული. მე ის მაწუხებს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება აბსოლუტურად დაუცველი ყოფილა; რომ შეიძლება ნებისმიერი პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი გავრცელდეს მათი დადუმების მიზნით...
ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იმიტომ, რომ მიხვდა, ეს ვერ მოხდებოდა მისი უწყების ზოგიერთი თანამშრომლის გარეშე. დადიოდა ხმა, რომ ასეთი შინაარსის ფირი სხვადასხვა პირზე არსებობდა და ეს ჰქონდა კუდ-ის ხელმძღვანელობას... სპეციალისტებმა ამიხსნეს, რომ ეს ფირი ძალიან ჰგავს დამონტაჟებულს. რაც ადრე კუდ-მა არ გააკეთა, ვიღაცამ ახლა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ფარესიშვილი ზოგიერთ მაღალჩინოსანს უტევს, ისეთი ფიგურა არ არის, რომ მასზე გადატეხილიყო ჯოხი. ეს ამბავი შეიძლება სერიოზული შედეგით დამთავრდეს, თუ გამოძიება სწორად წავიდა და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს შს მინისტრმა და პრემიერმა. იმ პირის პოვნა, ვინც ეს ფირი ატვირთა, ძნელი არ არის. ამ ფაქტმა საქართველოს იმიჯი შელახა, რომ აქ არ არის დაცული ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია.