როდის მოინანიებს უგულავა?!
წერილის დაწერას არ ვაპირებდი, ერთი ჩემი ძველი ნაცნობი რომ არ შემხვედროდა, რომელიც თბილისის მერიაში მუშაობს. ყასიდად ვკითხე, რას შვრება შენი მერი-მეთქი. რა ვიცი, ბოლო დღეებში არ მინახავს, შეიძლება ეს აღდგომას უკავშირდებოდეს, ხომ იცი, სტიქაროსანი და სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტიაო, - იყო პასუხი. ჩაძიებამ გამოარკვია, რომ თურმე ბოლო პერიოდში, თანამშრომლებთან საუბრისას უგულავა განსაკუთრებით უსვამს ხაზს თავის "სასულიერო" წარსულს.
თქვენი მონა-მორჩილის ზემოხსენებულ ნაცნობს ტყუილები არ უყვარს. თუმცა, რა თქმა უნდა, მის ნათქვამში ეჭვი შეგეპარება, უგულავას გარშემო ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს თუ გავიხსენებთ - სკანდალური ფოტოებით დაწყებული და ელიტური კორუფციის საქმეებით დამთავრებული. თუმცა უგულავაზე უარესი და უკეთესიც გვინახავს, მამა აბრამის ბატკნის სახეებით რომ დგანან ხოლმე ეკლესიებში, სანთლით ხელში.
თუმცა არის რაღაც, რაც ადამიანს არ დაგავიწყდება. მაგალითად, შესაძლოა, გავიდეს წლები და დავიწყებას მიეცეს უგულავას მერობა, მისი "გულაობა" მოტრანსვესტიტო პირებთან, კორუფციული სქემები, 115-ათასიანი "დიეტები" თუ სტრიპტიზბარებში გადარიცხული ბიუჯეტის ფული. ამით უგულავა უახლოეს ისტორიაში ადგილს ნამდვილად ვერ დაიმკვიდრებს - მაქსიმუმ, მის საქმეებს პროკურატურის არქივში თუ მოუძებნიან ადგილს.
მაგრამ, ალბათ, არასოდეს დაგვავიწყდება (ისე, როგორც უახლოეს ისტორიას), რომ უგულავამ იკადრა ის, რაც საქართველოში არავის უკადრებია - აფათურა ხელები ქვეყნის სულიერი ლიდერის ერისადმი მიმართვაში.
უგულავამ სანთლები კი არა, თავისხელა კელაპტრები რომ დაიკავოს ხელში, არავის დაავიწყდება, რომ სწორედ მან გაბედა და 2012 წელს ჩაასწორა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე. კერძოდ, მან ეპისტოლედან ის ნაწილი ამოიღო, რომელშიც საპატრიარქო ბუდა-ბარისა და კაზინოს მშენებლობას გმობდა(!!!).
მისი ჩასწორებული ვარიანტი პირდაპირ ეთერში წაიკითხეს, თუმცა ჩვენ ჩაუსწორებელი, ანუ ნამდვილი ეპისტოლე დავბეჭდეთ. ამას საზოგადოების ყველა ფენის უდიდესი აღშფოთება მოჰყვა. უგულავა კი, იმის მაგივრად, ცხრა მთას იქით გადაკარგულიყო ან უწმინდესისთვის და საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა, უტიფრად უარყოფდა ყველაფერს. ისე, დღევანდელი გადასახედიდან, იმის გათვალისწინებით, რაც შემდგომ პერიოდში უგულავას შესახებ გახმაურდა, მისი ეს საქციელი უცნაურად აღარ მეჩვენება.
მაშინვე გახმაურდა (ჟურნალისტმა მეუფე სერაფიმეს საუბარი ფარულად ჩაიწერა) კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ამბავი - თურმე უგულავა ბედავდა და ხმამაღლა ელაპარაკებოდა, უყვიროდა კიდეც პატრიარქს და წმინდა სინოდის წევრებს(!).
თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ესეც უკვე აღარავის უკვირს, რადგან ბოლო თვეებში გახმაურებულმა ფაქტებმა უგულავას მორალური პორტრეტის შესახებ საკმარისზე მეტი წარმოდგენა შექმნა.
გიგი უგულავა პატრიარქს უნდა უმადლოდეს, რომელიც მიმტევებლობის სიმბოლოა მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში. წარმოიდგინეთ, მაშინ უწმინდესის თუნდაც ერთი სიტყვა და, თბილისის მერისგან ბუნდღაც აღარ დარჩებოდა. მას ვერაფერი უშველიდა, მათ შორის - ვერც ხელისუფლებაში მყოფი "კოლექტიური უგულავა", რომლის იმედადაც კადრულობდა მერი უკადრებელს. თუმცა ილია II სწორედ იმიტომ არის ქართველი ერის სულიერი ლიდერი, რომ მართლმადიდებლობის, უპირველესად კი მიმტევებლობის და მოთმინების ნამდვილი სიმბოლოა, მათ შორის, "უგულავებისადმიც".
ჰოდა, სანამ უგულავა ხელში სანთლებს ან კელაპტრებს დაიჭერდეს (ამ ფოტოებს აუცილებლად გაავრცელებს მერიის პრესსამსახური), იქნებ ერთი წლის წინანდელის მონანიებით დაეწყო? მის გარშემო მოვლენები ისე ვითარდება, რომ, სავარაუდოდ, საკმაოდ მძიმე მომავალი ელის. ასეთ დროს კი სწორედ მონანიების დროა.
თუმცა ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ვეჭვობ, გიგი ამას ხვდებოდეს.