"როდესაც წინა პერიოდთან, ხელისუფლებასთან ხდება შედარება, რამდენიმე ფაქტორს აქვს მნიშვნელობა: საერთოდ, ახალი ხელისუფლების ქმედებები პარლამენტში, მთავრობაში რამდენად ჯანსაღ პოლიტიკურ კლიმატის პირობებში ხორციელდება. მეორე, სახელმწიფო სისტემა არის თუ არა ძალიან დიდად და მეტისმეტად დამოკიდებული ერთ ადამიანზე და ერთი ადამიანის განწყობაზე. გადის თუ არა ყველაფერი ამ ვერტიკალზე. როდესაც ხდება შედარება, უნდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი ხელისუფლების სასარგებლოა სიტუაცია", - აცხადებს პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ივანიშვილს ვიწრო ჯგუფი მართავს".
"რაც შეეზება კირვალიძესთან დაკავშირებულ სიტუაციას, ანალოგიური შემთხვევა, როდესაც იყო წინა ხელისუფლებაში, ისე ხდებოდა "მოგვარება", რომ საჯარო დისკუსიის საგანი არც ხდებოდა. მისი გამოტანა სააშაკარაოზე თითქოს შეუძლებელიც იყო. ყველაფერი ფარულად, კაბინეტის შიგნით გვარდებოდა. ისეთი დამოკიდებულება იყო, თითქოს ეს არავის ეხება. ქედმაღალი, ბიუროკრატიული დამოკიდებულება იყო. მიზანმიმართულად ხდებოდა ხაზგასმა გათიშულობის, რომელიც ხალხსა და მთავრობას შორის არსებობს. ხელისუფლება ხალხის კანონიერ ინტერესს, რომ ჰქონოდა ინფორმაცია, არ იზიარებდა. აღარაფერს ვამბობ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე, ეს იყო კადაფიზაციის გზა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი ხუციშვილი.
"ვერ ვიტყვი, რომ დღეს მდგომარეობა ამ მიმართულებით ბოლომდე გამოსწორებულია. თუმცა, როდესაც პრემიერ-მინისტრი მსჯელობს, მას გამოაქვს უფრო მეტი, რისი მოლოდინიც არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში ეს ცუდია, გამოაქვს თავისი მოსაზრება, დამოკიდებულება, გვეუბნება ღიად. მართლაც საჯაროს ხდის, მთელ საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს, თავისი აზრი დააფიქსიროს, მაგრამ, ამავდროულად, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სპეკულაციები ხდება, რომ თითქოს ივანიშვილზე გავლენას ახდენს ადამიანების ვიწრო ჯგუფი, რომლებიც მასთან დაკავშირებული არიან, მდგომარეობით. ამ შემთხვევაშიც არის ვარაუდი, ვინაიდან სოფლის მეურნეობის სფეროში მილიარდიანი ინვესტიცია იდება. არ არის გამორიცხული, ამ ინვესტიციის განკარგვა მოექცეს იმ ხალხის გავლენის ქვეშ, ვინც პრემიერ-მინისტრის აზრის ჩამოყალიბებაზე მოქმედებს. არ არის გამორიცხული, რომ კირვალიძესთან ამ ადამიანებს არ ჰქონდათ აწყობილი ურთიერთობა და ურჩევნიათ, იყოს ვინმე სხვა, რომლის ლობირებაც ხდება", - დასძენს გოგი ხუციშვილი.