ნავთობის ფასი არანორმალურ ნიშნულზეა, პრობლემებს ვერც საქართველო გაექცევა

ნავთობის ფასი არანორმალურ ნიშნულზეა, პრობლემებს ვერც საქართველო გაექცევა

გლობალურ სანავთობო ბირჟებზე ისეთი დაძაბულობაა, რაც ბოლო წლებში მსოფლიოს არ ახსოვს. შავი ოქროს ღირებულებამ ლამის 90 დოლარს გადააჭარბოს, რაც ბოლო წლების გაუგონარი ფასია. ამის ძირითადი მიზეზი უკვე არა პანდემია, არამედ ნავთობმწარმოებელ ქვეყნებში სამხედრო დაპირისპირებებია.

რამდენიმე დღის წინ იემენელმა ამბოხებულებმა არაბთა გაერთიანებული საემიროების, აბუ-დაბის ერთ-ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად აფეთქდა სამი შემნახველი რეზერვუარი, რამაც სამი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაციამ კი იემენის დედაქალაქის, სანას მიმართულებით საპასუხო დარტყმები განახორციელა, რასაც 20 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო რამდენიმე კვირაა გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი ისედაც მზარდი იყო და ახალა საერთოდაც 8-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. 1 ბარელი „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ღირებულება 89 დოლარია, რაც 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია.

პარალელურად კიდევ ერთი გლობალური ინცინდენტი მოხდა, რამაც სანავთობო ბაზარზე ქაოსი გააღრმავა. ერაყისა და თურქეთის საკვანძო ნავთობსადენი აფეთქების შედეგად დაზიანდა, რამაც ზეწოლა მოახდინა ნავთობის ბაზრებზე და ფასების ზრდა გამოიწვია.

ეს არის მთავარი მარშრუტი, საიდანაც ნავთობი ჩრდილოეთ ერაყიდან ევროპას მიეწოდება. 2020 წელს მილსადენის მეშვეობით დღეში 450 000 ბარელზე მეტი ნავთობი გადაიტვირთა. აფეთქების მიზეზი უცნობია.

ნედლი ნავთობის გლობალური მარაგები უკვე ახლოსაა ყველაზე დაბალ დონესთან 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ. სპარსეთის ყურეში განახლებულმა დაძაბულობამ ახალი გეოპოლიტიკური რისკები გააჩინა და ფასის ზრდას დამატებითი სტიმული მისცა.

ნავთობის ფასი ისედაც პიკზეა და „გოლდმან საქსის“ პროგნოზით მესამე კვარტალში ბარელზე ფასის 100 დოლარამდე გაზრდას პროგნოზირებს.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური არეულობები ყოველთვის ახდენს გავლენას საწვავის ფასზე.

„როცა ისეთ სახელმწიფოში, როგორიცაა იემენი, თურქეთი, ყაზახეთი თუ სხვა, არსებული პოლიტიკური ესკალაცია და დაძაბულობა პიკს აღწევს, ყოველთვის უარყოფით ასახვას ჰპოვებს საერთაშორისო ბირჟებზე. შეგვიძლია ამ მხრივ ლიბიისა და ვენესუელის მაგალითებსაც გადავხედოთ. ქრონოლოგია იქაც გვიდასტურებს, რომ პირდაპირ ნეგატიურად აისახა პოლიტიკური დაძაბულობა საწვავის ფასზე.

1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულებამ 88 დოლარს უკვე გადააბიჯა. ჯერჯერობით, ახალი წლიდან მოყოლებული, ფასი მზარდი იყო ბირჟებზე. ახლა როგორ განვითარდება სიტუაცია, ეს ესკალაციის მასშტაბებზე იქნება დამოკიდებული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის ფასზე მხოლოდ ეს არ მოქმედებს, დიდ პრობლემებს აჩენს ეპიდემიოლოგიური ფონიც, რომელიც ევროპაში კატასტროფულად გაუარესებულია. „პლატცის“ მიხედვით, საწვავის ფასი ამ ეტაპზე იზრდება, შესაბამისად, ცვლილებებს საქართველოშიც უნდა ველოდოთ, თუმცა, ჯერჯერობით, არა“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „ოპეკი პლუსის“ მინისტერიალის შემდეგი შეხვედრა 2 თებერვალს გაიმართება, სადაც ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების მინისტრები მარტის თვეში ნავთობის მოპოვების გეგმას განიხილავენ. იანვრის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორგანიზაცია იანვრიდან დადგენილ გეგმას არ გადაუხვევს და ნავთობის მოპოვებას ყოველთვიურად კვლავ 400 ათასი ბარელით გაზრდის.