ტელეკომპანია

ტელეკომპანია "მეცხრე არხზე" საკადრო წმენდა იწყება

ტელეკომპანია "მეცხრე არხზე" საკადრო წმენდა იწყება. ამ დროისთვის უკვე არსებობს თანამშრომელთა სია, რომლებიც უახლოეს მომავალში დატოვებენ არხს.

საკადრო წმენდა უკავშირდება ტელეკომპანიის ახალი სტუდიიდან ეთერში გასვლას, რომელიც, როგორც იქნა, მოახერხა ლუბა ელიაშვილმა და მისმა გუნდმა.

შეგახსენებთ, რომ "მეცხრე არხის" ახალი სტუდიიდან ეთერში გასვლა რემდენჯერმე გადაიდო, რის გამოც ივანიშვილმა საყვედური უთხრა ელიაშვილს. ტელეკომპანია დიღომში მდებარე ახალი სტუდიიდან ეთერში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში უნდა გასულიყო, შემდეგ პირველ აპრილს. მოგვიანებით ეს თარიღი 20 აპრილისთვის გადაიდო, საბოლოოდ კი, ეთერში გასვლა ახალი სტუდიიდან აპრილის ბოლოს გადაწყდა და რამდენიმე დღეა, ეკატერინე ხვედელიძის კუთვნილი ტელევიზია ახალი სტუდიიდან მაუწყებლობს.

შეიცვალა "მეცხრე არხის" დაფინანსება და გრაფიკიც.

თუ ამ დრომდე არხს რამდენიმე თვის ბიუჯეტი ერთად ერიცხებოდა, ამ დროისთვის ტელევიზია ყოველთვიურ დაფინანსებაზე გადავიდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა არხის გენერალური დირექტორის ლუბა ელიაშვილის მუშაობით, რის გამოც რამდენჯერმე შენიშვნაც მისცა.

როგორც ირკვევა, "მეცხრე არხის" დაფინანსების შემცირება არხის დაბალ რეიტინგს უკავშირდება. ბოლო მონაცემებით "მეცხრე არხის" რეიტინგი ქვეყნის მასშტაბით 2%-ია, როცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელეკომპანიის რეიტინგი თბილისის მასშტაბით პირველ, ხოლო ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზე იყო.

არხის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ პრემიერმა ლუბა ელიაშვილს სიტუაციის გამოსწორება მოსთხოვა, საბოლოოდ კი ბიძინა ივანიშვილმა ელიაშვილს განუცხადა, თუ ის ახალი სტუდიიდან ვერ გავიდოდა ეთერში და არხის რეიტინგს ვერ გაზრდიდა, დაემშვიდობებოდა დაკავებულ თანამდებობას.

რაც შეეხება თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნას, ელიაშვილი ამას მის ცუდ ხასიათს უკავშირებს: "არანაირი მასობრივი დათხოვნა არ იწყება. ჩემს ცუდ ხასიათთან დაკავშირებით, ვისაც მინდა დავითხოვ სამსახურიდან, შენ ვინ გკითხავს მაგას?"- განგვიმარტა ელიაშვილმა.

რაც შეეხება ივანიშვილის მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს, ელიაშვილი აცხადებს, რომ მისი ტელევიზიის დამფუძნებელი არის ეკა ხვედელიძე და მისგან საყვედური არ მიუღია. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს "მეცხრე არხისთვის" არ სცალია.

"ქრონიკის" ინფორმაციით, გასაშვებ თანამშრომელთა სიაში ნიუსის 15 ჟურნალისტი, მხოლოდ 40-მდე ტექნიკური თანამშრომელია. არხის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სია საბოლოო არ არის და უახლოეს მომავალში ტელევიზიიდან გასაშვებთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

რაც შეეხება არხის დაბალ რეიტინგს, ლუბა ელიაშვილს დღემდე ვერ აუხსნია, რატომ აქვს არხს დაბალი რეიტინგი და ამ დრომდე უმისამართოდ სვამს კითხვებს: "ნუთუ ნათია ლაზაშვილი დებდა რეიტინგს"? მაგრამ იმას არ უყურებს, რომ არხის რეიტინგის დაცემა პოსტზე მის დანიშვნას სინქრონულად ემთხვევა.