"დათა ახალაიას მსგავს განცხადებებს უახლოეს მომავალში კიდევ ბევრს ვიხილავთ"

"ის, რომ საზოგადოებაში მზარდი უკმაყოფილებაა იმასთან დაკავშირებით, რომ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა აგვიანებს, ასეთი განწყობა აბსოლუტურად ლოგიკურია. პირადად მეც, შინაგანად ხშირად მზად ვარ, რომ უფრო აგრესიული ვიყო ყოფილი რეჟიმის წარმომადგენელთა მიმართ, მაგრამ არსებობს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, რის გამოც სამართლიანობის აღდგენა დროში იწელება. დარწმუნებული ვარ, სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს და არცთუ დიდი ხანია დარჩენილი სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებამდე. დიახ, ვფიქრობ, რომ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლების ძირითადი პროცესი ამ წლის ბოლომდე დასრულდება. ვიღაცა დღეს ჩაჯდება ციხეში თუ ორი თვის შემდეგ, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ასე რომ, ქართველმა საზოგადოებამ სულ ცოტა ხანი კიდევ უნდა მოითმინოს", - აცხადებს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ხუხაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილის რეჟიმის გასამართლების ძირითადი პროცესი ამ წლის ბოლომდე დასრულდება".

"ახალაიები რომ დამნაშავეები არიან, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, უბრალოდ, როცა ვთქვი, ისინი რეჟიმის მსხვერპლნი არიან-მეთქი, შემდეგი რამ ვიგულისხმე: ნებისმიერ დანაშაულს ჰყავს დამკვეთი და შემსრულებელი. ჩემი აზრით, ახალაიები მთელი თავიანთი საქმიანობით დანაშაულის შემსრულებლები იყვნენ, დამკვეთები კი სხვები არიან და ჩემთვის დამკვეთი ყოველთვის უფრო დიდი დამნაშავეა, ვიდრე შემსრულებელი. დანაშაულებრივი დაკვეთები რომ არ ყოფილიყო, ახალაიებს შეეძლოთ, სულ სხვა ცხოვრებით ეცხოვრათ. კიდევ ვიმეორებ, მე ახალაიებს არ ვამართლებ, ისინი დამნაშავეები არიან და აუცილებლად უნდა დაისაჯონ, მაგრამ მთავარი დამნაშავეები არიან სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი და ა.შ. ესენი არიან რეჟიმის იდეოლოგები, რომლებიც დანაშაულებრივი თამაშის წესებს ამკვიდრებდნენ და ახალაიებისაგან ქმნიდნენ პოლიტიკურ ქილერებს, ბევრ დანაშაულს ასრულებინებდნენ. დათა ახალაიამაც, როც აიმ ცნობილ წერილს წერდა, ზუსტად ეს გაიაზრა. დაფიქრდა, თუ რა პოლიტიკური თამაშების ინსტრუმენტად გამოიყენეს და საბოლოო ჯამში გადააგდეს. ვფიქრობ, რომ დათა ახალაიას მსგავს განცხადებებს უახლოეს მომავალში კიდევ ბევრს ვიხილავთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკიდან გასვლა გაფორმდა. ტრიბუნაზე ვნახეთ ისტერიულად მოყვირალი ადამიანები, რომლებიც ამ ფორმით ცდილობენ თავის დაძვრენას მომავალი პასუხისმგებლობისაგან. არანაირი ემოცია არ იყო ამ აქციაზე. ერთადერთი რეაქცია მოჰყვა სააკაშვილის გამოჩენას, რომელმაც დაამტკიცა, რომ ნამდვილად მაგარია იმათთან შედარებით, ვინც 19 აპრილს ტრიბუნასთან იდგა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სააკაშვილის ფონზე მერაბიშვილი არარაობაა თვით "ნაციონალურ მოძრაობაშიც" კი. 19 აპრილს დავინახეთ ისიც, რომ "ნაციონალების" ელექტორატი რეალურად 3-4 პროცენტს არ სცილდება. სულ ეგ არიან და საკუთარ წვენში იხარშებიან", - განაგრძობს რესპონდენტი.

"კეზერაშვილი არის ერთ-ერთი სისტემური დამნაშავე როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე შემდეგაც - ბიზნესის წარმოების პერიოდში. დიახ, კეზერაშვილი მონაწილეობდა ძალიან ბევრ დანაშაულში, ქონებების გადანაწილებაში და ა.შ. ეს სქემები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გაშიფრული და მე ჩემს ფუნქციას სწორედ ამ სისტემის გაშიფრვაში ვხედავ. მე ვსვამ კითხვას: როგორ მოხდა, რომ წაგებული ომის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა?!" - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვას - "არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი თავად ბიძინა ივანიშვილი იყოს?" - პასუხობს:

"პირადად მე ასეთ რამეს გამოვრიცხავ, რადგან ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს და ვფიქრობ, რომ იგი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს. კოალიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული საპრეზიდენტო კანდიდატზე. ამასთან დაკავშირებით განხილვა ჯერ არ ყოფილა".