სააკაშვილის ჟოფრეის კაზრეთული ვნებანი

სააკაშვილის ჟოფრეის კაზრეთული ვნებანი

ის, რომ საქართველო ოქროს საწმისის ქვეყანაა, ბევრს მხოლოდ ლეგენდა ჰგონია. “ბევრში”, რა თქმა უნდა, ისინი მოიაზრებიან, ვისთვისაც მზე დღემდე ჩრდილოეთიდან ამოდის და დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენს ქვეყანას ქართული ღვინისა და ხილ-ბოსტნეულის რუსეთში გატანა გადაარჩენს. ნეტარ არიან მორწმუნენიო, - ნათქვამია და ასეცაა: გახსნა რუსეთმა თავისი ბაზარი და უმრავლესობას ნეტარი რწმენა დაეუფლა - იმედიანად ამოისუნთქა.

“იმედი საწყალი კაცის მეორე სულია”, - თქვა თავის დროზე გოეთემ და, როგორც ჩანს, სრული ჭეშმარიტებაა, რადგან იმედი და მხოლოდ იმედი ასულდგმულებს მთელი მსოფლიოს უპოვართ. რაც შეეხება “ძლიერთა ამა ქვეყნისათა”, მათ იმედი, იმედი, მხოლო იმედი და მეტი არაფერი ემეტებათ უპოვართათვის, თუმცა არის ჟამი ქვების შეგროვებისა... დგება ჟამი ქვების სროლისა და სწორედ ასეთი ვითარებაა დღეს კაზრეთში, რადგან კაზრეთელებისათვის დუმილი ოქრო აღარ არის...  

მართალია, ლეგენდა ოქროს საწმისზე ლეგენდად რჩება, მაგრამ ქართული ოქრო ლეგენდა არაა და, 1970 წლიდან მოყოლებული, რუსებს გაჰქონდათ. განსაცვიფრებელი აქ არაფერია: მაშინ დიდი “რუსული სოვეტების” ერთი პატარა პროვინცია ვიყავით და ყველაფერი საუკეთესო, რაც საქართველოს ებადა, რუსების საკუთრება იყო, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, კომუნისტი რუსები გაცილებით ადამიანურები იყვნენ, ვიდრე დამოუკიდებელი საქართველოს ე.წ. პატრიოტი ქართველები არიან და აი, რატომ:

საბჭოეთის დროს, ოქროს მომპოვებელ მუშებს ელემენტარული და აუცილებელი უსაფრთხო პირობები ჰქონდათ შექმნილი, ხელფასსაც, იმ დროის კვალობაზე, ნორმალურს იღებდნენ, უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობდნენ და, რაც მთავარია, მკაცრი კონტროლი იყო დაწესებული, რათა გარემო არ დაბინძურებულიყო. დღეს კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, კაზრეთი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა.

კაზრეთულა და მაშავერა - მკვდარი მდინარეები

ამონარიდი არასამთავრობო ორგანიზაცია “გარემოს დაცვის კავკასიური ქსელის” საანგარიშო მოხსენებიდან: “სიტუაცია ასე შეიძლება აღვწეროთ: 1970-იან წლებში საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონ სოფელ კაზრეთში ოქროს მაღარო “მადნეული” შეიქმნა. აქ, წლების განმავლობაში, ოქროს მოპოვება და დამუშავება ხდებოდა. დღეს კომპანია მადანს მოიპოვებს ბურღვა-აფეთქების მეთოდით. ნარჩენებს წარმოების ოთხ საგანგებო ნაგავსაყრელზე ყრის. კომპანიას აქვს წყლის ჩაკეტილი სისტემა, რაც, კომპანიის მტკიცებით, მავნე ნივთიერების მდინარეში მოხვედრას გამორიცხავს. აგრეთვე, კომპანიის მესვეურთა მტკიცებით, ისინი რეგულარულად ატარებენ წყლის ანალიზს, რომლის მიხედვითაც, მდინარეში მავნე ნივთიერებების არსებობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება და, შესაბამისად, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

მიუხედავად ასეთი “დაცული” სისტემისა, მდინარე მაშავერა და კაზრეთულა სრულიად მკვდარ მდინარეებად ითვლებიან.

პატარა მდინარე კაზრეთულაში ღია მოლურჯო-მომწვანო ნივთიერების შემჩნევა რთული არ არის, რომელიც დინებას მდინარე მაშავერაში ჩააქვს. აქვეა არასათანადოდ დაკავშირებული მილები, საიდანაც ყვითელი ფერის სითხე მოედინება. ორივე მდინარეს ქიმიური ნაერთების მაღალი შემცველობის ფერადოვანი ნაკადი გასდევს. როგორც აღმოჩნდა, კომპანია ფარულად, ღამით, ან წვიმის დროს, საცავიდან რეგულარულად უშვებს არასასურველ ქიმიკატებს და იქ, სადაც “ფერადოვანი” კაზრეთულა მაშავერას უერთდება, მდინარის მწვანე, ნაყოფიერი ნაპირი უსიცოცხლო ყვითელ კლდეებად გარდაიქმნება”.

2005 წლის აგვისტოში, გერმანელი და ქართველი მეცნიერების ერთობლივმა ჯგუფმა მდინარე კაზრეთულასა და მაშავერაში წყლის ხარისხი შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ მომწამლავ ნივთიერებათა კონცენტრაცია დაბინძურების დასაშვებ დონეს 33-ჯერ აჭარბებდა. წყალი ტოქსიკურია, ხილი და ბოსტნეული - მოწამლული. მოსახლეობა დაავადებულია სხვადასხვა სახის დაავადებით.

ექსპერტები აცხადებენ, რომ კომპანია “მადნეულის” მიერ გახსნილი ახალი საბადო ისე ახლოსაა სოფელ ბალიჭთან, რომ სოფელს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. სპეციალისტების თქმითვე, ნედლეულის მოპოვებას თან ახლავს ურანის გარკვეული რაოდენობის გამოყოფა და ადვილი შესაძლებელია, სოფელში სერიოზული მეწყერი წამოვიდეს და მთელი სოფელი აღიგავოს პირისაგან მიწისა.

ნოდარ ჩხუბიანიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის გამგე, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი: “საწარმოში არ გვიშვებენ, ყველაფერი დახურულია და გასაიდუმლოებულია. რამდენიმე წლის წინ, მაინც შევძელით სპეციალისტებმა წყლის სინჯების აღება. აღმოჩნდა, რომ მდინარე კაზრეთულასა და მაშავერაში, ერთ ლიტრ წყალში ერთი გრამი სპილენძი, 0,5 გრამი თუთია და 0,7 გრამი კადმიუმია. ეს საგანგაშო მდგომარეობაა. აუცილებელია მდინარეების დასუფთავება. ისეთ საწარმოებს, როგორიც “მადნეულია”, აქვთ ვალდებულება და რეგლამენტი, რომ კუდები, რომლებიც კარიერებს მოჰყვებიან, რკინის ფხვნილით უნდა დაამუშაონ, მაგრამ “მადნეულში” ეს არ ხდება. ადრე აღნიშნული ფხვნილები რუსეთიდან ჩამოდიოდა და პროცესი უმტკივნეულოდ და სუფთად მიმდინარეობდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში გავრცელებული და აპრობირებული მეთოდი ელექტროდიალიზი - მემბრანული ტექნოლოგიაა, რისი გაკეთებაც მარტივია და შედარებით იაფიც ჯდება. მეცნიერებს ეს მეთოდი დამუშავებული გვაქვს, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საწარმოში შეღწევა ვერ მოვახერხეთ. ბევრჯერ მივმართეთ სამინისტროსაც, მაგრამ თურმე, სამინისტროს წარმომადგენლებიც ვერ ახერხებდნენ იქ შეღწევას. კაზრეთის მოსახლეობა საფრთხეშია და სასწრაფო ზომებია მისაღები”.

ასეთი ვითარება იყო კაზრეთში წლების განმავლობაში და ახლაც იგივე გრძელდება, თუმცა, წყაროს ცნობით, ახლახან, კაზრეთს ინკოგნიტოდ პარლამენტის გარემოს დაცვის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი ეწვია. როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია: კაზრეთის ოქროს საბადო უპატრონოდ არ დარჩება. რაც შეეხება კაზრეთის ძველ პატრონს, სააკაშვილის ჟოფრეის, იგი თამაშიდან გადის...

ვინ არის სააკაშვილის ჟოფრეი

ამ რიტორიკული შეკითხვის პასუხი ყველამ ვიცით - სააკაშვილის ჟოფრეი და სააკაშვილის ვნებების დამაცხრობელი კობა ნაყოფია გახლდათ, კაცი, რომელიც პრეზიდენტს ყველა სურვილს, ახირებასა და ხუშტურს უსრულებდა. მშვენიერი “ანჟელიკაც” (შერონ სტოუნი) კი ჩამოუყვანა და სასახლეში მიჰგვარა. ერთგულებაც ასეთი უნდა და მადლიერმა პრეზიდენტმა, პატრიოტიზმისა და ბიზნესში ახალი სტანდარტების დანერგვისთვის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი უბოძა თავის ჟოფრეის.

და მაინც, ვინ არის პატრიოტი ბიზნესმენი კობა ნაყოფია, სააკაშვილის ჟოფრეი და დიდი ალქიმიკოსი?! 

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველოში ჯერ ბენდუქიძე ჩამოდის ექვსნიშნა საბანკო ანგარიშებით - კაცი, რომელმაც რუსეთის ატომურ ქარხნებზე ბიზნესი აიწყო და დიდი ავტორიტეტიც მოიხვეჭა ყველგან, რუსეთის გარდა. საქართველოში ჩამოსვლის დროს, ბენდუქიძე უკვე ლიბერტალიანელია და დიდი გავლენა აქვს დასავლეთის ბიზნესმენთა მაღალ ეშელონებში. რუსები საკმაოდ გვიან მოვიდნენ აზრზე, რომ ბენდუქიძემ ნაწილ-ნაწილ დაშალა რუსეთის ატომური ინდუსტრია და ამით მილიონები იშოვა. რა თქმა უნდა, იმაში ცუდი არაფერია, რომ რუსებს ატომურ ინდუსტრიაში “ბრეში” გაუჩნდათ, პირიქით, სასიხარულო და საამაყოა, რომ ეს ქართველმა მოახერხა, მაგრამ...

საქართველოში ჩამოსული ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრი ხდება და ყველა სტრატეგიული ობიექტი მისი თვალსაწიერის არეალშია. კაზრეთის “მადნეული” ამ დროისთვის უპატრონოდაა. მისი პირველი არაოფიციალური მფლობელი - ლევან მამალაძე მოსკოვშია გაქცეული.

სააკაშვილთან მოლაპარაკებისა და შეთანხმების შემდეგ, ბენდუქიძის ინიციატივით, კანონმდებლობაში იცვლება მუხლი, რომელიც აქციონერების საკუთრებას იცავდა და “მადნეულის” წილის 97% გაიყიდა (“ვარდების რევოლუციამდე” “მადნეულის” 51% სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, დანარჩენი - მუშა-მოსამსახურეების).

2005 წელს ბენდუქიძეს, როგორც ამბობენ, თავისი ბიზნესმეგობარი კობა ნაყოფია ჩამოჰყავს საქართველოში და “მადნეულს” აბარებს. ბატონ ნაყოფიას ოქროს ბიზნესის წარმოების დიდი გამოცდილება აქვს, რადგან რუსეთში ამ საქმით იყო დაკავებული და მისი საბანკო ანგარიშებიც, ბენდუქიძის მსგავსად, ექვსნიშნიანია.

ერთი სიტყვით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველოში რუსეთში გამილიონერებული ორი ქართველი ჩამოდის და საკვანძო ადგილებს იკავებს: ერთი ეკონომიკის მინისტრია, მეორე - “მადნეულის” გენერალური დირექტორი.

სხვათა შორის, აუცილებლად აღსანიშნავია ერთი ფაქტიც: პირველი, რაც კობა ნაყოფიას მიერ მოყვანილმა ადმინისტრაციამ გააკეთა, ის იყო, რომ შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაკრა: “სს “მადნეულის” დირექციას ეკრძალება მოქალაქეთა ყოველგვარი განცხადებების მიღება-განხილვა მატერიალური დახმარებების, ქველმოქმედებებისა და სპონსორული საქმიანობის გაწევასთან დაკავშირებით!”

ბენდუქიძე-ნაყოფიას ტანდემი ნაყოფიერი აღმოჩნდა... საქართველოს სტრატეგიული ობიექტები მინიმალური ფასის ზღვარს ქვემოთ იყიდებოდა ვიწრო წრეში (ბენდუქიძე, ნაყოფია და მათთან დაახლოებული პირები), თუმცა ტენდერები ოფიციალურად ცხადდებოდა, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ უცხოური კომპანიები და გაცილებით მეტი ფასის გადახდას აპირებდნენ, მაგრამ ბენდუქიძის ჯადოსნობით, ყოველთვის ნაყოფია იმარჯვებდა. საინტერესოა, რატომ? სხვა კომპანიები - ამერიკული, გერმანული, იტალიური თუ ბრიტანული ხომ გაცილებით მეტის გადახდას აპირებდნენ? ამ შეკითხვის დასმა უადგილოა, რადგან ნაყოფიას სხვა ფუნქცია ჰქონდა - იგი ხელისუფლების მაღალი ეშელონის მორჩილი “მეჭურჭლეთუხუცესი” გახლდათ და უსიტყვოდ ასრულებდა პრეზიდენტის ბრძანებას.

ნაყოფია, პრაქტიკულად, პრეზიდენტზე იყო მიმაგრებული. მადა ჭამაში მოდისო, ნათქვამია და, არც ნაყოფია უჩიოდა მადას, არც პრეზიდენტზე ნაკლები ამბიციები ჰქონდა, არც ოქრო უყვარდა ნაკლებად, ბოლოს და ბოლოს, არც ტვინი აკლდა და ოქროს ბიზნესშიც დიდი თამაშები დაიწყო...

სააკაშვილის ჟოფრეის ვნებანი

ბენდუქიძე სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებს, ეკონომიკის მინისტრი, კობა ნაყოფიას თანაკლასელი, ჩოგოვაძე ხდება. “ეროვნულ ზარაფხანას” სახელი ეცვლება და “საიუველირო ნაწარმის ქარხანა” ეწოდება. “ეროვნული ზარაფხანა” სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტი იყო, სახელის შეცვლით ყურს აღარ ჭრიდა და ეროვნულობის სტატუსიც მოეხსნა (მოფიქრება არ უნდა?! - მარტივი და გენიალურია), რომელსაც კობა ნაყოფია, რა თქმა უნდა, როგორც იტყვიან, კაპიკებში ყიდულობს. “ეროვნული ზარაფხანა” 4-სართულიანი შენობაა, თავისი დამხმარე სათავსო-ნაგებობებით, ძვირადღირებული დაზგა-მანქანებით, ოქროსა და ძვირფასი თვლების მარაგით და მიწის 30 000 კვ.მ. ნაკვეთით.

ნაყოფია ქართული ოქროს წარმოებას იწყებს და წერილობით ადასტურებს თავის სურვილს (წერილი ეკონომიკის სამინისტროში გაიგზავნა). სინამდვილეში კი, როგორც შემდეგ გაირკვა, ნაყოფიას ჯგუფს ინდოეთსა და არაბეთიდან ჩამოჰქონდა იაფფასიანი ოქროს ნაკეთობები და “ზარაფხანის” დამღით ქართულ ნაწარმად ასაღებდა. “მადნეულში” მოპოვებული მაღალი ხარისხის ოქრო კი, უცხოეთში გაჰქონდა.

ნაყოფიას, მართლაც, შესაშური ნიჭი აღმოაჩნდა ბიზნესში, რომლის სქემების გაშიფვრაც იოლი არაა, რადგან ოფშორული ზონების ჩათვლით, ლამის მთელ მსოფლიოშია მოდებული შვილობილი კომპანიები. ფინანსების გადარიცხვა-გადმორიცხვისათვის თვალის მიდევნება მხოლოდ პროფესიონალს თუ ხელეწიფება და ისიც, ნაყოფიაზე მეტი თუ არა, ნაკლები კრეატიული აზროვნების არ უნდა იყოს.

ერთი სიტყვით, სააკაშვილის ჟოფრეის მაღალინტელექტუალური ბიზნესვნებანი ბენდუქიძისას არ ჩამოუვარდებოდა. უფრო მეტიც, ბევრ რამეში გაასწრო კიდეც და ბენდუქიძესა და ნაყოფიას შორის, როგორც ამბობენ, შავმა კატამაც გადაირბინა. ამის შემდეგ, ძალიან მალე, ნაყოფია უშუალოდ სააკაშვილის პირადი მრჩეველი და დამფინანსებელი გახდა, ბენდუქიძე კი, აიძულეს სცენა დაეტოვებინა და კულისებში გადაენაცვლა.

ცნობილია, რომ ჰოლივუდის მიერ გადაღებული “აგვისტოს 5 დღე” ნაყოფიას დაფინანსებულია, თავად ბატონი კობა იყო ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი. ოფიციალური განცხადებით, ამ ფილმზე 20 მლნ. დოლარი დაიხარჯა. ცხადია, 20-მილიონიანი ბიუჯეტი ჰოლივუდური სტანდარტებისათვის არაფერია, სასაცილოც კი არის და ამიტომაც, ფილმმა არ გაამართლა. ისე, ფილმის პრემიერა, სისხლიანი 26 მაისიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ძალიან პომპეზურად ჩატარდა და მოწვეულ სტუმრებს შორის თვით “ძირითადი ინსტინქტის” გმირი, შერონ სტოუნიც კი იმყოფებოდა. თავის დროზე მსოფლიოს ნომერ პირველი სექსსიმბოლო შერონ სტოუნი ისეთი პატივითა და ანთებული თვალებით მიიღო პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომ ქალბატონი შერონი თვალსა და ხელს შუა, ლამის 19 წლის გოგონად იქცა და სულ დაავიწყდა, რომ 50 წელსაა გადაცილებული. შერონ სტოუნის ჩამოყვანაც ნაყოფიას დამსახურებაა. ესეც შენი ჟოფრეი - მეფეს ანჟელიკა აახლა?!

ისე, როგორც ამბობენ, პრეზიდენტი სააკაშვილი ყველა თავის ფავორიტ ქალბატონს ოქროს სამკაულს ჩუქნიდა, რომლებითაც თავისი ჟოფრეი, ანუ ნაყოფია ამარაგებდა. ნამდვილ ოქროს სამკაულებს აძლევდა ნაყოფია თუ “პადძელკას”, არავინ იცის. რომელი ქალი გაბედავდა, პრეზიდენტისთვის ეთქვა, შენი ნაჩუქარი სამკაული ნამდვილი ოქრო და ბრილიანტი არ არისო, ან რატომ შეეპარებოდა ეჭვი პრეზიდენტის საჩუქარში?

ეს ისე, პატარა ბელეტრისტიკული გადახვევა...

მოკლედ, პრეზიდენტმა ამაგი დაუფასა თავის ჟოფრეის და ბატონი ნაყოფია მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, მაგრამ “დიდხანს ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა”. ჰოდა, სააკაშვილის მმართველობის დასასრულს, ნაყოფია პრეზიდენტის კარზე, როგორც ამბობენ, პერსონა ნონ გრატად იქცა. ამის მიზეზი კი, თურმე, ისაა, რომ ჟოფრეი მიშას დაფინანსებაზე უარს ეუბნება. იმასაც ამბობენ, რომ ნაყოფიას “მადნეულისა” და “კვარციტის” ლიცენზიები პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე ჩამოართვეს, თუმცა ჟოფრეი გონიერი კაცია და მანამდე მოუსწრია “მადნეულში” მოპოვებული ოქროს ოფშორული ზონებიდან ლონდონის ბირჟაზე გაყიდვა...