"კოალიცია "ქართულ ოცნებაში" კარგი სამუშაო გარემოა. ჩვენ სწრაფად მოგვიწია საარჩევნო კამპანიის რეჟიმიდან ქვეყნის მართვის რეჟიმზე გადასვლამ. მიუხედავად ამისა, კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ამ მოკლე პერიოდში მოახერხა, ქმედითი ნაბიჯები გადაედგა ქვეყნის განვითარებისა და თავდაცვის მიმართულებით. მადლიერი ვარ პრემიერის, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების იმ გეგმას, რომელიც მე შევთავაზე. ჩემი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა კიდევ უფრო საქმიანი და მჭიდრო გახდა", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "გიგი კალანდაძემ ირაკლი ალასანიას ვალების გადახდა სთხოვა?!".
"ამ ბოლო დროს რატომღაც დამკვიდრდა ტენდენცია, რომ ვიღაცები ექსპერტებად წარმოაჩენენ ხოლმე თავს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანის "ექსპერტული დონით" ხშირად იმედგაცრუებული ვრჩები. მოსახლეობას ვთხოვ, ნუ ენდობიან მსგავს "ექსპერტულ" პროგნოზებსა თუ დასკვნებს. ეს ყველაფერი სრული აბსურდია - არ ვაპირებ კოალიციის დატოვებას და მით უმეტეს "ნაციონალებთან" რაიმე სახის პოლიტიკურ თანამშრომლობას. ამ სისულელეებზე ლაპარაკიც კი ჩემთვის მიუღებელია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.
"თუ ვინ იქნება "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი, ჩვენთვის ეს საკითხი არ არის პრიორიტეტული. თავდაცვის სამინისტროში უამრავი პროექტია განსახორციელებელი, რომელიც ჯარისკაცის უფლებებს დაიცავს და უკეთესი პირობებს შექნის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით. ჩვენი ვალია, ის საკითხები მოვაგვაროთ, რომელთა გადაწყვეტასაც მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ვპირდებოდით. სწორედ ამას აკეთებს ახალი ხელისუფლება და ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, ამ ეტაპზე ნაკლებად საინტერესოა. არ გვინდა ვიჩქაროთ, თუმცა, კოალიციაში ამ საკითხს ერთად განვიხილავთ და შეჯერებულ გადაწყვეტილებას საჯაროდ განვაცხადებთ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ნაციონალები" ღია კარს ამტვრევენ. ახალმა ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯები გადადგა ამ კუთხით, რომ არათუ გადაუხვია იმ კურსს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ რამდენიმე წლის წინ აიღო, არამედ კიდევ უფრო მაღალ რანგში წარმოაჩინა ევროპასთან ინტეგრაცია. ჩემთვის სრულიად გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება 19 აპრილს აქციის ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის განმავლობაში ხალხის განსხვავებულ აზრს ფეხქვეშ თელავდა, ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, მივცეთ მათ სრული გარანტია იმისა, რომ 19 აპრილს აქცია მშვიდობიანად ჩაივლის. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული", - ამბობს ირაკლი ალასანია.
"იმას, რომ მოხდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს აგრესია მოდიოდა რუსეთის სახელმწიფოსგან, არავინ უარყოფს. არც ქართულ და არც სხვა ქვეყნების საზოგადოებას ეს საკითხი სადავოდ არასოდეს გაუხდია. რაც შეეხება კითხვას - შეგვეძლო თუ არა ამ ომისთვის თავის არიდება? - დიახ, შეგვეძლო, რუსეთის მიერ დაგებულ მახეში თავი რომ არ გაგვეყო. და კიდევ, ხელისუფლებას უნდა გაეთვალისწინებინა, უნდა სცოდნოდა საკუთარი ჯარის შესაძლებლობანი. რატომ არ იყო კომუნიკაცია, მართვა და კონტროლი ისეთ დონეზე, რომ არ შექმნილიყო ამ მხრივ პრობლემა? რატომ არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია ქართული სოფლებიდან, რატომ არ იმუშავა რეზერვმა, სად წავიდა ის 8 მილიარდი, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ თავდაცვას მოახმარა? არა მარტო პრეზიდენტი, ამ ომთან დაკავშირებით უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინ საომარ სიტუაციებში გადაწყვეტილებებს იღებდა", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას -"გავრცელდა ასეთი ინფორმაციაც - თითქოს ციხიდან გამოსვლის შემდეგ კალანდაძე კაბინეტში გესტუმრათ შემდეგი წინადადებით - ვალებს თუ გადამიხდი, თქვენს მხარეს ვიქნები და ახალაია-სააკაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას ჩვენებას მივცემო" - პასუხობს:
"არ ვიცი, საიდან გაქვთ ეგ ინფორმაცია, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ".